ყინვა და პატარა მოწაფე


თოვლით დაფენილს ტრიალს მინდორსა
თითქო ღრმა ძილით ჩასძინებოდა
და ხშირსა ტყესა, ჩადრ - წამოსხმულსა,
სახე სრულიად გაშეშებოდა.

არსაიდამ არ მოისმოდა
არც ნადირთა ხმა, არც კაცთ ძახილი,
ირგვლივ ცის კიდით კიდემდისინა
იდგა სიჩუმე, ვით მკვდართა ძილი.

და ამ სიჩუმით მოცულს მინდორში
ყინვა თანდათან ძლიერდებოდა;
ხან აღმა მთებზე და ხან ჩამოღმა
იგი მეფურად დაბრძანდებოდა.

დაბრძანდებოდა და თანაც თვალსა
არ აშრებდა გატკეპნილ გზასა,
უნდოდა ძალა გამოეჩინა.
წინ დაჰხვედროდა მომავალს მგზავრსა.

აგერა კიდეც გზაზედ გამოჩნდა
ბავშვი წიგნებით იღლიაშია!
ჩქარი ნაბიჯით, ცოცხალი სახით
მიცუნცულებდა ის სკოლაშია.

ყინვამ მაშინვე მისკენ მიჰმართა
და მრისხანებით გადუდგა წინა:
,, ბავშვო, სულელო“, მსწრაფლ მიაძახა,
გირჩევ, ეხლავე დაბრუნდე შინა.

,,ჩემთან კერპობა შენ ვერ გაგივა,
მალე გეცვლება წითელი ფერი,
იცოდე, შენზე დიდებისათვის
მომიგრეხია მწარედ კისერი“.

ესმის ყველა ეს პატარა ბავშვსა,
სცივა და მთელი ტანით ძაგძაგებს,
მაინც არ სდგება, ხელების ფშვნეტით
მიხტის და ფეხებს მიაბაკუნებს...

ყინვა ბრაზდება და გული მოსდის
პატარა ბავშვის მხნეობაზედა,
უმატებს სუსხსა და ცეცხლსა ანთებს
იმის ლოყებსა და ყურებზედა.

შესწუხდა ძლიერ ჩვენი პატარა,
მთლად დაეყინა ხელი, ფეხები„
,,ვაიმე დედავ!“ უცებ გაისმა
და გადმოსცვივდა საწყალს ცრემლები.

მაგრამ მაინც კი სულ არ შეშინდა,
ფეხიც არ შესდგა, არ შეისვენა!
უცებ, რაც ძალი და ღონე ჰქონდა
მარდად მოჰკურცხლა მან სკოლისკენა.

მირბის პატარა, მირბის და... აგერ,
სკოლის ფანჯარა, ცეცხლის შუქიცა!
სულ დაავიწყდა მაშინვე იმას
ყინვაც და მისი ბაქი - ბუქიცა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი