სოფლის აშიკი
- გადირია სწორეთ ხუცესი, შუა დღეზე რეკს აუქმებისას, - ღვარძლიანათ ჩაილაპარაკა ლევანამ. - ნუ არისხებ ღმერთს! - ზაქაროს უნდოდა წელში გასწორებულიყო, მაგრამ მოხუცებამ არ აუშვა, პირჯვარი მაინც სასოებით გადიწერა, თოხის პირს მიწა მოაშორა და საჩრდილებელ ხისკენ წაჩაჩუნდა. - ამ სვრელს ამოვათავებ ერთ მუქარაზე და მეც წამოვალ... „არ-მუშა კვირა ძალსო“, - გაიფიქრა ბებერმა, მოხსნა ხარები, თოხი მხარზე გაიდო, დოქი და კალათა ხელში დაიკავა და „ეში-ეშის“ ძახილით გზას გაუდგა. .............. ლევანამ გაათავა სვრელი. სანამ უჯაათათ მუშაობდა, თითქმის არ ფიქრობდა. გარემოს, სიმშვიდე, თოხის პრიალი იყოლებდა, მაგრამ როცა გზას დაადგა, მწარე ფიქრები დააწვა გულზე: ...ეს ბოვშებიც დატიღული არიან... ერთი პერანგი მაინც მაყიდია... დედაკაცი რაღას ბუზღუნებს ნეტავი?.. ნუთუ ბებერი მოსძულდა ასე... რას ერჩის საწყალს - თავის სარჩოს ქე შოულობს... ეჰ, დავრჩენილიყავი ფოთში... ახლა ან თეატრში წევიდოდით, ან სინემატოგრაფში, ანდა, თუ აბაზიანსაც ვერ ვიშოვიდი, დავჯდებოდი ნავსადგურში და ვილაზღანდარებდი ბიჭებთან... მილეთის ხალხი ტრიალებს... ვინ რას იტყვის, ვინ რას... მარა რაღა დროის ჩემი ლაზღანდარობაა! ი ფოთშიაც არაფერი ყრია - ციებ-ცხელების მეტი. არაა ჩვენი საქმე! ჩვენ აქ უნდა ჩავძაღლდეთ, ამ ხრიოკებში!.. ლევანას ფიქრები დააფრთხო უეცარმა კითხვამ: - ბიძია, ჩემი მოზვერი არ გინახავს? - რავა სულ მოზვერს დეეძებ, შე საცოდავო?.. - მე თუ არ დევეძიე, აბა, ვინ მყავს?.. - შენი ქმარი? - ი, ი! - დაცინვით უპასუხა ქალმა. - ეგერ არ არი, შე ქალო, რას ცმუტავ! - შეაჩერა ლევანამ. - უი, მადლობა ღმერთს! შემეშინდა, კლდეში არ გადიჩეხოს-მეთქი, - დამშვიდდა ქალი... - რატომ არ შემოივლი ჩვენკენ?.. - ჰკითხა უნებურათ ლევანამ. - ბიცოლა მიწყრება... წინაზე დგიმი მთხოვა და ვერ მივეცი, მე თვითონ მქონდა ძაფი გაბმული. ლევანას თითქმის იამა, რომ მისი ცოლის უკმაყოფილო იყო ეს ქალი. ვიწრო, ხეებჩარგულ ორღობეში იყვენ. ნოტიო ადუნებდა სხეულს. - არაფერია... - ლევანამ ხელი დაადვა მხარზე. - რას შვები, ბიძია? - სადაური ბიძია ვარ შენი?.. - ერთი ბუდის არ ხართ შენ და ღენტორია? - მოიკატუნა თავი ქალმა. - ასე თუ გავყევით, რუსის ხელმწიფეც ჩემი ძმობილი იქნება: ერთის ხნისა ვართ! - იოხუნჯა ლევანამ და ქალი თავისკენ მიიზიდა. - გაგიგონია, ბეჩა, ქვეყანა დაგვინახავს... უკანასკნელმა შემჩნევამ გაახარა და გაათამამა ლევანა და ქალი გულზე მიიკრა. - უი, დამიდგა თვალი, - ჩაიფუჩუნა პასიკომ, გადახტა თხრილზე, ავიდა ბრეკზე და მაცდურათ და ფუჩუნით, ყრუთ გადმოსძახა: - ამოდი თუ ვაჟკაცი ხარ!.. ლევანა ვერ ავიდა: იქედან მართლაც ქვეყანა დაინახავდა. - გამომავლე პირში ჩალა!.. პასიკომ თითებგაშლილი ხელი ცხვირზე მიიდვა, და დაცინვით დაემანჭა. - ჩამივარდები ხელში... დაგზელ გემოზე... - თსს!.. - ანიშნა ქალმა და გაიქცა. შუკაში გამოჩდენ მეყანეები. ლევანა დაეყრდნო თოხს, ჯიბიდან ამოიღო დაგრეხილი თუთუნი და ჭრა დაუწყო. - გამარჯობა ლევანს! ვის უცდი, კაცო? - გაგიმარჯოთ!.. აგერ ღენტორიას დედაკაცი იყო და - ჩემი მოზვერი ხომ არ გინახავსო, მკითხა... ხალხო, იმ ჩვენს წისქვილს რა ვუყოთ? - რა უნდა ვუყოთ, ძმაო?! საერთო ყანა ჯოგმა მოჭამაო, ხომ გაგიგონია... - დიმიტრიე არ გვიდგება და რას უზამ! - რატომ არ გვიდგება? - რატომ და უნდა ჩვენ ხელი აგვაღებიოს. - რას მეიგებს მერე? - იმას მეიგებს, რომ სხვა მონაწილეებს ეიყვანს უფრო ხელსაყრელი პირობებით... თხრილი გაყვანილია, სათავეს მხოლოთ შეერთება სჭირია და ჩვენ თუ მივატოვეთ, ყველა მისცემს ორ წილს. - მერე ჩვენი პირობა... - ჰოდა... - მევილაპარაკოთ, ხალხო, ხვალ ნაწირვებს ვკითხოთ, რას აპირებს ი კაცი... მუსაიფით მიდიოდენ შინისკენ სოფლელები. .............. - დიდები ქე წევიდენ შინ და ჩვენ უნდა ვუყურყუტოთ აქ მზის ჩასვლამდის! - შესჩივლა პატარა გოგომ ოდნავ უფროს ბიჭს. - ტყუილა გაჭმევს დედა მჭადს? - ბრძნულათ დაარიგა ბიჭმა. - მოდი ერთი კენჭობია ვითამაშოთ... - მე ჩხირობია მინდა... - კარგი, - დაეთანხმა გოგო. - აი, თქვე კატის კნუტებო! - მიაყვირა მათ მომავალმა ზაქარომ. - ვერ უყურებთ, ცხვარი რომ ღომს შესევია?!. პატარა ბიჭი ფეხზე წამოიჭრა: - ოი, შენ კი გასივდი, შენ! - დასწყევლა ღომზე მიმდგარი ვერძი, და პატარა ქვა ისე მოხერხებით ესროლა, რომ ცხვირში მოარტყა. ცხვარი წაფორხილდა. ბავშს შიშის ზარმა დაჰკრა, მაგრამ გული არ გაიტეხა და ისევ მიაჯოჯოხეთა. გარეტიანებული ცხვარი ერთხანს კიდევ იდგა უძრავათ, ბოლოს დაიფრუტუნა და კვინტრიშით ქვე დაეშვა. მას სხვებიც გამოყვენ. - უი, მგელმა კი შეგჭამათ! მაღლობიდან ბავშმა მიმოიხედა. - ბაბია! - უნდოდა დაეძახა, მაგრამ სანახაობა არ ეჭაშნიკა. - ვისაა, რომ ეხუტება? იმე, პასიკო!.. ცქერის შერცხვა; უკან დაბრუნდა; გაგულისდა; თითქოს გასივდა; უნდოდა ჯავრი ეყარა. - რატომ არ წეეთრევი შინ? - მრისხანეთ დაეკითხა ჯერ კიდევ ჩხირობიაში გართულ გოგოს. - დედა გამიწყრება! - გულუბრყვილოთ უპასუხა გოგომ. - იცი ვინაა დედაშენი? ბავშმა ყურები დაცქვიტა. - ვინაა? - ვინა და... - პატარა ბიჭი ეძებდა შეურაცხმყოფელ სახელს. - ციგანი არ გახსოვს, კანცელარიაზე რომ იყვენ შავ-შავი, ტიტლიკანა ბიჭები - „დერდილი, დერდილიო“, „მარჩიელ-მარჩიელო“, იძახდენ, - ისაა დედაშენი... გოგომ ვერაფერი უპასუხა; ცრემლები მოერია. - მომეცი ჩემი კენჭები. - რაო?!. - მედიდურათ დაეკითხა ბავში. - ჩემი კენჭები... - უკვე ტირილით უთხრა გოგონამ. - ა, მიუტანე დედაშენს!.. - ბიჭმა ჯიბიდან ამოიღო თეთრი მრგვალი კენჭები და მიაყარა. ბალახში ჩაცვინდა... ყველა ვერ მონახა... გოგონა ტირილ-ტირილით წავიდა თავის ბატებისაკენ. ბიჭს ერთი მუჯლუგუნის კვრაც კი უნდოდა, მაგრამ შერცხვა: პატარათ და საცოდავათ ეჩვენა. - უი, გაწყდა ქალების სინსილა! .............. ლევანა ხშირათ გადაავლებდა თვალს პასიკოს; ქალი თავისებური კეკლუცობით თავსაფარს პირზე აიფარებდა, თავს დაღუნავდა და განზე მიხრიდა; ზოგჯერ ლევანამ დრო იშოვა და მხარი გაჰკრა, რაზედაც ქალმა „ბეჩა, გაგიგონია?!“ წამოისივლა, მაგრამ ხან დაღალვამ „შუაღამეზე უცხვირპირო გოგოს ძებნას“ ძილი არჩევნია და ზოგჯერ არა-მკითხე თვალებმა შეუშალეს ხელი. რთველი მოვიდა. ლევანმა თავისი ცოლი ძმასთან გაგზავნა, რომ იგი საწნახლის გასატეხათ დაეპატიჟნა. პასიკომ ჭიშკართან ჩაიარა. - პასიკო, მოდი ერთი საწნახელი მინახე, კაი თვალი გაქვს, - დაუძახა ლევანმა და იქვე მდგომ შვილს უბრძანა: წადი, ბაბუას უთხარი, ხარები მოიყვანოს - წყალია მოსატანი. პატარა ბიჭი მიხვდა და უკმაყოფილოთ ფეხის ფლასტუნით წავიდა. - კაი მოსავალი გქონებია, კაი გამოსავალი მოგცეს ღმერთმა. ლევანამ ხელი მოკიდა. - რას შვები, ბეჩა? - და ქალი ისე ხერხიანად იზნიქებოდა, რომ უფრო ეკვრებოდა ლევანას... - მეიცა მაინც, არავინ შემოვიდეს... ლევანამ ცალი ხელით კარები გადარაზა და ცალი ხელით ეზიდებოდა. - ნელა, ნუ გადირიე... - ანეტა, ანეტა, - მოისმა ხმა. - დავიღუპე! - ქალი ხელიდან გაუსხლტა და უკანა კარებით ვენახისკენ გაძვრა. - უი, წელკავს არ გადარჩენიხარ, ვინცხა ხარ, - ბურტყუნობდა ლევანა. კარები დააკაკუნეს. ლევანამ გააღო. ლაფაროში იდგა ეკა. - ანეტა არაა შინ? - არა! არა! - მწყრალათ უპასუხა ლევანამ. მოისაზრა თუ რამე დალანდა, ეკამ ტუჩზე ხელი მიიფარა: - უკაცრავათ... ხელი შეგიშალეთ... კარანჩხეი მინდოდა გამომერთმია, ხვალ კრეფაში მჭირდება. - ეგერაა და წეიღე, - მკვახეთ დართო ნება ლევანამ. - ღმერთი მრავალ ამ დღეს გაგითენებს! - ბოროტი ღიმილით და განსაკუთრებული ხმით უთხრა ქალმა, აიღო პატარა კალათი და წავიდა. ყელმოღეღილი, შეწითლებული პასიკო რომ უკანა კარებიდან გამოხტა და ვენახში შეერია, მეზობლებმაც დაინახეს. პასიკო მწყერივით დაძვრებოდა, უნდოდა თავი უმანკოთ გამოეყვანა, თვითონ დანამდვილებით არ იცოდა, დაინახეს თუ არა. ეშინოდა მასვე გაემჟღავნებია. ბოლოს ვერ მოითმინა და ქალებთან მივიდა. - რა მიქნა, რა, იმ უსინდისომ! - ტიროდა პასიკო. - რა იყო, რა მოხდა? - მიცვინდენ ქალები. ტირილს უმატა. - დაგიჭირა? - რაკი ერთხელვე ყურში ჩასწვდათ ქალ-ვაჟის საიდუმლო, ჩაციებოდენ ქალები. - გაკოცა? - არა, ა! - უარობდა ქალი. - დაგბურჯგნა? - არა, ა!.. - აბა, რა გიქნა, შე ქალო? რაღას ტირი? - გული მოსდიოდათ ქალებს... - შემარცხვინა, კარები ჩამიკეტა... - მერე? მერე? - იწყებდენ ხელახლა გამოკითხვას თვალებდაპრაწული ქალები. - მერე ვეცი კარებს და გარეთ გამოვვარდი. - რატომ შედი, შე დალოცვილო? - გესლიანათ უპასუხებდა ეკა. - რავა შევედი?! ჭიშკარზე მივდიოდი, მომაყვირა, ანეტა გიძახისო - სცვლიდა და ასხვაფერებდა ამბავს პასიკო. ...ერთი წყალს იღებს, მეორე კოკას მხარზე იდგამს... წყაროს ფეხზე დიდი ყრილობაა. ორი ქალი ნაწრეტში რეცხს. კოკები, თუნგები, დოქები აწყვია შემოღობილ წყაროს ირგვლივ. მახლობელ ბრეკზე სხედან ქალები, უცდიან თავის რიგს. ზოგს წყალი უკვე ამოუღია და სველი ჩაფი იქვე დგას, თვითონ კი მასლაათობს. - გეიგე, ქალო, რა უქნია ლევანას? - რა, ბეჩა? - პასიკოსთვის შოუკვეთია... - უი, ბეჩა? - ი სულწამწყდარი, რაღა დროს მაგის არშიყობაა... - რავა ეგონა ანეტას? თვითონ რომ არშიყობს, ქმარმაც გეიხაროს ერთი... - ლევანას მამაც დიდი მოარშიყე იყო... - ბაბუაც! - დაუმატა სრულიად მიხრწნილმა დედაკაცმა. - კვიცი გვარზე ხტისო... - ლევანას ბაბუაც ხომ შენ არ გეარშიყებოდა, ბები? - ჰოდა, იმდენი წელიწადი გაძელი, რამდენი თავსაფარი და გულის ქინძისთავი ჩუმათ გამოეგზავნოს. - აბა, საწყობი გექნება, ბები, მომეცი ერთი. - უკაცრავათ, კი არ ვღებულობდი... უკან ვუგზავნიდი... - რაღა შენ გესეოდა ქვეყანა?! - შენ კი არ გგავდი: ქრისტეშობისთვის დღესავით ჩამოგტირის სახე, - ბოროტათ უკუაგდო გესლიანი შენიშვნა დედაბერმა. .............. - მალე მაჭამე ვახშამი, დედაკაცო, დაღალული ვარ, - უთხრა ლევანამ თავის ცოლს, როგორც კი სახლში შევიდა. ანეტა ხმას არ იღებდა და რაღაც უჯაათათ ისროდა, რაც კი ხელში მოხვდებოდა. - დედაკაცო, რა ცოდვა გაგიდიდდა, ხმას რომ არ იღებ? ახლაც პასუხი არ აღირსა ანეტამ და კერიასთან მჯდომ ბიჭს მუჯლუგუნი ჰკრა: - შე გასაციებელო, სად წაიღე ფირფიტა? პატარა ბიჭმა მარჯვენა მკლავით ყური დაიფარა, ხელი არ მტაცოს და არ ამიწიოსო, და დაიწკავლა: - რა ვიცი მე? ლევანამ თარო გააღო, ხალამში ჩაიხედა, კალათი ჩამოიღო ორკაპიდან და, როცა საჭმელი ვერაფერი ნახა, დაიღრიალა: - ქალო, გახელდი, თუ რა გემართება? ვახშამი მაჭამე, მეძინება, გესმის თუ არა? თუ არაფერი გაგიკეთებია?... - წადი შენს პასიკოსთან და ის გაჭმევს ვახშამს... - რას ბოდავ, რას ამბობ? - მე კი არ ვბოდავ, მთელი ქვეყანა აყაყანებულა... ლევანს შერცხვა, ანეტამ გულს მოიცა. - ღმერთი აღარ გწამს, შინოურებს დაერიე, ბოვშს არ ინდობ და რძლებს... - ვინ ბოვშიაო, ვინ რძალიო? - თითქოს ვერაფერი გაიგო, ბუტბუტობდა ლევანა. - ბოვშია, აბა რაა? კნუტების დაყრა რომ მოასწრო, ბოვში არაა? ღორი პირველ წელშივე თორმეტ გოჭს იზამს, მარა მაინც ერთი წლისაა... - ქალო, აღარ მეტყვი, ვის მწამობ? - ვის და მზეთუნახავს... შენმა თავის გახეთქამ! აბა, რათი მჯობია ის ჭინკასავით გატყაული, ის... ანეტამ დოინჯი შემოიდვა და ლევანას წინ გაუჩერდა. ფეროვანი მსხვილი სახე, თეთრი კისერი, აბორცვილი მკერდი, ოდნავი ნაოჭი შუბლზე და წვეთი ცრემლისა თვალზე. ლევანას მოეწონა. - ღმერთო, რჯული - არც მემტყუნოს შენთვის, არც მეფიქროს!.. - აბა რაა, სოფელ-ქვეყანა მაგის მეტს არაფერს ლაპარაკობს, - მოლბა ცოტათი ქალი. - დედაკაცები სულ ასე ჭორიკანობთ... - თვითონ უთქვამს... - ტყუილია!.. - ტყუილი კი არა - წყაროს ფეხზე ჩავარდნილა დღეს. ფეხდაფეხ მივუსწარი... ყველა მე დამცინოდა - მე რაღა შუაში ვარ!.. მე გითხარი თუ?! წაგაქეზე თუ?! - უი, ის ფრახი, ის! ვაყურებიებ სეირს! დავბეჟვავ ერთს ისე, რომ საზიარებლათ გოუხდი თავს... - დაბეჟავ, აბა... - ცოლ-შვილი ნუ დამეხოცება, დედა ნუ წამიწყდება, თუ მართლა მას უთქვამს, თმით ვათრევ... აი, უნამუსო! - აბა, ნამუსიანი რავა გამეიტანდა საქვეყნოთ თავის სირცხვილს! მარა ჩემი გაწბილება, შეწუხება უნდოდა, - ტიროდა ქალი. - დაჩუმდი ახლა, თუ ღმერთი გწამს... მე ვიცი და იმან!.. - არა, იმისი ასაგდები ვინაა, ვინ! ლევანა გვერდში მიუჯდა და ალერსი დაუწყო. კერიას სითბომ, აღელვებამ, ქმრის ალერსმა ჟრუანტელით დაუარა ანეტას... დამშვიდდა. ლევანა ლოგინისაკენ წავიდა დასაწოლათ. - ლევან!.. - ჩუმათ უთხრა ქალმა. - რა გინდა? - უჭმელი ხარ? - კი!.. ლევანამ საბანი გადასწია. - მეიცა ერთი! - რომ არაფერია!.. - მეინახება ერთი ლუკმა რამე... - დილისთვის იყოს!.. - მეიცა, მეიცა, ასე მშიერი ცოდვა ხარ... სამხარიც არ გიჭამია... ლევანამ ყალიონი გააწყო... ცარიელ თაროდან გამოძვრა მჭადის მოზრდილი ნატეხები; ზანდუკის კუნჭულში აღმოჩნდა ყველი და ორი ჯანჯუხი. ანეტა მცირე ხნით გაქრა და საიდანღაც პატარა დოქი ღვინო მოარბენია. სუფრას თავს დასტრიალებდა ალერსი. - წადი, ბიჭო, ბაბუაშენთან ნალიაში! - გაისტუმრა მამამ შვილი. ლოგინს ნისკარტი დაჰკრა წერომ. .............. - ვინაა, რომ მოიძურწება ამ ორღობეში? - შეეკითხა ლევანა. ლევანამ იცოდა, ვინც იყო, მაგრამ საბაბს ეძებდა. - ა, თქვენ ბრძანდებით, ქალბატონო? - ლევანა მიუახლოვდა, - თქვენ ბრძანდებით ისე ნამუსიანი, ისე წმინდა, რომ თავის თავზე სიცრუესაც კი იგონებთ? - მე არაფერი არ მომიგონია! გამიშვი ჩემ გზაზე, თვარა! - რაო? რაო? იქადები კიდეც! თვალების წინ აეტუზა. - მიშველეთ! მკლავს!.. - იყვირა ქალმა. „გახურებული შანთითაა ქალები დასადაღავი! რა აყვირებს ძაღლისშვილს!“ - გაიფიქრა ლევანამ და მოუქნია ხელი, მაგრამ ისე იკივლა, რომ ლევანას ხელი გაუჩერდა. ქალი მაინც დაეცა და კიოდა. მეზობლები გამოცვინდენ. - რას შვები, კაცო? - ქალია, არ დაჰკრა! - სირცხვილია! - ისმოდა ყოველი მხრით. - მომაშორეთ ეს ნამუსდაკარგული! მოვკლავ მაგ მამაძაღლს! გამიშვით!.. - ყვიროდა ლევანა, თუმცა მაინცდამაინც არავინ აკავებდა. ...ტკბილი იყო ვახშამი ლევანისას. ქმარი იქადდა, ტრაბახობდა: ვაგინე, ვურტყი, სულ თმით ტალახში ვათრიეო. გაუმწარდა ღამე ღენტორიას: - შე გლახა, შე გლახა!.. რა ქმარი ხარ! შენი იმედიც არ მაქვს, რომ დამიცავ!.. ღენტორიას ძნელად გასაგები სიტყვები: „იმისი არ იყოს, გზაზე მიდიხარ, მარგალიტათ, ვერვინ გაგაჩერებს“, - გულს უწყალავდენ შეურაცხყოფილ ქალს. .............. სოფლის სასამართლო დაცარიელდა. ორი-სამიღა დარჩა, რომელნიც უცდიდენ ხელისმოწერას, გადასაცემ უწყებას, განაჩენის პირს. მოსამართლეებმა თავისუფლათ ამოისუნთქეს და უკვე წასვლას ემზადებოდენ. - შენ რას ატუზულხარ მანდ? - ვინცხა იმისი არ იყოს, გაგვათრიეს, გაგვლახეს, დაგვაქციეს... - მეიწიე აქეთ, თქვი გასაგებათ, რა გინდა? - გასაგებათ მაგი ვერაფერს გეტყვით, - უპასუხა მეორე მოსამართლემ, რომელიც სწორეთ ღენტორიას სოფლიდან იყო... - მაგი უჩივის ლევანა ჯანგავაძეს... მაგის ცოლი გოულახავს. - შენი ცოლი გოულახავს, შენ რა მოხელე კაცი ხარ? - დაცინვით შენიშნა მესამემ, რომელიც შორეული მოყვარე იყო ლევანასი. - ვინცხა იმისი არ იყოს, მე ქმარი ვარ... - მომილოცავს! - კბილის ღრეჭით დაუკრა თავი ღენტორიას სოფლის მწერალმა. ღენტორია სრულიათ დაიბნა. მწერალს დაცინვაზე მძიმე მადლი უთხრა, - კოხტათ გამოწყობილი უცნობი მწერალი დიდკაცათ მიიღო. მოსამართლეებს სიცილი წასკდათ. - კაი ახლა, ნუ ვაწვალებთ მაგ კაცს; გამევიწვიოთ შაბათისთვის მომჩივან-მოპასუხე და მაშინ დავკითხოთ ორივეს... - ჩაერია უფრო ლმობიერი მოსამართლე. - ასე სჯობია სწორეთ... ისედაც დაღამდა! .. .............. ჭიშკრიდან მოწყენილი დაბრუნდა ლევანა. - რა იყო, კაცო? - უჩივლია იმ კახპა დედაკაცს... - უჩივლია, თვარა ციმბირში გაგვაგზავნიან! - ციმბირში არა და ერთი კვირა ქე მაყურყუტებენ ნაობახში. - აბა, - გაუკეთა გული ქმარს ანეტამ. - ერთ ხუთმანეთიანს წოვუგდებთ და გათავდა. - შენ პირს შაქარი, მარა ე ხუთი მანეთიც რატომ უნდა დავკარგოთ? - შენი ჭირიც წოუღია პასიკია გაოხრებულს!.. ეზოში ჩამოვიდა იაკოფა. მთელი სოფლის კაცთა შორის სათნოების დამმყარებელი არის იაკოფა. ჯვარს იწერს ვინმე - ის მაჭანკალია, ყიდის ვინმე - დალალობს, წაიკიდებიან - შუამავლათ გაჩნდება!.. ბუნებრივი მიდრეკილებაც აქვს სხვის საქმეში ჩარევას, თან ცოტა გამორჩენასაც ელის, გულკეთილი და ადვილათ დასაყოლი კაციც არის... მისცემ, - მადლობას გეტყვის, არ მისცემ, - არაფრათ შეიმჩნევს, თუმცა ოდესმე, სრულიათ მოულოდნელათ თავის გასამრჯელოს აინაზღაურებს: ისესხებს ფულს და მარტო თავნს გადიხდის, სარგებელი სადალალოში გამიქვითებიაო, იტყვის; იქირავებს ხარ-ურემს - და ქირას „სიტყვის მიტანაში“ ჩაითვლის, და ესეც თუ ვერ მოახერხა, ერთს მაინც გამოიბრუცება ღვინით, გაძღება ლობიოთი და მჭადით და თავის ქეიფს, დროს გატარებას საკუთარ ოჯახს ხარჯათ არ დააწვენს. ჩვეულებრივ მიკიბულ-მოკიბულ შესავალს იაკოფამ ახლა არჩია პირდაპირ დაეწყო: - რა უნდოდა, ლევან, იასოულს? - ღენტორიას ოჯახის დაქცევა! - უპასუხა ანეტამ ბრაზიანათ. - უჩივლია, ცოლი გამილახაო. - ცუდი საქმეა, - დინჯათ ჩაილაპარაკა იაკოფამ. „ახლა ყველა მოინდომებს, ხელი მეითბოს, გოუყინდა ცოლ-შვილი! - დასწყევლა გულში ანეტამ. - აზვიადებს, ასე ფიქრობს, ასიანებს ჩოვუთვლი!“ და ენით კი უპასუხა: - დაგვიტრიალდი, იაკოფა, შენებურათ... კი არაფერი გამოუვათ, მარა გვაწრიალებენ წინ და უკან ამ მუშაობის დროს... პატივისცემა ჩემი იყოს... თუ კი რამე შემიძლია... .............. პატარა ეზოში მდგომი ქოხი ქუჩას ოდნავ არის დაშორებული. პასიკო ღობეზე მიბმულ მოზრდილ ხბოს ფუჩეჩს უყრიდა. იაკოფამ საჩქაროთ მოისაზრა, ისეთი რამ ეკითხა, რაც მუშა კაცს ეხებოდა, რომ ღენტორიაც თავისკენ მიეზიდა. - გამარჯობა თქვენი! - გმადლობ, ბატონო! - უპასუხა პასიკომ. - ცელს ვერ მათხოვებთ ერთი წამით?.. „სათიბავი ბალახი ჩვენში ვის გოუგონია“, - გაიფიქრა პასიკომ, და ხმამაღლა კი დაცინვით უთხრა: - ანწლს ხომ არ უპირობ დაზვინვას? - ცელი, ვინცხა იმისი არ იყოს, - დაიწყო ღენტორიამ ოხუნჯობა, დაიღრიჯა და, სანამ დაასრულებდა, პასიკოს თავში გაუელვა: „შენ კი მოუკვდი შენს დამსმელს!“ - ...ვინცხა იმისი არ იყოს, ოცი წელიწადია არ მინახავს... - რა ვქნა, კაცო. მთელი ეზო ჟვერმა წეიღო... ვის აქვს ჩვენ მეზობლობაში? - არ მეგულება სწორეთ, - მოუჭრა პასიკომ, რომ მალე გაეგო, თუ რისთვის მოსულიყო იაკოფა. - დიმიტრას? ექვთიმიას? - იგონებდა იაკოფა. - ლევანას? ჰო, მართლა, კაცო, რა ამბავი მომხდარა? - გიჩივლია რაცხა? „შენ კი გაგიწყდა სული, აი, რისთვის მოსულხარ!“ - გაიფიქრა პასიკომ. - ვინცხა იმისი არ იყოს, დაგვანგრია, გაგვლახა, - დაიწყო გაუგებრათ ღენტორიამ, - კაცი არ ვყოფილვარ, მაგისი ყმა ვარ, უკაცრავათ პასუხია... პასიკოს ეს უბადრუკი გაცხარებაც კი სიამოვნებდა: ჩანდა ვაჟი - ქმარი... იაკოფა ისმენდა, თუმცა სიტყვებიდან ვერაფერი აზრი გამოეტანა. - რაც მოხდა, მოხდა, მარა გარიგება სჯობია... - გვირტყას და ჩვენ კი ვუთმინოთ, არა? - ჩააჯდენენ ვირის აბანოში ერთი ორი თვე და მაშინ გოვურიგდები! - დაიძახა შორიდან პასიკომ, რომელიც უკვე ძროხას წველიდა. - ორი თვეს, ჩემო შვილო, კაცი არ ჩააჯდენს ლევანას, და შენ კი სოფელ-ქვეყანაში თავი მოგეჭრება. - უკაცრავათ პასუხია, ამაზე მეტი რა დაგვემართება?.. - არა, დაუკოცნიან თვალებს, მისმა გახეთქამ, - ჩაუმატა, პასიკომ... - გამოართვი რაცხა პატარა და მიაფურთხე ეშმაკს... შენ ქე შეგეძინება, ისიც ჭკუას ისწავლის... - მომცეს... ასი... - რათ მინდა მისი ასი მანეთი! მის ცოლს ჩააკუჭოს მყრალ პირში!.. - გაკაპასდა პასიკო. - ასი თუმანი ვინცხა იმის არ იყოს... „დეითვლი, შე ღვთის გლახა, ას თუმანს?“ - გაიფიქრა იაკოფამ. გამოცდილი შუამავალი მიხვდა, რომ სანამ ცოლ-ქმარი სასამართლოში გულს არ იჯერებდენ, მანამ შერიგება შეუძლებელი იყო. - მე კი ჩემი მითქვამს, და აწი რაც გინდათ!.. აბა, ღენტორა, არსად გეგულება ცელი? - ქუთეისში, - იოხუნჯა ღენტორამ. „ფუ! - მოუვიდა გული იაკოფას, - მთლად სულელია ეს ოჯახქორი!.. ვის გამეემსგავსა? მამა კაი იყო ყაზახის პირობაზე და დედა ჭკვიანი!..“ .............. - გადით ახლა და მეილაპარაკეთ... არაფერი არ ყოფილა იმისთანა, რომ ქვეყანა ააყროლოთ... - უთხრეს მომჩივან-მოპასუხეს მოსამართლეებმა, რომელთაც ჩვენების მოსმენა ხშირათ აცინებდათ, მაგრამ ნამეტურ ღენტორიას „იმისი არ იყოს“-ს ვეღარ გაუძლეს. ლევანას იაკოფა გაჰყვა, ღენტორია კანცელარიის გვერდზე დაჯდა და ისე გულმოდგინეთ დაუწყო ჩხირს თლა, თითქოს მისგან მოელის ხსნასო. - პასიკო, შენ მოდი აქ, რაცხა მაქ სათქმელი, - გაიწვია ანეტამ მეტოქე ქალი. განზე გადგენ და მუსაიფი დაიწყეს. - ახლა რა გაგიკეთდება, ქალო, რომ ლევანა ჩააჯდინონ? - აბა, ყელი რატომ გამომჭრა? - შე ქალო, შენ კი არა, ხელმწიფის ცოლებს ეარშიყებიან კაცები... მაგათი სინსილა გაწყდა... ასე იციან... თუ მეეწონათ ქალი, - მოუქონა თავი ანეტამ. - მე რა შემიძლია, მაინც? - რა და უთხარი მოსამართლეებს, არ ვჩივი-თქვა. - იმე! - ჰოდა ერთ ხუთ მანეთიანს ქე მოგართმევ... პასიკომ დაცინვით შეხედა. - ჰო, საბუდარში ქათამი არ დაგიდებს... - ხუთი მანეთიზა ნამუსი შევირცხვინო?! - შვიდი იყოს... გეყოფა ახლა, სხვაფრივაც გამოგადგები... რაც არ უნდა წავიკიდოთ, მაინც რძლები ვართ. - შვიდ მანეთს რა უნდა ვუყო? ამ პასუხმა დააიმედა ანეტა. - რავა, შენ გგონია შენი ღენტორია წმინდანია?.. ისიც ქე არშიყობს, თუ სადმე დეიხელთა დრო. პასიკოს იამა, რომ მისი ქმარიც ვაჟკაცია და ვაჟკაცათ სთვლიან. - დოუძახე ღენტორიას, რავაც უნდოდეს... - შენ თუ ეტყვი? ვერ წაგივა... საქმე შენია... მას რა ხელი აქვს?.. - კი, მარა კაცი მაგია, მაგის საქმეა... - იაკოფა! იაკოფა! - დაუძახა ანეტამ. იაკოფა საჩქაროთ მოვიდა, ლევანაც გლურჯათ მოჰყვებოდა. - ღენტორიასაც დოუძახე. ღენტორია უარზე იყო, მარა მაინც მოვიდა. - შერიგდით ახლა, კაცო - მოყვანისთანავე ურჩია იაკოფამ. - იმის არ იყოს, რა მენაღვლება... - აბა, რას უყურებთ, წევიდეთ! - გაიწია იაკოფა. - რას გვაძლევს? - იკითხა უცბათ ღენტორიამ. - ეს ქალების საქმეა... დეეთხოვე! - მიუგო იაკოფამ; გულში გაუელვა: „უყურე ამ ღვთის გლახას! ფულის სუნი ამასაც ენას უმართავს!“ - ათასი მანეთი! - უ, გადირია?! რას ჩმახავს! მე ას მანეთათ გარტყმევიებ, რამდენიც გინდა! - მოისმა ერთად და, ცოტა არ იყოს, შეაკრთო ღენტორია... „შენ კი დამიწდი, შენ!“ - სკდებოდა პასიკო გულზე და ხმამაღლა უთხრა ანეტას: - მომეცი თხუთმეტი მანეთი! - ა, თუმანი და ხუთ მანათს, ღმერთმანი, რავაც ვიშოვი, ჩემი ხელით მოგიტან. - გაათავეთ ახლა, გაათავეთ!.. ხალხი ჩვენ გვიცდის; ისენიც წვალდებიან. მომეცი აქ ფული... ანეტამ იაკოფას ფული ხელში ჩაუდვა. იაკოფამ პასიკო ცოტა განზე მისწია და ჩუმად და საჩქაროთ უთხრა: - ა, წეიღე ახლა... ღმერთი, რჯული, ამდენითაც არ დააჯარიმებენ... და შენ ქე დარჩები პირმშრალი. - ხუთ მანეთს მომცემს მერე? - კი, კი... გითხრა და მოგცემს, აბა რას იზამს? - უკვე ხმამაღლა წარმოთქვა იაკოფამ და დანარჩენებისაკენ შემობრუნდა. - მადლობა ღმერთს, გავათავეთ... წევიდეთ ახლა კანცელარიაში. - იმისი არ იყოს... - კაი ახლა, იმისი კი არა - ჩემი არ იყოს!.. - რა ქენით? - კითხვით შეეგებენ მოსამართლენი. ყველა დადუმდა. - მორიგდენ, ბატონო! - აგაშენათ ღმერთმა! სწორედ ასე სჯობია, - თქვა ერთმა მოსამართლემ. - აბა, ჩაწერე ერთი, - მიუბრუნდა მწერალს მეორე მოსამართლე. - ერთი ჭიქა ღვინოს რომ დაალევინებდე ამ პატიოსან საზოგადოებას, არ იქნება ურიგო, - შენიშნა იაკოფამ. - მობრძანდით, ბატონო!.. რაც შემეძლება, - მიუგო ანეტამ, რომელიც სწორეთ ამ წინადადებას ელოდა. დახლის წინ ათზე მეტი ადამიანი ჩაემწკრივა. - ჩამოასხი ერთი ორი ბოთლი ღვინო, პატარა მისაჭმელიც... ნუ დამძრახავთ, ხელმოკლე კაცი ვარ!.. - თქვა ლევანამ. - კაი გული, შე კაცო, თვარა შიმშილით არავის არ შია!.. შენიშნა დაუპატიჟებელმა სტუმარმა, რომ თავისი იქ ყოფნა გაემართლებია. - აგაშენათ ღმერთმა, რომ არ გაგვაწვალეთ და არ გვაწერიეთ ოქმი და ათასი უბედურება, - დაილოცა მამასახლისმა. - არა, ასეთი ბასრი თუ იყო შენი ქმარი, კი არ მეგონა, - მაცდურათ გადახედა მწერალმა ანეტას. - უი, ღმერთი კი უშველის! - თავისებური სიკეკლუცით უპასუხა ანეტამ, თავი ჩაღუნა, თავსაფარი გაისწორა და განზე გადგა. - კიდო უნდა, სირცხვილია, - ჩაუფუჩუნა იაკოფამ ლევანას, - კისერი ვერ გეისოლა ხალხმა. - ჩამოასხი კიდო ორი ბოთლი! - რათ იხარჯები, კმარა კმარა, - „პირის მოსაწმენდათ“ ახმაურდენ მოსამართლეები. - არაფერია, თქვენი ჭირიმე, უკეთ უნდა გაგმასპინძლებოდით, შეგაწუხეთ ამ დედაკაცის გამოისობით, მარა... - აგაშენა ღმერთმა! აგაშენა ღმერთმა! ყველაფერი ბევრია ღვთის წყალობით, - ამბობდენ დამსწრენი და პატარა დუქნიდან თავდახრით გამოდიოდენ, რომ კარების კარაბასთვის თავი არ მიერტყათ. - რა გერგება? - ოთხი ბოთლი ღვინო - სამი აბაზი, ორი პური - ორი შაური, წველა ყველი - სამი შაური, - ითვლიდა ჩოთქზე მიკიტანი და საჩქაროთ მოსჭრა: - მანეთი! - მიეცი, დედაკაცო. ანეტამ ჯიბიდან ამოღებული ხელსახოცის ყური გახსნა და გადათვალა მანეთი. .............. მომჩივან-მოპასუხე და იაკოფა ერთად ბრუნდებოდნენ შინ. წინ ლევანი და მისი ცოლი მიდიოდენ, უკან - ღენტორია და მისი ცოლი, შუაში - იაკოფა. გულში კიდევ ჩარჩენოდათ ხიწვი, მაგრამ თითო-ოროლა სიტყვას მაინც ესროდენ ერთმანეთს. იაკოფა ხიდი იყო და ამიტომაც ყველაზე მეტს ლაპარაკობდა - მგონი ღვინომაც იმოქმედა. ანეტამ პირნათლათ გადიხადა ვალი. ღენტორიამ ორიოდე თვის შემდეგ ლევანასაგან იქირავა ხარ-ურემი, ორი მანეთი ვალში გამოუქვითა, მაგრამ სამი მანეთი მაინც დღემდი დარჩა. სხვისი უხერხული არშიყობით ცოტა იაკოფამაც ისარგებლა: ლევანას, არ მახსოვს, ლეკვი გამოართვა თუ ტახი ინათხოვრა; ღენტორია კი შეშის ჭრაში მთელი დღე მოიხმარა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი