ბოლოს ზღვის ნაპირზე ვიჯექი ქვიშაში ..
ბოლოს ზღვის ნაპირზე ვიჯექი ქვიშაში. მანამდე მეძავთან ერთადაც ვივახშმე, რომელიც წარსულში უყვარდა მეკობრეს. მივფრინავ. ხსენებაც არ მინდა მეგობრის. ჩემ უკან რჩებიან დრონი და ქარები, დარდს რომ თავს ესხმიან და ვერ აქარვებენ, პოლუსებგაყრილი ერთობით დაღლილი სქესები, ფერები, გული და მახვილი. მივფრინავ. ქვეყანა ჩემს წილ ცას მისვრიდა. მეწამულ ღრუბლებში მიმელის ისიდა. მე ოდნავ მღელვარე ზღვის თავზე მივფრინავ. სითეთრე - ქოჩორა. სილურჯე - ბიბინა. ზღვის თავზე მივფრინავ და ფეხის თითებით წყალს ისე ვეხები, როგორც გონს მითებით ეხება წარსული. ცა გადამდებია იქ, სადაც დაისის წითელი მთებია. მივფრინავ. არავინ მჭირდება. არ მინდა არავინ. გავდივარ ბედიდან, კარმიდან, იმ მხარეებიდან, სადაც წრე იკვრება და სივრცის სამსხვერპლოდ არწივი იკვლება. ჩემ უკან ექცევა ტალღების რონინი, რჩებიან სიღრმენი და საიდუმლონი, ცივი და ამაო. დროს უკან ვიტოვებ და ფრთებად ცარიელ სივრცეებს ვიტოლებ. აცივდა. მივფრინავ. ცა იისფერია. ახლა ვგრძნობ: ყოფნაში არყოფნა ერია. რაც მახსოვს, პირველად ვარ წელში გაშლილი. პირველად გაიბა სივრცესთან კავშირი. წინ ისე მივიწევ, რომ მიკვირს ცოტათი ასე რომ გამოდის, - მე ხომ ბევრს ვცოდავდი: მე ისე ვმოძრაობ სამყაროს კარავში, რომ, ფრთების არმქონე, ხელებსაც არა ვშლი. მზის ნაშთი ისევე მიაგავს ალისფერ სავარცხელს, ფაქიზად ჩარჭობილს ქალისებრ გალღობილ ღრუბელში... ფეხს ვადგამ თანამგრძნობ უნიადაგობას. გზას ფეხით განვაგრძობ. არ ჩანან ვარსკვლავნი. არ ჩანან ცთომილნი. არც ანგელოზები - ცის ძმობილ-დობილნი. მხოლოდღა ღმერთს ძალუძს ჩანდეს გზის თავდებად, როცა გზა იწყება, მიწა კი თავდება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი