მოლოდინში
მიყვარს ჭექა-ქუხილი, როცა არ იცი რას მიეკედლო, როცა დიდი ხე საშიშარია - მეხი არ დაეცეს; მინდორ-ველში კი მარტოობით სული გეხუთება; გრიგალი ქარი მოტაცებას გიპირებს და თვალში გაყრის, რაც მიწას ვერ შესისხლხორცებია; ზევიდან ბნელად დაგყურებს შავი ღრუბელი, ქვევით კოჭებამდის გირტყამს ნიაღვარი. ბრძოლაა სიცოცხლისთვის, ჩქეფს სისხლი, გავიწყებს წვრილმან უსიამოვნებას, ცდილობ როგორმე სიკვდილს გადარჩე. მიყვარს მოწმენდილი ცა; ნიავი ოდნავ ეკარება შუბლს; ზურმუხტ ცას მზის შუქი აღიმებს; მწვანე ბიბინებს დამატკბობელად: ხეები ნაზათ იხრებიან, ვით „ჩამოვლის“ დროს მოლეკურე მეგრელის ქალი. ჩიტები სხვადასხვა ჰანგზე უმღერიან თავიანთ სატრფოთ; წყნარათ მიდუდუნებს აცისკროვნებული მდინარე. გიტაცებს სიამე ქვეყნისა, შენს გულს იმედს ჰგვრის ბუნების მეჯლისი; ასწილ ნეტარებით გადახდილი მწუხარება ითრგუნება, ქრება! ოხ, ბედო, რათ მაგდებ მუდამ უღიმღამო ბუნებაში! მოღრუბლულა, მხოლოდ აქა-იქ დარჩენილა მოწმენდილი ცის ნაჭერი; მიზოზინებს ღრუბელი და ოდნავ მანათობელ მთვარეს ისევ ყლაპავს თავის წყვდიადში. ვარსკვლავთ გუნდს ვერ მოსძებნი. ძირს მიწაც მიჩუმებულა, თითქოს უცდის მოწყენილი, როდის მოვა განკითხვის დღე და ფიქრობს, როგორ მოვიქცეო; ამღვრეული მდინარეც ვერ ბედავს ნაპირს დაეჯახოს, გვერდს უვლის ბუტბუტით სალს კლდეებს; იგი დროს ელის, ელის ჭექასა და გრიგალს, კოკისპირულს წვიმას, რომ ცით დაიმედებულმა სალი კლდე ქვეშ გათელოს, გზა გაიხსნას. კრულ იყოს ასეთი დრო მოლოდინისა, დრო ფერმკრთალი სიცოცხლისა!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი