არის კისკისი და ფერადი მარაოები ..
არის კისკისი და ფერადი მარაოები. მონეს ქალები და კაცები, მწვანეზე მსხდომი. არის ნიავი. არის განცდა ამაოების. არიან მთების მწვერვალები, ტბაში ნასხლტომი. ცისა და ქვეყნის შენივთება, გაიგივება. განმარტოება. მუხის ძირას ნაპოვნი ჩერო. ჩეროში ჯდომა. მოგონება და მზის სხივები, მწვანე ფოთლებში შერეული, რომ დაიჯერო, რომ ფოთლებია თეთრი-თეთრი, რომ დღე მოეშვა, რომ ფოთლებს შორის ჩამდგარ შუქში მომავალს ხედავ, რომ ამ შუქს მიღმა დგას და გიხმობს სიოქროვეში დიდი ხნის წინათ გარდაცვლილი ყმაწვილი დედა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი