გასვლა


ბნელოდა. იდგა ზღაპრული ბარდნა.
ფანჯრიდან თოვლის ნამქერი ჩანდა.
დასრულდა ქარში ტოტების ლეწვა. ...ხელს ჩამკიდებდი და გამიყვანდი
გარეთ, რომ თოვლში ერთად გვერბინა
და გვეგუნდავა... ყრუ იყო ბინა.
არ ჩანდი, რადგან ჩემი დღე გეცვა.
რადგან ჩემი დღე გეცვა - მიყვარდი.

თოვლი ზედმეტად იყო ქათქათა,
როცა ზამთარი უცებ ადგა და
შიგ თოვლში შენი თვალები ჩასვა -
წარბ-წამწამის და სახის გარეშე.
მე დავუფიქრდი ზამთრის ამ საქმეს.
ფიქრის ტკივილი აღწევდა აკმეს.
მიწევდა მე შენს თვალებთან გასვლა
ბრმად, უშენობის მთელ სიგანეში.
...ისე ღამდება, ისე თენდება,
თითქოს სანთელი ქრება, ენთება;
და მირაჟიდან კვლავ მირაჟამდე
დროის ცრემლია ყოველი წუთი.
დამშლელო შენთან ერთად აქ ყოფნის,
მარტო ჰაერი ქვეყნად არ მყოფნის!
ჭრელი ფერები და სილაჟვარდე
რად შემიცვალე სიბნელით ყრუთი?..

ფიქრი - სიჩუმის იყო სიმსივნე.
ფიქრის მესმოდა ბნელში სისინი.
მესმოდა გული და ცემა მაჯის.
ეცადე იყო ჩემზე დღეგრძელი.
მეც შევეცადე: გავედი გარეთ
კვამლივით - ყოველ ფანჯრით და კარით,
ჩავწვდი შენს თვალებს, შევედი მათში
და ატირება მათი შევძელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი