საყვარლის გახდის გამო
შენ იხდი ტანთ, და საუკუნის გახდას ვესწრები. მინავლებული ბედისწერის ღვივდება ღველფი. აკვარიუმში ხტუნაობენ ოქროს თევზები. კედლის რუკაზე შრიალებენ ცისფერი ზღვები. სართულებს შორის, ცარიელი, მიმოდის ლიფტი. და შენი ტანის ნატიფობას ესწრაფვის შრიფტი. შენ იხდი ტანთ და ჩემს აქამდე მოწყენილ თვალებს თითქოს ძეგლს უდგამ, თვითონაც რომ არ იცი, ისე. რისთვის? ისინი ვერ ნახავენ, თუ როგორ გალევს თავის გასავლელს ყოველივე ყალბი და მქისე. და მხოლოდ ერთში თუ მიუძღვით მცირედი ღვაწლი: მათში არასდროს აღბეჭდილა რისხვა და ღვარძლი. შენ იხდი ტანთ, და არა დენი, არამედ სისხლი, სისხლი მოძრაობს სადენებში კედლების მიღმა, მოტკბო-მომლაშო, ალისფერი, ნამდვილი, მკვირცხლი. ვისაც შეეძლო სამოსელთა ასეთი მიყრა ლამის ემღერა კინოლენტზე, როგორც არია, ის რეჟისორი, სამწუხაროდ, უკვე მკვდარია. იხდი, და მაღლა თაროებზე წიგნები - ნაშთი უწინდელ დროთა - იმ ამბებად ჩნდებიან, მათში, აი, საკუთრივ ამ აწმყოსთვის რომ აისახა. და ვინც მაგონებს ამა ქვეყნად მოსვლამდე ნანახ მშვენიერებას (ვერ ვიგონებ მე თვითონ რახან) და უკვდავებას ვინც მიქადის, სწორედ ისა ხარ. იხდი, და რაღაც წვეთოვანი, ფაქიზი გზებით ჩემში შემოდის, საკადრისად რაც ჯერ ვინ აქო, რასაც საკადრისს ვერც აღუვლენ, განფენილს ზევით. ვგრძნობ მე იმ მხარეს. წამი მინდა, რომ დავინახო და იქ აღმოვჩნდე... არ მეძლევა. გარბის. ვერ მიცდის. წამი მაკლდება, საყვარელო, უკვდავებისთვის. იხდი, და თითქოს ტოვებენო ტაძარს თათრები. გარეთ ხეებზე ფრინველების მძაფრი თათბირი დუნდება, წყდება. არც კეთილი და არც მრისხანე ხმა აღარ ისმის გარემოსი. აღარც მანქანებს გააქვთ გუგუნი. სასწაული ტკბილად ახანებს. მის მოლოდინში ფეხს იკიდებს სრული სიწყნარე. დღე იჭვრიტება ფანჯარაში, როგორც მნათობი, და, თბილ მინაზე შუბლმიდებულს, თანდათანობით გამოეკვეთა პირისახე. ყველა შფოთვა კი თოვლივით გადნა, ბურუსივით მიმოიფანტა. შენ იხდი ტანზე და ირხევი, როგორც ინფანტა. და თითქოს მთელი სამყაროა ერთი ოთახი. აგერ მთლიანად გახდილი ხარ! და უკეთესად ჩამდის ჰაერი. არაფერს გთხოვ, გარდა ერთისა - აქ, აქ დავრჩები, რომ დღედაღამ ვიფხიზლო და ამ ჭერქვეშ დამესვას მერე ბოლოს სიკვდილის დაღი. სხვენი სამოთხედ გარდაქმნილა. სარდაფის ცდა კი, ცდა ჯოჯოხეთად აგზნებისა, ამაო ცდაა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი