ღაღადისი


ამაწერინე ცა. უსასრულობა სტვენს. მიწა ყარს.
ამაწერინე ცა, ამოეფარა რომელიც ქარს.
მატერიაა ის, სინამდვილეა: ვარსკვლავი, ყრმა...
აგანიერებს თვალს. ქვეყნიერება ძილია ღრმა.
ცარიელია დღე. ამაწერინე ცა. როგორ გთხოვ.
ნებისმიერი. ეს. ყველანაირი შენია ხომ.
იგალობება. ჭექს. საგიჟეთებზე კარვებად დგას.
დაპირებული რბილს, დაღალატებულს დატოვებს რქას.
ვგულმოდგინეობ, ვთხზავ საცქერინებლებს ზევითკენ. ვსვამ
უფრო წყალს შუალედებში, ვიდრემდე ღვინოებს: ამ
მიდამოებში ფშაც წყალნარევია, წანწკარებს ძლივს.
უკავშირდება კვლავ უნაყოფობის მდინარეს ცივს.
ამაწერინე ცა. უმნიშვნელოა, მოხდება სად.
უმნიშვნელოა დრო. გამუდმებულად ვიქნები მზად.
მატერიაა ის. უეჭველია. რადგანაც ჩანს.
დაუვიწყარზე ფიქრს შევადარებდი. უკვდავის კანს.
ყველაფერია იქ. ხოლო აქ - აბოლებული ძნა,
ნამოსახლართა სხლტე, სარეველათი სამოთხის წვნა,
მინერალების ხრო, გამოშიგნული გონების ღრუ,
მიუვალობის ჭდე, უსუსურობის შეგრძნება ყრუ.
ყველაფერია იქ. ბედნიერი ხარ იქ. მხოლოდ იქ.
სიღრმეებიდან ცის, საიქიოდან, წკრიალა „ჭიკ"
მომასმენინე, გთხოვ, ჩიტუნიასი, რომელსაც ხმა
გააკმენდინეს ქვით. ბედნიერება არ მინდა სხვა.
საითკენა აქვს აქ საყურებელი ტეხვრაში მჯდომ
თვალებდაჭყეტილ ბუს? გაშეშებულა ფოთოლი, შტო.
გაფითრებული კლდე ურდულწაგდებულ მღვიმეებს ხსნის.
სადღაც შორს, შორზე შორს მოსახვევია მგლისფერი გზის.
სადღაც შორს, შორზე შორს ყოფიერებას შესცვლია ზნე:
აღარც ხე, აღარც რკო, აღარც რუ, აღარც ქვა, აღარც მე.
გამოსული ვარ ხომ, აყოლილი რომ არ ვიყო ჭორს?
გაუგონარი მახლობლად, გარს, რამენაირად იყავი შორს.
ყველაფერი ხარ შენ. არაფერი ვარ მე. მხოლოდ შენ.
გამოსული ვარ. უცებ. და რა? უმადურობით ვქშენ.
უმადურობით ვყეფ, ვითხოვ მეტს. გამოსული ვარ. კი.
ერთადერთია: თავს უკვდავსაყოფად ვერაფრით ვმკი.
გამოგივედი მყის. წამოვეხურე წუთებს და წლებს.
ერთადერთია: ვგრძნობ, აქაურობა უჩემოდ ძლებს.
ერთადერთია: თაყვანი ცეცხლს მდუმარებამაც სცა.
ამაწერინე ცა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი