მოქანდაკე


ქუთაისში დამლევ თებერვლის ნისლით ჩამობურულ ციდან წვრილი წვეთები სცემდა ბულვარის გასწვრივ ოღრო-ჩოღრო ქვაფენილზე მიმავალ შინნაქსოვ ღაზლის შალით თავმოხვეულ დაბალ ტანის ქალსა და საზაფხულო რუხ ხალათში ჩაცმულ მაღალ ახალგაზრდა ბიჭს.

ორივე დაუსველებია წვიმას, მაგრამ ქალი თუ ცდილობდა ჩქარის ნაბიჯით ეარნა, ვაჟი, თითქოს ქვებში დაგუბულ ტლაპოებს გახეულ წაღებს არიდებსო, თავდახრილი ზანტად, დაფიქრებით მიდიოდა და თან დანამულ ქუდის არშიას წამდაუწუმ ისწორებდა.

- გამეიარე, პარმენ! რავა დასაკლავი ხარივით ძლივს აბიჯებ ფეხს?!..

- მეიცა, ერთი, დეიდა, რა გვინდა...

- შენ არ მეუბნებოდი? კავშირი თუ მოინდომებს, ყველაფერი გაკეთდებაო...

- კი მარა, ის კი არ მითქვამს, მათხოვრად ვიაროთ-თქო...

- კაი ახლა, ნუ დამიწყებ ნაზობას... ვსინჯოთ, იქნებ რამე გამოვიდეს...

ასე ჯიჯღინით დეიდამ და დისწულმა ჩაუარეს ბულვარს. აუხვიეს ნახევრად დანგრეულ სობოროს, სადაც სალომემ საჩქაროთ პირჯვარი გადაიწერა, და კავშირების სახლში შევიდენ.

ორივემ წყალი ჩამოიფერთხა, და ქალმა გამვლელ-გამომვლელთ დაუწყო კითხვა, სად არის „რაბიციო“, სანამ ახალგაზრდა კაცი კარებზე ზედწარწერებს კითხულობდა.

- აქ ყოფილა, დეიდა...

ორივე შევიდა ბნელ პატარა ოთახში. იქ მარტოდ მჯდომმა კაცმა გაკვირვებით თავი ასწია და შეეკითხა:

- რა გნებავთ?

- ჩვენ გვითხრეს, რაბიციო... - დაიწყო ქალმა.

- რაბისი, - გაუსწორა დამხთურმა კიდევ უფრო გაკვირვებით, რადგან ვერ წარმოედგინა, თუ რა საქმე უნდა ჰქონებოდათ მოსულთ რაბისთან.

- დიახ, დიახ რაბისი. აი ჩემს დისწულს ძალიან უნდა ისწავლოს... აი ხატვა... კიდევ სასაფლაოზე რომ „პამიატნიკებს“ აკეთებენ...

- ძეგლებს?

- დიახ, ჰო ძეგლებს... აკეთებს კიდეც.

- ერთი სიტყვით უნდა მოქანდაკეთ გახდეს, - დაეხმარა მოხუცი... - მაგრამ ჩვენ რა შეგვიძლია? - და პარმენს შეხედა. მოხუცის ყურადღება მიიპყრო ყმაწვილის ხელში მყოფმა პატარა ქანდაკებამ. - მაჩვენეთ, ეს რაღაა? - და როცა მაგიდაზე დაუდგეს ორი მარმარილოს ქანდაკება, მოხუცმა დაკვირვებით დაუწყო ცქერა.

მოხუცი თვითონაც არ იყო ხელოვნების ამ დარგის მცოდნე და ამიტომ თავის თავს არ ენდობოდა, მაგრამ მაინც რამდენიმე კითხვა მისცა.

- სად სწავლობდით?

- ქალაქის სკოლა დავამთავრე...

- განა იქ გასწავლიდენ ქანდაკებას?

- არა, ერთ ხანს ძერწვის გაკვეთილებს თავისუფალ საათებში გვაძლევდა მასწავლებელი ქალი, მაგრამ ის რომ ავად გახდა, ძერწვის გაკვეთილები შეწყდა.

- აბა როგორ გააკეთეთ მაინც?

- ჩვენს ახლოს სასაფლაოს ქვების მთლელია ერთი, და მას უყურებდი...

- საკვირველია!.. და ასე პატარა რომ გაგიკეთებია - ეს ხომ უფრო ძნელი უნდა იყოს - ამას განსაკუთრებული, მეტად ნაზი იარაღები უნდა სჭირდებოდეს.

- დიდი მარმარილო ვერც ვიშოვე და თან დიდ ქვას კარგი იარაღები დასჭირდებოდა... ივანე ბერძენი თავის იარაღებს შინ არ მანდობდა.

- აბა რითი გააკეთეთ თქვენ?

- ჯაყვითა და მაკრატლის ნატეხით...

მოხუცმა იჭვის თვალით შეხედა. სალომეს მისი შეხედვა არ გამოეპარა:

- კი, ბატონო, კი, ერთი გატეხილი მაკრატელი მქონდა და იმითი უჩხიკინებდა, მაგიერად ამას ერთი თვე მოუნდა... - ჩაერია მუსაიფში სალომე.

- ყველაფერი კარგი, მაგრამ რაბისმა რა მოგიხერხოთ, რით დაგეხმაროთ? ამისთვის ჩვენ არც თანხები გვაქვს და არც წესდებაში გვიწერია რამე...

- თქვენ თუ მოინდომებთ, რამეს კი გვიშველით, - თავისებურათ შეაქო სალომემ.

შექების მიუღებლადაც მოხუცს უნდოდა რაიმე გამოსავალი გამოეგონა.

- წავიდეთ ერთი აღმასკომში... თუ რამე შესაძლებელია, დათიკო უარს არ გვეტყვის... - თქვა მოხუცმა და ქაღალდებს მილაგება დაუწყო... უეცრად მიუბრუნდა პარმენს და უთხრა: - გაიქეცი სახლში და შენი იარაღები აღმასკომში მომიტანე: სანამ ჩვენ მივჩოჩდებოდეთ, შენ მიგვასწრებ კიდეც... ხომ იცი სადაა აღმასკომი?

- კი, ბატონო! - და რაღაც იმედმიცემული პარმენი გაექანა. მოხუცი და სალომე ქუჩაზე გამოვიდენ. გადაეღო, მაგრამ მოხუცმა მაინც ქოლგა გაშალა.

2

აღმასკომში თავმჯდომარის კაბინეტი სავსე იყო: ინჟინერი და ექიმი, მასწავლებელი და სამხედრო პირები, პარტიულები - ყველას საქმე ჯერ კიდევ პირადათ აღმასკომის თავმჯდომარეს უნდა გადაეწყვიტა. უძინარი თავმჯდომარე, თვალებდასისხლიანებული და სახეგაბერილი მაინც ყველას უსმენდა და ზოგჯერ ალალბედზე, უფრო გრძნობაზე, ვიდრე ცოდნაზე დამყარებული, წყვეტდა მეტად რთულ კითხვებს.

რაბისის პასუხისმგებელმა მდივანმაც მიაღწია თავმჯდომარის მაგიდას, მაგრამ მის წინ ჯერ კიდევ ბევრი იდგა რიგში. ბედათ თავმჯდომარემ შეამჩნია და შორიდან შეეკითხა:

- რა უქენი, კაცო, არტისტებს, წაღები უშოვე ხომ?.. თვარა ზეგ საზეიმო წარმოდგენაა...

მოხუცმა ამ მიმართვით ისარგებლა, მაგიდასთან მივიდა და ხმადაბლა ლაპარაკი დაუწყო, შემდეგ ჯიბიდან ქანდაკებები ამოიღო და წინ დაუწყო; თავმჯდომარემ სინათლეზე შეატრიალ-შემოატრიალა ქანდაკებები, დაკვირვებით ჩააცქერდა, მაგრამ ეტყობოდა ამ საქმის არა გაეგებოდა რა, და დარაჯს უთხრა, „ჩვენს ინჟინერს დამიძახეო“.

ინჟინერი, სპეციალობით გზების მშენებელი, აქ ასრულებდა ხუროთმოძღვრის მოვალეობას, და, რაც ქვას შეეხებოდა, ყველაფერს მას ჰკითხავდენ.

- ამ იარაღითაა გაკეთებული, არ დაგავიწყდეთ! - მოძღვრავდა თითქოს მოხუცი თავმჯდომარესა და ინჟინერს.

ინჟინერის ექსპერტიზაც მერყევი გამოდგა:

- თუ ამ ბავშმა ამ იარაღებით გააკეთა, მართლა რომ დახმარების ღირსია...

- აბა, რა გითხრა, - მიმართა თავმჯდომარემ მოხუცს, - შენ თხოვნა დააწერინე მაგას... რამეს მოვახერხებთ.

მოხუცი შორს აღარ წასულა, იქვე ბლოკნოტს მოხია ფურცელი, თხოვნა დასწერა, პარმენს ხელი მოაწერინა და თავმჯდომარეს გადასცა.

- თქვენი იმედი გვაქ, ბატონო, თვარა ბიჭი იღუპება, - მოასწრო სალომემ მაინც ჩაერთო თავისი სიტყვა, თუმცა პარმენმა ჯლიქვი ჰკრა, გაჩუმდი, სირცხვილიაო...

- კი, ამხანაგო, კი, როგორმე დავეხმარებით, - მიუგო თავმჯდომარემ და მიუბრუნდა ჯარის წარმომადგენელს, რომელიც მოთმინებას ჰკარგავდა, ჯარი ჩამომიყვანია და ბინები კი არსად არისო.

- მაშ გამოვა რამე? - ეკითხებოდა კიბეზე მოხუცს სალომე.

- უსათუოდ... დათიკოს ტყუილად არ უყვარს ლაპარაკი, - აიმედებდა მოხუცი.

აღმასკომის კარებთან სალომე და პარმენი მოხუცს გამოეთხოვენ.

მოხუცმა შურით გააყოლა თვალი დაიმედებულ დეიდა-დისწულს - მას მოაგონდა, რომ ოდესღაც მასაც ჰქონდა ოცნება ყოფილიყო პაგანინი ან ბეთჰოვენი, მაგრამ არვინ გამოჩნდა ხელი შეეწყო და ნიჭი ყოველდღიურმა ჭირვარამმა შესჭამა, მისწრაფება წლებმა გასრისა და დარჩა მხოლოდ აწ უკვე შეთეთრებული, გრძელი, ბოლოებში ოდნავ დაკლაკნილი, შეთხელებული თმა, მეოცნებე ფართო თვალები და ჩვილი გული.

**

სალომემ და პარმენმა ვერ მოასწრეს თავისი იჭვი და იმედი ერთმანეთისათვის გაეზიარებიათ, რომ გზაზე მათ შეეფეთა მეზობელი ქალი:

- ჩემი ნატო არ გინახავთ?

- არა... რა მოხდა? - შეეკითხა სალომე.

- ჩემი სიკვდილი და თვალის დაფსება... დილას ლოგინში არ დამხვდა და აქამდის არსად არის... წერილი დაუტოვებია, მივდივარ, ნუ მეძებთო - და ქალი ისევ გაექანა.

- რიფსიმე, ბეჩა, რიფსიმე, სად მიდიხარ, მაინც არ იტყვი?..

- ჯანდაბაში, ჯოჯოხეთში, რა ვიცი, სად მივდივარ... მითხრეს აღმასკომს მიმართეო, და იქ... - და გაფოფრილი ქალი მიიმალა.

- ჰოდა, მასე უნდა მაგას!.. - ჩაილაპარაკა პარმენმა.

- რა იყო, ბიჭო, შენ მაინც არ იტყვი?

- რა და, ნატოს გათხოვება უნდოდათ თურმე... ე, ის ბანჯგვლიანი ხარაზი რომ არის, იმაზე; ნატომაც აიღო და გაიქცა...

- იმე! იმე!

- კაი ქნა სწორედ!

- ტყე-ტყე სიარული თუ კაი იყოს, მაგას არავინ მისცემდა, ნუ გეშინია, კაი ქალი სახლიდან ქუჩაში არ გამოვარდება, მარა შენ საიდან იცი ეს ამბავი? რომელი მესაიდუმლე გამოუჩნდი შენ ნატოს?

პარმენმა არაფერი უპასუხა.

სალომემ კიდევ გაუმეორა კითხვა, მაგრამ როცა მეორეჯერაც პასუხი ვერ მიიღო, გაჯავრებულმა ნაბიჯს უმატა.

- შეხედე, დეიდა, შეხედე რა მშვენიერია!

- რა, ბიჭო? - სალომემ ალმაცერად გახედა დისწულს.

- მოზვერი, დეიდა გინახავს ასეთი ლამაზი ოთხფეხი?

- კაი ახლა, დამანებე თავი! - მაგრამ თვალი მაინც გააყოლა ქუჩაზე ამაყად მიმავალ იშვიათი სილამაზის სანოგრო მოზვერს, რომელიც სამეურნეო სკოლაში მიჰყავდათ.

3

ჯაჭვის ხიდიდან სალომე და პარმენი მთაზე ზეაღმავალ დაკლაკნილ ბილიკს გაჰყვენ, ცნობილ ცაცხვების ჩრდილს გასცილდენ და ერთ-ერთ მოსახვევთან, ქუჩის პირიდან ერთსართულიან, ეზოდან კი ორსართულიან პატარა სახლის პატარა ეზოში შევიდენ.

ქვედა სართულს - პალატს, მიდგმული ჰქონდა. შეიძლება ახლაც იყოს... აი აქ გაჭირდება შესაფერი სიტყვის მონახვა... სახლი, ბინა, ოთახი, ქოხი, ფაცხა, ხულა... მე ავწერ და სახელი მკითხველმა დაარქვას: ერთი კედელი მეორე სახლის პალატის კედელია; ორ კედელს მოსახვევიდან ჩამოჭრილ ფერდობზე მიყრდნობილი ფინები შეადგენს, ხოლო მეოთხე საკუთრივ ამ შენობის კედლად განზრახული გაუთლელი ფიცრებია; ამ კედელშია ცალფა კარი, რომლის ზედანაწილში ჩადგმულია შუშა და ვითომ ასრულებს ფანჯრის მოვალეობას.

სახურავათ ყველაფერია ნახმარი: თუნუქი, ყავარი, კრამიტი, ჭურის ნამტვრევები და ხავსმოკიდებული სარები.

იატაკი აქა-იქ ამომტვრეული აგურისაა, ჭერი - ერთმანეთზე თავისუფლად მიწყობილი ფირია.

ფართობი ორი სულისათვის არ იყო მცირე, სანამ წვიმა არ ჩამოატანდა, და სალომე არ მოფენდა იქაურობას ტაშტებით, ქოთნებით, კოკითა და ტაფებით; სასწრაფოდ გადადგმულ-გადმოდგმული სკამ-ლოგინ-მაგიდა, ჩამოვარდნილი წვეთების ნაირ-ნაირი ხმა კი წამოაძახებინებდა სალომეს:

- დალახვროს ეშმაკმა ასეთი ბინა!

მაგრამ დაუზარებლივ მივარდებოდა მეზობელს, პარმენს, ან თვით ავიდოდა სახურავზე, რომ მიეწ-მოეწია სახურავის მრავალფერი მასალა: მერე კი შეუდგებოდა ოთხივე კედელზე და ჭერზე გაზეთების გაკვრას, და ამიტომაც იყო, რომ დეიდა-დისწულს მუდამ თავს დასცქეროდენ ძველისა და ახალი დროის თვალსაჩინო სულ სხვადასხვა პირები: გლადსტონი და ბისმარკი, აკაკი და ილია, ბეთჰოვენი და პუშკინი.

და ვერ შორდებოდა ბევრ ნაამაგებ კერიას, სადაც ჩამარხული იყო პარმენის ტირილი, სიცილი, სიამოვნების წამები და ავადმყოფობის ღამეები...

ბავში კი, პარმენი, ვერ დაშორდებოდა ამ საუცხოო გადასახედს: მწვანეში მიმალულ ქუთაისის სახლებს, მოსირმულ მთებს, შორიდან რომ სჩანდენ, დაკლაკნილ რიონს, ბოლოს რომ ტბებად ედებოდა დაფენილ ჭალას.... მაგრამ, რაც მთავარი იყო, ამ ეზოს თითქმის მუდამ ეფრქვეოდა ღობეში ჩატანებული ატმის, ტყემლის და ბროწეულის ყვავილები, პირველად აქ, ამ ეზოში, ამოყოფდა თავს ია და აქ კედლებს, ღობეებს, სახურავსა და კიბეებს გადახლართოდა სურო, გლიცინია და იასამანი.

დეიდა-დისწული მოუთმენლად ელოდენ აღმასკომის გადაწყვეტილებას. სალომე დღეს არ უშვებდა, რომ თუ აღმასკომში არ შევიდოდა, კარებთან მაინც არ ჩაეარა და ვინმესთვის არ ეკითხა, ჩვენი საქმე როგორ არისო. არც პარმენს დაუკლია ხელი კითხვისათვის, მაგრამ კვირა კვირას მისდევდა და გადაწყვეტილება არსად ჩანდა.

მათდა საუბედუროდ სადღაც დიდი კოოპერატივი გაძარცვეს, და აღმასკომის თავმჯდომარე იქ უნდა გაჩენილიყო, სოფლად რაღაც კამპანია იყო ჩასატარებელი, და ხელმძღვანელობა მასვე უნდა გაეწია, უეცრად ჯერ თბილისში და მერე მოსკოვში გაიწვიეს...

ვიღაც მოხელემ მთლად აურია გული სალომეს:

- გაგონილა, „გოროდის კლასი“ ძლივს გაუთავებია ბიჭს და მისი აკადემიაში გაგზავნაო, - უთხრა მან: - და ან ამ შუაწელიწადში სტუდენტის მიღება, სად ნახულაო... სჯობია, ბიჭი მოემზადოს, იქნებ სექტემბერში აქ სადმე ტექნიკუმში მიიღონ და აკადემიას რას სჩივიო...

ეს ამბავი პარმენისათვის არ გაუმხელია სალომეს, „ბავშს“ გული არ გაუფუჭდესო, მაგრამ ამ შემთხვევის შემდეგ იშვიათად მიდიოდა აღმასკომში და ცდილობდა პარმენისათვისაც დაევიწყებინა აკადემიაზე ფიქრი.

გავიდა თვე... გავიდა ორი, და აღმასკომის ამბავი თითქმის მიივიწყა ორივემ.

მას მერე, რაც ორი თვის მტირალი პარმენი თერთმეტი წლის სალომეს დასარწევად ხელში ანდვეს, ასეთ საგონებელში სალომე არ ჩავარდნილა. სამი წლის დაობლებულს, ხუთი წლის პარმენს სალომემ ხელი ჩასჭიდა და აქ, ამ ქოხში გადმოიყვანა, რომ თავი ეხსნა დაქვრივებული სიძის საეჭვო ალერსიდან და პარმენი არ ჩაეტოვებია უხეში მამის და მოსალოდნელი დედინაცვლის ხელში. გაჭირვება ათასი იყო, მაგრამ დროული, და გარსშემოევლებოდა, ახლა კი რა მოუხერხოს მოწიფულ ყმაწვილს, რომელსაც სწავლა სწყურია, გზის გაკაფვა სურს და საშუალება კი არსაიდან სჩანს. სჯობია უმაღლესი სწავლა, მაგრამ როცა მიუღწეველია, არ სჯობია დროზე ეწიოს სამსახურს?!

4

- რას უჩხიკინებ, სხვა საქმე ვერაფერი იშოვე? - ეუბნებოდა სალომე და თან მარდათ აუთოებდა გაშლილ პერანგს.

- რა იცი, დეიდა, ხელს არ გაანძრევიებ კაცს, რომ არ დასჩხავლო, - შეუღრინა ყმაწვილმა ბიჭმა, - როცა ამ ჩხიკინით ერთი ბათმანი ფქვილი მოგიტანე, მაშინ ხომ კაი იყო...

- უი, თვალები კი დამეფსო... ერთი ბათმანი ფქვილისათვის გადაგაკვდი! ბიჭო, რაცხა საქმეს უნდა ეწიო, თვარა მაგი ვერ გიშველის!..

- წიგნს მოვკიდე ხელი და წიგნზეც ასე შემომიცაცხანე...

- ჰო, წიგნი... ტიტველი დედაკაცების ყურება თუ გინდოდა...

- დეიდა, რა ტიტველი დედაკაცები... იქ შენი ღვთისმშობელიც რომ იყო დახატული.

- სუ, სუ! „შენი ღვთისმშობელი“!.. ღმერთს ნუ სცოდავ... მით უარესი, რომ ღვთისმშობელი და ვიღაც გატიტვლებული დედაკაცები ერთად მოგიყრია და იმას აშტერდები გიჟივით... ამისთანა ეშმაკეული საქმეები ჩვენ გენერალს მოკითხე...

- აბა რა ვქნა? არც წიგნი წევიკითხო და არც სურათებს დავხედო.

- ის არ ჯობია, შვილო, ვინცხა პუშკინოვი ყოფილა თუ ლერმონტოვსკი, ის წაიკითხო... შენმა მასწავლებელმა მითხრა, იმათგან დეისწავლის რუსულსო - და აგერ შეხვალ სასამართლოში, ჯამაგირი კარგი გექნება. ჩამორჩენა კიდევ მეტი.

- რუსული ვიღას უნდა ახლა, დეიდა, ვერ გაიგე, რომ ქართულად არის ყველაფერი...

- ნუ გეშინია, შენ, რუსული ყოველთვის გამოგადგება, - ოდნავ დაუკლო ხმას სალომემ.

- ვინ მომაშავებს ადგილს სასამართლოში?!. შენ ისე ამბობ, თითქოს მეხვეწებოდნენ შემოდი, შემოდიო, და მე კი უარზე ვიდგე. მომზადება უნდა, მასწავლებლის ფული უნდა, ჩვენც უნდა ვიცხოვროთ ხომ, ვინ მოგვცემს ამდენ ფულს?!.

- შენ ოღონდ მოემზადე, და არ ვჭამ, არ ვსვამ და მაგ ფულსაც, რავარც იქნება გიშოვი. გენერალთან წავალ, დევეღრანჯები და სუდის სტოლზე კი დაგინახავ.

- ვინ გენერალია, დეიდა, რას ამბობ, რა ფასი აქვს ახლა გენერალს?.. თვითონ ზის უსათუოდ და შიშით კანკალებს.

- გენერალი იქნება, თუ პოლკოვნიკი - სულ ერთია, მუხლებზე შემოვეხვევი.

- სწორედ ეს არ მინდა, რომ იშიმშილო და არც ის მინდა, მუხლებზე ეხვეოდე, ვინც არ უნდა იყოს. აგერ, ივანე ბერძენი მთხოვს, სასაფლაოს ქვებზე ანგელოზები და წარწერები გამიკეთეო.

- რას ამბობ, ბიჭო, საფლავის ქვების საკაკუნებლად გადაგატანე თავი?! რაცხა მოქანდაკეო ის კიდო მესმის, თუმცა არც ისაა დიდი ბედენა... ახლაც აღარავინ უკეთებს მიცვალებულს ქვებს, და აწი რა იქნება, ღმერთმა იცის...

- მერე რაცხა სხვა გამოჩნდება.

- ასე ალალბედზე გინდა იცხოვრო?

ამ დროს ეზოში ვიღაცამ დაიძახა:

- ეი, მასპინძელო, არ იცით, სად ცხოვრობს აქ პარმენ ფარუაძე? ერთი საათია ვეძებ იმ ოჯახქორს და არ იქნა მისი ნახვა...

პარმენი ეზოში გამოვარდა.

- მე ვარ პარმენ ფარუაძე.

- დათიკო გიბარებს.

- ვინ დათიკოა? - ვერ გაიგო პირველად პარმენმა.

- აღმასკომის თავმჯდომარე, ამხანაგო! - მედიდურად უპასუხა შიკრიკმა, რომელსაც ასეთი კითხვით თავმოყვარეობა შელახულად მოეჩვენა.

- როდის უნდა ვნახო?

- როცა გინდა - იქაა დღეც და ღამეც.

- როდის სჯობია? - შეეკითხა ლაპარაკზე გარეთ გამოსული სალომე.

- ახლა სჯობია - უფრო ცოტა იქნება ხალხი, - უპასუხა წასასვლელად გაბრუნებულმა შიკრიკმა.

ერთი წუთის შემდეგ წინ პარმენი მირბოდა და უკან სალომე მისდევდა.

სალომე თან, მგონი, ლოცვასაც კი ბუტბუტებდა.

- მოდი აქ, მოდი, ამხანაგო, შენ ცოტა შეგიჩერე პასუხი, მაგრამ მაგიერად თბილისში მოველაპარაკე... მიდი აკადემიაში კომკავშირის მდივანთან და ის ყველაფერს მოგიწყობს. ბინასაც მოგცემს. ხვალ ბუხჰალტერთან მოხვალ... მარა, სანდრო, - გადასძახა მეორე ოთახში ბუხჰალტერს: - გამოუწერე ახლავე და, თუ შეიძლება, კიდევაც მიეცი... გუშინ რომ დავადგინეთ სტიპენდიის შესახებ... ფარუაძე... ახლა შენ იცი... ჰო, ორი წასული თვის სტიპენდიას ახლა მოგცემენ... გზაზე და პირველ ხანში იქაც გეყოფა... მეტი არ გვაქვს... შემდეგ ყოველთვიურად ორმოცდაათ მანეთს გამოგიგზავნით. ჰო, ოცი მანეთი სამგზავრო მიეცი, - კიდევ გადასძახა ბუხჰალტერს თავმჯდომარემ.

პარმენმა მადლობაც ვერ მოახერხა, ხოლო, როცა ფული დაუთვალეს, სალომემ მოინდომა მადლობისთვის თავმჯდომარესთან შესვლა, მაგრამ გვიან იყო - კარები ჩაეკეტა, და იქიდან ისმოდა რამდენიმე კაცის ცხარე კამათი.

დეიდა და დისწული თითქოს სიზმარში არიანო, ისე მიდიოდნენ შინისკენ: 120 მანეთი ფული, აკადემიაში მიღება, მზამზარეული ბინა და ხუთთუმნიანი სტიპენდია - რომელ ერთისთვის უნდა გაეძლოთ!!

პარმენს იმავე ღამეს უნდოდა წასვლა, მაგრამ სალომეს საბედნიეროდ მეორე დღის საღამომდე მატარებელი არ იყო, და ქალმა გამოიჩინა თუ რა შეუძლია ადამიანს, როცა გულდაგულ აკეთებს და თავს არ იზოგავს.

ლეიბი, საბანი, ბალიში და მუთაქა დაარღვია, მატყლი დაწეწა, ბამბა გაპენტა, შალითები, მითელი, სარჩული და საპირეები, საცვლები, თეთრეული, ხალათები დარეცხა, ზოგი გადააბრუნა, ზოგი გამოცვალა, გალამბა, დააგვირისტა, წინდები განემსა, შარვალი ჩაის წყლით გაწმინდა, წაღები სასწრაფოდ შეაკეთებინა, ქუდი და ნახმარი პალტო უყიდა, ყველაფერი ზოგი მსხვილი ტილოდან მუთაქისებურ ახლად შეკერილ აბგაში ჩააწყო, ზოგი ხის ზანდუკში ჩაალაგა და, როცა პარმენი აკადემიას მიადგა, იგი არ ჰგავდა გაჭირვებულ უარარაო მოხეტიალეს, არამედ სასწავლებლად მოსულ ხელმოკლე, მაგრამ სუფთად და ყოველივე საჭირო ნივთით უზრუნველყოფილ ახალგაზრდას.

5

დეიდა-დისწულის მიწერ-მოწერა მეტად იშვიათად სწარმოებდა.

ერთს უნდოდა მეორის წერილი მიეღო, მაგრამ თვით რომ მიეწერა, თითქოს ერიდებოდა, თავი არ მოვაბეზროო, თითქოს ეშინოდა, სათქმელს მაინც ვერ გამოვთქვამო; თითქოს ყოველ მათგანს იმდენად მეტყველების იმედი არ ჰქონდა, რამდენად ხმისა და გამომეტყველების.

ამიტომ წერილები მუდამ იწყებოდა საყვედურით: „პარმენ, რა ამბავია, ერთი შენი წერილი არ მაღირსე...“ და გრძელი მოკითხვის, ათასჯერ თხოვნის, შენი ამბავი შემომითვალეო, შემდეგ მხოლოდ ორი სიტყვა ეწერა: „თუ ჩემს ამბავს იკითხავ, ქე ვარ ასე, გვარიანად...“ თითქოს პარმენს არ აინტერესებდა, თუ რა გადახდა ამ დროის განმავლობაში სალომეს, თუ რას გრძნობს, რის იმედი აქვს და სხვა.

ასე პარმენიც ჩვეულებრივ სწერდა: „დეიდა სალომე, შენი წერილი ერთი საუკუნეა არ მიმიღია... სიბერე ხომ არ შემოგეპარა, იქნებ მოგწყინდა... ცოტა კიდევ და აქეთ გადმოგიყვან... არ შემიშინდე. მე კარგათ ვარ. ეგზამენები ჩავაბარე. მოსკოვს მივდივარ“... და მეტი არაფერი.

მაშინაც კი, როცა პირველად პარმენმა 50 მანეთი გამოუგზავნა, სალომე დიდხანს ფიქრობდა, რა მიეწერა: ჯერ აპირებდა ფულის უკან დაბრუნებას - ახალგაზრდა კაცია, მასვე დასჭირდება, მე კი რად მოვიხმაროო. ცოტა იტირა კიდეც ბედნიერებისაგან. მადლითა და სიყვარულით გული ევსებოდა, მაგრამ წერილი მაინც არ გაუგზავნია, მხოლოდ ფული შორს, ზანდუკში შეინახა, ჩვრებში შეხვეული, როგორც ძვირფასი რამ საგანძური, შემდეგშიაც გამოუგზავნა ერთი-ორჯერ ოცი-ოცდაათი მანეთი და სალომემ დახარჯა, მაგრამ ის ხუთი თუმანი მძიმეთ იყო შენახული.

წელი წელს მისდევდა. ცხოვრება სწრაფად იცვლებოდა, ხოლო უცვლელათ აფრქვევდა თეთრ, წითელ და ყვითელ ყვავილს ტყემალი, ბროწეული და ატამი. შეიცვალა სალომესა და პარმენის ცხოვრებაც.

სალომე კავშირშიაც ჩაეწერა.

ერთხელ კავშირის კრებაზე სალომეს მეზობელმა გაზეთი „კომუნისტი“ გადასცა და უთხრა, წაიკითხე შენი პარმენის ამბავიო.

ვრცელი წერილის კითხვა უკვე მობეზრებული ჰქონდა, როცა წააწყდა: „სწავლის დასამთავრებლად მოსკოვში გაგზავნილი პარმენ ფარუაძის ქანდაკებაც ყურადღებას იპყრობს დინჯის მოფიქრებით, ოსტატობითა და ნაზი გრძნობით... აკლია მხოლოდ უბრალოება, რომელიც ოსტატობის სრულყოფის დამახასიათებელია...“

„მივდივარ“ - გაიფიქრა სალომემ და გაზეთი მეზობელს უკანვე დაუბრუნა.

- მომილოცავს - ეს ნამდვილი გამარჯვებაა. თვითონაც მოგწერდათ უსათუოდ. ნახავთ ხომ? ალბათ თვით პარმენმა უკვე დაგპატიჟათ, - მაცდურად დაუწყო გამოკითხვა მეზობელმა.

- როგორ არა! კი - იცრუა სალომემ, რადგან ეგონა, პარმენსაც და მასაც უარის ყოფა დაამცირებდა მეზობლის თვალში.

- როდის?

- მგონი ხვალ, - სთქვა და ენა მოიკვნიტა. როგორ წავა: ვისთან წავა? თბილისი ხომ ბალახვნის ქუჩაზე არ ძევს, რომ თავსაფარი შემოიხვიოს და გასწიოს! გზა კი იცის?! მისამართი?! მაგრამ სიტყვა წამოსცდა და ახლა უკან დახევა ხომ თავს მოსჭრიდა, თანაც ეს თბილისი არც ისე შორსაა - ხალხი ყოველდღე მიდის და მოდის. პარმენს როგორ გაუხარდება. ასეთ მის დაწინაურებასაც ნახავს, თორემ ის როდის მოიცლის... და კავშირის თავმჯდომარესთან შევიდა. მანაც ურჩია უსათუოდ წადიო, ქარხანაში წერილი მიუწერა ოთხი დღით გაანთავისუფლეთო და თან დააიმედა, თუ რამ გაგიჭირდეს, ჩვენ კავშირში შედი, ბინასაც გიშოვნიან და შენც მოგაწყობენო. სალომემ პარმენისაგან გამოგზავნილი ფული ამოიღო, თავის ახლადმიღებულ ჯამაგირს მიუმატა, პატარა ჩემოდანი ინათხოვრა და გზას გაუდგა.

სალომეს იმდენი თავსამტვრევი ფიქრი და საქმე ჰქონდა: როგორ მონახავს პარმენს, როგორ მიიღებს პარმენი, რომ ვერ ვნახო, რა წყალში ჩავვარდეო - რომ ყურადღება არ მიუქცევია არც მატარებლისათვის, თუმცა რკინიგზით პირველად მოგზაურობდა, არც მგზავრებისათვის, არც უცნობ ადგილებისა და ქალაქებისათვის და მკვდარივით ეძინა.

თბილისში კარგა ხანს მოუხდა გამოფენისა და პარმენის ძებნა.

ზოგს ვერ გააგებინა, რას ეძებდა, ზოგმა გამოფენა არ იცოდა, სად იყო, და ზოგს ეჩქარებოდა და სასწრაფოთ სრულიად გაუგებარს რასმე ეუბნებოდა, მაგრამ ბოლოს მუზეუმსაც მიაღწია და კარზე მდგომ კაცს შეეკითხა:

- პარმენ ფარუაძე აქ არის?

- ვინ პარმენ ფარუაძეა!

სალომეს ეწყინა.

- პარმენ ფარუაძე, მოქანდაკე... მისი ქანდაკებები აქ არის გამოფენილი.

- კანტორაში შებრძანდით და იქ გეტყვიან...

კანტორის კარის გაღება ვერ მოასწრო სალომემ, რომ მაგიდასთან მჯდომი პარმენი ფეხზე წამოდგა და სალომესთან მივარდა.

- დეიდა, შენ! რათ არ მომწერე, შეგხვდებოდი მაინც? - და ერთმანეთს გადაეხვიენ. სალომეს ხვევნა-კოცნა არ გაუგრძელებია, მოერიდა, ამხანაგებში პარმენი სასაცილო არ გავხადოო.

- დაჯექი, დეიდა, დაღლილი იქნები, უძინარი.

- აბა რა დამღალავდა, უსაქმოდ ვიჯექი დედოფალასავით და ვიძინე, შენმა გაზრდამ, მთელი ღამე. პარმენმა სალომე თავის ამხანაგებს გააცნო და უთხრა:

- აბა აჩვენე გამოფენა... მე სასტუმროში დავურეკავ, ოთახი მოუმზადონ...

- ბინისათვის ნუ სწუხარ, ჩვენთან წავიყვან, დედაჩემსაც იამება და დეიდაშენიც უკეთ მოისვენებს.

- არა, არა, ვანო! ჩვენ იმდენი გვაქვს სალაპარაკო... თანაც დეიდას უნდა ვაჩვენო მთელი თბილისი - ხშირად შეიძლება უდროო დროს დავბრუნდეთ შინ, და მოხუცებულ ქალებს უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენებთ...

- როგორც გენებოს... აჯობებდა კი.

სალომე და ახლადგაცნობილი შეჭაღარავებული ვანო დარბაზში გამოვიდენ და სურათებისა და ქანდაკებების დათვალიერება დაიწყეს.

- ეს მარქსია - იაკობ ნიკოლაძის, ეს - პროფესორი მელიქიშვილის ბიუსტია, მაგრამ თქვენ პარმენის ნამუშევარი ყველაფერს გირჩევნიათ... აი აქეთ მობრძანდით... ეს არის თქვენი პარმენის გამოქანდაკებული, - და მიუთითა მაღლა ხელაწეულ, ძახილით ბაგეგაპობილ, ათი-თორმეტი წლის ბიჭის მარმარილოს ქანდაკებაზე.

- ეს ბიჭი ვინაა?

- თვითონ თქვენი პარმენია ბავშობისას, ქალბატონო, - ოდნავი ნამალევის ღიმილით უპასუხა ყმაწვილმა.

ქალმა მორიდებულის ალერსით ხელი გადაუსვა ქანდაკებას, დააკვირდა, ჩაფიქრდა, მერე იჭვიანი თვალები ყმაწვილს მიაპყრო და უთხრა:

- არა, ასე თამამი და მხიარული ვერ მეყოლებოდა პარმენი - ასეთი ცხოვრება არ გვქონდა...

უბრალო ქალისაგან ასეთ გონიერ განმარტებას არ მოელოდა ყმაწვილი და ცოტა არ იყოს უხერხული ოხუნჯობის გამოსასწორებლად დაიხარა და უთხრა:

- რა თქმა უნდა, თქვენ მართალი ხართ... მე ვიხუმრე მხოლოდ, ეს ნორჩი ლენინელია, ან, თუ გნებავთ, პიონერი... ის, ვინც ამ თორმეტიოდე წლის განმავლობაში დაიბადა.

- პარმენ, დეიდაშენს ძლიერ აინტერესებს შენი მუშაობა... უამბე რამე... - მიმართა ვანომ მათკენ ჩქარის ნაბიჯით მომავალ პარმენს.

- რა ბევრი გითხრა, დეიდა, მე შენი ქანდაკება უნდა გავაკეთო.

- უი, უი! მაგი ვისღა უნდა!

- მე ურჩევ და თქვენც ძალა დაატანეთ... მე ვიცი, თქვენი რიდი და პატივისცემა აქვს პარმენს... ბელადის ქანდაკება გააკეთოს...

- არა, ვანო, არა, ამისთვის ჯერ კიდევ არ ვარ მზად... ჯერ კიდევ უნდა გავიწაფო... ეს დიდი საქმეა და დიდი პასუხისმგებლობა სდევს თან.

- ახლა რას აკეთებ, პარმენ? - შეეკითხა სალომე.

- ახლა, დეიდა, მე უნდა გამოვკვეთო ქალი - ახალგაზრდა ქალი - ჯანსაღი, ლამაზი და გონებრივად განვითარებული, რომელსაც შეეძლება სავსებით დაეუფლოს, შეითვისოს და გამოიყენოს ჩვენი წყობილება და თან გაამაგროს ჩვენი საერთო სამშობლო.

- მართლა, პარმენ, რომ არ დამავიწყდეს, რიფსიმემ მითხრა, იქნებ ნატო მომინახოო და შემარიგოო...

- ნატო აქაა, დეიდა, თუ გინდა შეგახვედრებ.

- დაგიმადლებ... ამბობენ, კარგი ქალი დარჩაო.

- დიახაც კარგი - ექიმია, დიდი ხანი არ არის, რაც ჩამოვიდა, ოღონდ არ მგონია, დედ-მამა ინახულოს, მეტად მწარე დღეები მახსოვს მათგან და მეტად გამწირეს მას შემდეგ, რაც სახლიდან გამოვიქეციო.

- ვიცი, მაგრამ - მშობლებს თითქოს სხვაგვარად უნდა მოპყრობა.

- ვინც მშობელია, მაგრამ... მაგრამ გამოფენა დავათვალიეროთ. თბილისი დიდია, და შენ ყველაფერი უნდა გაჩვენო... ხომ დიდხანს დარჩები ჩემთან, დეიდა?

- არა, მე ზეგ უნდა წავიდე.

- აჰ, აჰ, არა! მაგრამ ეს მერე ვნახოთ...

**

მთელი დღეები პარმენი დაატარებდა სალომეს, უნდოდა ყველაფერი ეჩვენებინა, რაც შეიძლება მეტი ესიამოვნებინა. ქალს, რა თქმა უნდა ბევრი რამ აკვირვებდა, მაგრამ ყველაფერზე უფრო აკვირვებდა, რომ ის, სალომე, ასე დაჰქრის ეტლით, ასეთ სასტუმროში ცხოვრობს, ასე თავაზიანად ემსახურებიან, რომ დიდი კაცები, რომელთა შესახებ გაუგონია, რომ ქვეყანას მართავენ, ჯარებს უძღვიან ასე სადად, მეგობრულათ, სრულიად თანასწორად ექცევიან. ქუთაისშიაც ასე იყო, მაგრამ იქ ხომ არავინ ეგულებოდა ისეთი დიდი კაცი.

- შენ, დეიდაჩემო, აქ უნდა დარჩე, ქუთაისმა, როგორც გეტყობა, ვერ მოგიხერხა გადახალისება.

- რა ვქნა, პარმენ, გონებით ყველაფერი ეს მესმის, კავშირში ტყვილად კი არ დავდივარ კრებებზე... მაგრამ გულით, ისე შიგნით... ვერ შევჩვევივარ.

- დარჩი, დეიდა. და ამ თბილისში გამოიცვლები - ეხუმრებოდა პარმენი.

- არა, პარმენ, მე სიტყვა მივეცი, რომ ხუთშაბათ დილით სამუშაოზე გამოვცხადდები და უნდა წავიდე კიდეც, - გადაჭრით უპასუხა სალომემ.

- რა ასეთი საქმე გაქვს მონდობილი, რომ კიდევ რამდენიმე დღით ვერ დატოვო?

- აკი გითხარი, მთელი ქარხნის სარეცხი მე მაბარია.

- მაგისაგანაც მალე გაგანთავისუფლებ - აი მოვეწყობი ოღონდ.

- გმადლობ... მარა მე უფრო მიამება, თუ შენ ცოლს შეირთავ... მე კი ზოგჯერ მოვალ და გინახულებ.

- აბა, დეიდა, ამ საღამოს შენს ნაცნობებს შეგიკრებ, ნატოს და გახსოვს ის მოხუცებული, რაბისში რომ დაგვხვდა და ისე გულმხურვალედ მოჰკიდა ჩვენს საქმეს ხელი... მან მოიპოვა, როგორც ეტყობა, თავისი სარბიელი, ლოტბარია და ხალხურ მუსიკას და მუსიკალურ იარაღებს ჰკრებს.

- მოდი, პარმენ, ამ ვახშამს ნუ გამართავ... ძლიერ ბევრი ჯდება უსათუოდ.

- თუ დარჩები...

- ვერა! ვერა! ჩემს მაგიერ კავშირის მდივანმაც მისცა სიტყვა; არ მინდა უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენო... - სალომეს, გარდა მიცემული სიტყვისა, აჩქარებდა დიდი ხარჯები, რომელსაც პარმენი ეწეოდა მისი აზრით მხოლოდ მისი გადამკიდე.

- წასვლაზე ფიქრს, უკეთესი იქნება მიამბე შენი ამბავი... რას შვები, როგორ ცხოვრობდი ეს ათი წელიწადი, დეიდა.

- მე რა მაქ ბევრი სათქმელი? ჩვენი ძველი ბინა თითქმის ძალით დამაცლევინეს - არ მინდოდა დატოვება, მაგრამ ქარხნის სამრეცხველო რომ მომანდვეს, იქ გადასვლაც მაიძულეს... დავდივარ კრებებზე... ბევრი რამ მასწავლეს... აი შენი ამბავი მითხარი, პარმენ...

- ჩემი ამბავიც მოკლეა, დეიდა: როცა აკადემიაში დამაბინავეს, მასწავლებელი მომიჩინეს, ამხანაგებიც მეხმარებოდენ, ისე რომ, შესასვლელი ეგზამენი დავიჭირე... ჯერ მსმენელად ვიყავი და მხოლოდ ორი წლის შემდეგ ნამდვილ სტუდენტად ჩამრიცხეს, განმეორებითი ეგზამენის შემდეგ.

- არ გაგჭირვებია, პარმენ? შენ მუდამ მწერდი კარგად ვარო.

- რა თქმა უნდა, გაჭირვებაც იყო, მაგრამ იოლად მივდიოდით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პატარ-პატარა სამუშაოებს მოვკიდეთ ხელი - ჩვენც ვიცოდით, რომ ახლადდამყარებულ მთავრობას მეტი არ შეუძლია, ახლა დეიდა, ასე აღარ სწავლობენ სტუდენტები...

- რა თქმა უნდა, ახლა ცხოვრება გაადვილდა, გაუმჯობესდა. - ეტყობოდა, არც ერთი არ იყო ბაასის ოსტატი.

6

სუფრას ხუთი უსხდა. მოხუცი მუსიკოსი და პარმენი არ იყვენ ღვინის მოყვარულნი. ქალებმა კი პირველი ჭიქაც არ გაანახევრეს; ვანო მაინც ცდილობდა სუფრისათვის ქართული ელფერი შეენარჩუნებინა და სადღეგრძელოებს არ აკლებდა; როცა განმეორებით სალომეს სადღეგრძელო დალია, უთხრა:

- აქ ორი მოქანდაკეა - ერთი პარმენი და მეორე თქვენ... თქვენი მადლიერი უნდა იყოს პარმენი თუ რამეს მიაღწევს... თქვენ გამოაქანდაკეთ ის პატიოსან, შრომისმოყვარე კაცად და მისი ნიჭი დაიხშობოდა, რომ თქვენ არ ამოდგომოდით გვერდში.

სალომემ მიატოვა მოხურული შალის ფოჩვების წიწკნა, ფიქრებიდან გამოერკვა და უპასუხა:

- გმადლობთ, გმადლობთ... ღირსი არ ვარ.,

- სიამოვნებით ვსვამ სალომეს სადღეგრძელოს, მაგრამ თქვენ დაგავიწყდათ მესამე მოქანდაკე, ყველაზე უფრო დიდი და მასიური, ათასებს რომ აძლევს შესაძლებლობას თავისი ნიჭი და უნარი განავითაროს, აცდენილ გზიდან რომ სწორ გზაზე გადმოიყვანს - ეს არის სახელმწიფოებრივი წყობილება და პარტიული ხელმძღვანელობა... - დაიწყო მუსიკოსმა.

- მართალია და ჩემთვის, როგორც პარტიულისათვის, განსაკუთრებით ის არის სასიამოვნო, რომ ასე ამბობენ და გრძნობენ უპარტიო ინტელიგენტები, - დაადასტურა ნატომ.

- ტოსტი ნუ წამართვით, ამხანაგებო, მე იგივე აზრი სხვა სიტყვებით მინდოდა მეთქვა, - შენიშნა ვანომ.

- მე ტოსტს არ ვაპირებ... მე მუსაიფის სახით ჩავურთე სიტყვა, - უპასუხა მუსიკოსმა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი