მარად და მარად!
I მეკითხებით, მართალია თუ არა ქართული ანდაზა: თვალი თვალს რომ დაშორდება, გული გადასხვაფერდებაო. ცხოვრებამ ამ საკითხის შესახებ დასაბუთებული, მახვილი და საყურადღებო ტრაქტატი დაწერა. ვინმე გამოამჟღავნებს. დიდი იქნება. არ წაიკითხავთ, ვინაიდან თავს მოგაბეზრებთ. ეს მოკლე სურათი კი ნაჟურია იმ ტრაქტატის; ჭეშმარიტება აქ ხელოვნებაში ისახება; შეიძლება უფრო მოგეწონოთ. ამისთვის ვცდილობდი. მხარე აფერადებული, ვით ღარიბი დედაკაცის ჩამოთხოვილი ნაჭრებიდან შეკერილი საბნის პირი... სურათი დამთავრებული მეორე დამთავრებულს სურათის გვერდში ახლავს და უფრო ნათლად არკვევს მათს თავისებურებას... აი ცაცხვი - მწვანე, ბოხოხივით თავწვრილი და ძირგაშლილი, ამაყი და შეუპოვარი ოდნავ არხევს ფოთლებს და თავის სიდინჯითაც კი ხმაურობს... ირგვლივ კი მომწიფებული პურის ყანა ყოველი სიოს ჩამორბენაზე ოქროსფრათ ბრწყინავს, ზღვასავით ღელავს; ყანა სისინებს მხოლოდ და დაღლილობაზე, სიცოცხლის მობეზრებაზე, სიკვდილის ნატვრაზე ვერაფერს ამბობს... მთელ ყანას შემორგული აქვს ქოჩორა, ჭაღარაგარეული ტირიფი... სიცხეა, სიცხე სულშემხუთველი. ყანაში ალმური ადის პურს, გრილა ცაცხვის ძირში და ნესტია, თითქმის ცივა ტირიფთა ძირში, სადაც პატარა რუ ჩხრიალებს. რუს გაღმა სიმინდი ბიბინებს; მუხლებზე წვდება მისი წვერი პერანგის ამარა მომუშავე გამომთოხნელს. მწვანეა ყანა, ზევით ისწრაფის ჯერ კიდევ ნაზი მცენარე, ორყურა წვერი გაუშლია მზისთვის და სიცოცხლით თვრება. შორს უტეხი ტყეა. მოჩანს ნაპრალებში ჩარჩენილი თოვლიანი მთა. საამო გრეხილები ვაზის ბარდისა ზოგან შემხმარა; გაწითლებული ფოთლები ყვავილათ ეჩვენება თვალს. აგერ შუა ყანაში აღმართულა წითელი ხოფი. მთელი ეს სურათი მინიატურაა საქართველოსი. გორაკის წვერზე გადმომდგარა დედაკაცი. იგი ხელს შუბლზე იფარებს და გაყურებს სივრცეს - ეტყობა ამ მდელოთა შორის ვიღაცას ეძებს. - პასიკია, უუ! - გადასძახა ქალმა. - ა, უუ, - უპასუხა პატარა გოგონამ. - სადაა ბაბუა? - დაიკივლა ისევ ქალმა. - ახოშია, ახოში! - ისევ უპასუხა გოგომ. - წადი, უთხარი, სადილი მოუტანე მუხის ძირში... მალე-თქვა... და წყალიც ამოაცინცილე. პატარა გოგო ფეხზე წამოდგა... ფართო სახე... დიდრონი ლურჯი, ძლიერ მშვიდი თვალები... წაბლისფერი, სქელი, თავზე დახვეული და ბუნებრივის მოხდენილობით გაწეწილი თმა... სახელო აკაპიწებული, საყელოამოჭრილი ლურჯი პერანგი, რომელზედაც მხოლოდ ნაცრისფერი, მოკლე კაბის ქვედაწელი ეცვა... ტიტველი, ღონიერი და თავისუფლად ზრდილი თეთრი ფეხები... მთელი სისრულე და სილამაზე სხეულისა ზღაპრის მომხიბვლელ ტყის ქალს ამგვანებდა ბავშს. - მე ქე წავალ და შენ ნიკორას მოუარე, - უთხრა ბავშმა იქვე მჯდომ მეორე ბავშს. - კაი, მარა ქლიავი მომიტანე... - სა გიშოვო ახლა? - ალექსის ეზოში იქნება... - შენთვის დავაჭერინებ თავს სწორეთ! - აბა, ძროხას ოუშობ... - მე ლუკაიას ვეტყვი, მაკე ცხენი რომ აჭენე გუშინ... - შენი თავი და ფეხი იმას!.. - შეგარცხვინა ღმერთმა! - დაგესხა თავს ლაფი! - გაგიწყრა ღმერთი! - ღმერთიც გაგიწყრა და ხატიც, შე ეშმაკის შვილო! - მამაძაღლო! - რაო! მამაძაღლო? ამას მიბედავ! აბა ეს შენ! - და პატარა ბიჭმა ერთი ღონიერათ წაარტყა თავში გოგოს. - უი! - ისივლა გოგომ, მერე მოაგონდა, რომ აქ სივილით ვერაფერს გააწყობდა და მივარდა გააფთრებული. ქალი ადგილიდან აღარ იძროდა, კაწრავდა და თვალების ამოთხრას ცდილობდა. ვაჟი კი ხან სილას გაარტყამდა, გახტებოდა, მუშტს მოუქნევდა, მაგრამ შეეცოდებოდა და ისევ ჩხუბის გათავებას ლამობდა. მერე სტაცა თმაში ხელი და თავისაკენ მიიზიდა. ქალმა თავისი თმა ხერხიანათ გამოგლიჯა ხელიდან. მაშინ ვაჟი კაბაში სწვდა. ქალს არ ეგონა, თუ სადმე ხელი ეჭირა ბიჭს... გახტა და მთელი ზედაწელი სამოსი შუა გაიხა... ... აბორცვებული ძუძუები... ვარდისფერი ტანი, მაღალი ყელი, გაშლილი მკერდი, რომელსაც აქა-იქ თმის გველები დასრიალებდა... ყმაწვილი შეკრთა, თავი ჩაღუნა და თვალი მოარიდა. ქალიც შეჩერდა... თავისი ძალა იგრძნო... ახლა შეეძლო გაელახა ბიჭი... ვერაფერს იტყოდა... ქალს თვალების ირგვლივ გადაეფარა მუქი სილურჯე: ნაზი, ვით მილეული მთვარის ჩრდილი, ღრმა, ვით სიყვარული, ზღვისფერი თვალები ასრიალდა, გაღრმავდა, გახთა უსაზღვრო... წაბლისფერი თმა სხივს ფენდა... ცალი ხელით გახეული პერანგი ეჭირა, მეორე ხელი ძროხაზე დაებჯინა, და რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ ყანყრატო არ უშვებდა, ენას არ ამოქონდა სიტყვა... გულში კი რა არ იყო... საყვედური, მაგრამ ისე ტკბილი საყვედური... ბოდიში, რომ წინათ უთხრა საწყენი სიტყვა... სურვილი... რა სურვილი?... თანხმობა, რომ მიუტანდა ქლიავს, ყველაფერს, რაც კი უნდოდა... საკვირველია!.. რატომ? ვაჟი კი თავდახრილი იყო... რა ეთქვა? აი ახლაც, რომ შემეძლოს - ფიქრობდა იგი - მოვკიდო თმაში ხელი, მოვიზიდო ჩემკენ... ავიყვანდი ხელში... მერე... მერე... მეტი რა საჭიროა... ვაკოცებ... საკვირველია! რატომ? - მომიტევე! - ჩაილუღლუღა ბიჭმა და წავიდა. ქალი ისევ უძრავათ იდგა... ნასიამოვნები... დაუკმაყოფილებელი... ვაჟი აღელვებული, პირქუში და ნაწყენი... ქალი თორმეტი წლის იყო, ვაჟი თოთხმეტის. II ხის ძირში პასიკიას დედ-მამა იჯდა სიცხისა და მუშაობისაგან არაქათგამოლეული; გლეხი ცივ წყალს მოუთმენლად ელოდა. როგორც კი ბავში მოვიდა, მამამ მიაყვირა. - სად იყავი, ეშმაკის ფეხო? - სანამ ძროხას არ ჩაუჭერი ჩალა, მანამდის ვერ მივატიე... - იცრუა პასიკიამ. ლევანამ ხელი დაიბანა და მერე დოქი პირზე მიიყუდა და დიდხან სვა. - ამეიღე, დედაკაცო, თუ რამე გაქ, - მიუბრუნდა იგი ცოლს. ქალმა მოლზე დააწყო კეცის ჭადები, კბილა ყველი, ამოლესილი ლობიო, მწვანილი: ოხრახუში, პრასი, წიწმატი და ცარიელი კალათი ხის ტოტზე ჩამოკიდა. - ღვინო აღარ გვაქ? - დოქში რაც ჩარჩა, ქე დაძმარულა და... - მადლი აქ ღმერთს? ცოდვა არ არის დათია შალამბერიძის შვილს სასმელი ღვინოც არ ჰქონდეს?.. ვაი ბეჩა! - ღვინო კი არა, კაცო, ი ბიჭს მოუხერხოთ რამე. - რა უნდა მოუხერხო... ცივება აქ და გოუვლის. - რავა გოუვლის, შე კაცო, ასთე თავისით... სოფელ ქვეყანაში აქიმია და ფერშალი, მარჩიელია, რაცხა უნდა ვუშველოთ. - უშველე, თუ შეგიძლია!.. ვინ გიშლის? მოხუცებული კაცი ილუკმებოდა. აწკლაპუნებდა პირს; ქალები თითქოს მხოლოდ სუფრის დასამშვენებლათ არიანო, ოდნავ ახლებდენ ხელს საჭმელს. - გაგიგონია ასე უღვთოთ ლაპარაკი. ნააღდგომევს აქეთ ხან აციებს და ხან აცხელებს... შენ კი ყურს არ იბერტყ... - რას სულელობ, დედაკაცო!.. ყურს ვიბერტყ კი არა, მევიჭრი, თუ ვინმე ერთ შაურს მოგვცემს, მარა ვის ნახავ ისეთ სულელს, რომ ჩემი ყურისთვის ან ყურის ნაბერტყისთვის რამე გეიმეტოს?!. - ჰოდა, ახლა რავარც გინდა! თუ შემოგაკვდეს ხელში, შენ იყავი მისი ცოდვით სავსე. - დედაკაცო! - გააფთრდა ლევანიე, - მართლა ცოდვა არ მომანახო, თავი არ დამაბეჟიო... რომ ჩამციებიხარ, შენახული მაქ სადმე ფული და არ გაძლევ, თუ რა ღმერთი გიწყრება?!.. მარჩიელი და წამალი უფულოდ თუ მოვა, შენ რატომ არ წახვალ საშოვნელათ? ამ მოსაწყენ მუსაიფს ყურს უგდებდა პასიკია, უხაროდა, რომ მის დახეულ ტანისამოსს არავინ მიაპყრო ყურადღება და, როგორც კი მამა ადგა და პირჯვარი გადიწერა: „მიწყალე მე უფალოს“ თქმით, წამოხტა, ჩაალაგა კალათში საინები, ნარჩენი საჭმელი, და შინისაკენ გაექანა. ორი დღე ერთმანეთს არ დანახვებიან დათიკო და პასიკო. დათიკო ემალებოდა; პასიკო არ ეძებდა. მხოლოდ მესამე დღეს პასიკოს გული მოუვიდა, რათ მემალებაო. სწორეთ იმ საღამოს ჯარი იყო. დათიკომ ერთი ორი შემოუარა ირგვლივ პასიკოს, თითქოს სურს გაიგოს, იკბინება თუ არაო და მერე უთხრა: - პასიკია, ჩემი და არ გინახავს? - სცადა დათიკომ გამოლაპარაკება. - რავა არა... თებრონესთან შევიდა, ახლავე მოვა. - პასიკია... - რა გინდა? - ვიცეკვოთ ერთი... - კაი, მარა... - პასიკიას მოერიდა ეთქვა, რომ მემუსიკისთვის ფული იყო საჭირო. - ჯავრი ნუ გაქ! - თამამად უპასუხა დათიკომ: - აბა ერთი შენებურათ, თუ ძმა ხარ, ახალმოდური! - მხიარულათ გადასძახა კოჭლ მემუსიკეს, რომელიც ცეკვის სურვილის გასაღვიძებლად ხან ერთ ხმას უკრავდა ხან მეორეს. დათიკომ გადაიგდო ბაშლაყი მხარზე და თავშიშველი შეცურდა წრეში. ყმაწვილი ბიჭი თავჩაღუნული დასრიალობდა, თითქოს რცხვენია, არ იცის, ვის წინ გაჩერდეს, ვის ეთაყვანოსო; თითქოს ერიდება მაყურებლების წინაშე გრძნობის გამომჟღავნებისო; განსაკუთრებულ ყურადღებას არვინ აქცევდა; ყველა ჩვეულებრივ გულმოდგინეთ ტაშს უკრავდა, რომ დაემშვენებიათ ცეკვა და გაეთამამებიათ მოცეკვარნი. - მასე, მასე, შენ გენაცვალე, ბიჭო! - შესძახებდა ზოგჯერ რომელიმე ეშხში შესული ამხანაგი, როცა დათიკო წვერებზე შეტრიალდებოდა, ანდა მარდათ, ისე რომ ფეხი ოდნავ ეხებოდა მიწას, გაუსვამდა. დათიკო შორიდან, პირისპირ ფეხების ხელოვნური და მოხთენილი ხლართვით მიუახლოვდა პასიკოს, შეჩერდა, ისარივით წინ დაუდგა და მდაბლათ თავი დაუკრა. პასიკია განაზდა. - გადი, ჰო, - მიაძახეს ამხანაგმა გოგოებმა. - გამოდი, გვრიტო, ალალი არ გეგონოს - ლუკაიას დათიკოა! - იოხუნჯა ერთმა ახალგაზრდა ბიჭმა და ყველამ გაიცინა. პასიკიაც გამოვიდა. მორცხვობით ერთი წაუბორძიკდა ფეხი, შეკრთა, მაგრამ გაშალა ხელი, ასწია თავი, ცისფერი თვალები ცაზე მიმცურავ თეთრ ღრუბლებს გააყოლა და ვით მცურავი გედი ყელმოღერილი გასრიალდა; მალე შეჩერდა, გაშლილი ხელები ჩამოუშვა და ტაში დაუკრა თვითონ. დათიკო მის თვალწინ ტრიალებდა, ხან განშორდებოდა ისეთის რხევით, თითქოს იწევს შორს, შორს გასაფრენათო, ხან სწრაფათ მიუახლოვდებოდა, თითქოს შორს ყოფნა ვერ აიტანაო. შეჩერდა ვაჟი. ქალმა იწყო მის ირგვლივ ფრენა. ხან თითქოს უსხლტება ხელიდანო, თავდაღუნული მხარწახრილი გაექანებოდა, ხან ისევ მივიდოდა, თითქოს ამბობდა, თავს გევლები ფარვანასავითო. გულის ნადები ცეკვამ სისრულით ერთმანეთს გადასცა. მათ შორის აღარ იყო საიდუმლო. მხოლოდ სახელი აკლდა მათ ურთიერთგანწყობილებას. ამ დღიდან რაღაც საკვირველებით ერთმანეთს მუდამ დღე ხვდებოდენ. გადენიდა საბალახოთ ცხვარს, თუ მამის საცვლების გასარეცხათ წყლის პირას ჩაჯდებოდა პასიკიე, მიქონდა წისქვილში საფქვავი სიმინდი დათიკოს, თუ ურემი მიყავდა შეშის მოსატანათ, ყოველთვის, თითქო შემთხვევით, ხვდებოდენ ისინი ერთმანეთს და ხშირად მიუსალმებლათ მხოლოდ ღიმილით ატყობინებდენ ერთმანეთს სიამოვნებას. ყანების შუა დატოვებულ მწვანით დაფენილ საგორავებში ისინი უხმოთ მიდიოდენ, უსიტყვოთ ესაუბრებოდენ ერთმანეთს... ჩუმი ბუნება ამ ჩუმ ორ არსებაში თითქოს კრავდა გვირგვინს თვისი მშვენიერებისას. - პასიკია ხომ არ დაგკარგვია? - ეხუმრებოდენ ხანდისხან გულუბრყვილო ამხანაგები დათიკოს. - ერთი, დათიკო ნუ მოგიკვდება, თითისტარი მათხოვე... - გააჯავრებდენ გოგოები პასიკიას. განსაკუთრებულ ყურადღებას მაინც არავინ აქცევდა მათ. ღვარძლიან ჭორს და ენაგესლიანობას ადგილი არ ჰქონდა. სიბინძურეს ვერვინ წარმოიდგენდა, რომ ამ ორ პირნათელ, ყმაწვილ, უმანკო არსებას დაინახავდა. ასე გავიდა წელი, თუ ორი. III - ბიჭო დათიკა!.. - ბატონო!.. - აბა ერთი ყური დამიგდე... ასე დაიწყეს მუსაიფი დათიკამ და მამამისმა ლუკაიამ ერთ შემოდგომის საღამოს მათი სახლის აივანში. - შენი და გასათხოვარია... - კაი ხანია, ბაბა... - მერე... - მერე ვიშოვოთ ვინმე. - მზითვი უნდა. - ვიცი... მოვახერხოთ... - აი, ამიტომ დაგიწყე ლაპარაკი... უნდა გახვიდე გარეთ... დადექი მოჯამაგირეთ. „პასიკიე ვის დაუტოვო“ - გაიელვა დათიკას გულში და ამიტომ პასუხი არ გაუცია. - შორს კი არა, ბიჭო, აგერ ვარდენ ავალიანი ეძებს ბიჭს და... ხომ იცი, ვერ მოვიკიდებთ საწყალი ქალის ცოდვას ზურგზე. არ მინდოდა შენი მოჯამაგირეთ გაშვება, მარა რას იზამ?.. ღვინო არ მოდის სამყოფი და სიმინდი... შენი დაა, შენ უნდა უპატრონო. ერთ წელიწადში ქე მოხვალ უკან... გოგო გასტუმრებული გვეყოლება... მერე ჩვენც ქე მოვახერხებთ რამეს. - კაი ფასს თუ იძლევა ნეტავი?.. - რვა თუმანს მივცემო, უთქვამს. - კარგი, წავალ. ლევანას სახლს უკან ტევრი ახლავს. უმთვარო ღამეში აქ ჩვეულებრივ არვინ დადის. ძველი თქმულება აღარ სწამთ, მაგრამ მაინც ერიდებიან მავნე სულს, ალქაჯს - იქნებ იყოსო, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო. აი აქ, როცა ჯერ კიდევ კარგი დაღამებული არ იყო, სტვენა გაისმა. დათიკო სტვენდა. ეს პირველი ხერხი იყო, რომელსაც დათიკომ მიმართა პასიკიას გამოსაწვევათ. პასიკიამაც იგრძნო, რომ რაღაც ამბავიაო, მორიდებით მიადგა ღობეს და ხმადაბლა იკითხა: - ვინ ხარ? - მე ვარ დათიკო... - რა გინდა ამ შავ-ბნელ ტყეში? ქაჯის არ გეშინია? - კიდევ უფრო დაბალი ხმით დაეკითხა ქალი. - გადმოდი, საქმე მაქვს... - რა საქმე... ხვალ მითხარი... - მივდივარ... ქალს რაღაცა გულს მოაწვა. - მერე, მე რა?.. - დაეკითხა ქალი, თითქოს მართლაც მისთვის სულ ერთი ყოფილიყოს, დარჩებოდა დათიკო მის სოფელში, ყოველდღე შეხვდებოდა, თუ არა. - მინდა გამოგემშვიდობო... ორი სიტყვა გითხრა... - მაქეთ ვერ გადმოვალ, მეშინია... გაყევი ამ ღობეს და კუთხეში მომიცადე... ახლავე მოვალ. პასიკია შებრუნდა სახლში; ნაჭაზე ჩამოკიდებულ კარდალას, რომელშიაც ღომი ჩუხჩუხებღა, ჩოგნით ქაფი მოართვა და დანიშნულ ადგილზე მივიდა. ერთხანს უხმოთ იდგენ ღობეზე მიყრდნობილი. ქალმა ვერ მოითმინა... - სად მიდიხარ?.. - ვარდენ ავალიანთან ვდგები... მოსამსახურეთ, - დარცხვენით უპასუხა ბიჭმა, რადგან ეთაკილებოდა მოჯამაგირეობა. - კაი შორსაა, - თითქმის წყენით თქვა ქალმა. - ხშირათ მოვალ... შენდა სანახავათ, - დაუმატა ვაჟმა. - ვინ გეხვეწება, - ძალით წარმოათქმევინა ენას ქალმა, რადგან ფიქრობდა, რომ ვაჟს უსათუოდ უნდა განაზებოდა და გულახდილად არაფერი ეთქვა; გულში კი ეამა დათიკოს სიტყვა. - მიყვარხარ და ის მეხვეწება, - ვეღარ მოითმინა ვაჟმა. ქალი გაჩუმდა, გაყუჩდა, დანაზდა, დაპატარავდა, დასუსტდა. - შენ კი გიყვარვარ?.. ქალი ყუჩდა. - მითხარი ბარემ, მეტი დრო არ არის... სადაცაა მამაშენიც შეშოაღებს ჭიშკარს. - კი... - ძლივს წარმოთქვა ქალმა. დათიკომ ხელი დაადვა ღობეზე დაყრდნობილს ქალის ხელს. - მართალია? ძალიან? ჩემსავით?.. - კი, ძალიან, ახლა გამიშვი... დათიკომ აღარ გაუშვა, ღობიდან გადმოიხარა და კრთომით, გზნებით აკოცა. ქალი შეიშმუშნა... შეკრთა... კოცნით პასუხი არ მიუცია, მაგრამ მთელი სხეულის გადარხევა და მოდუნება უფრო ძლიერი იყო, ვიდრე თვით კოცნა... ჭიშკარმა დაიჭრიალა... ეზოში ჩამოდიოდა ყანიდან დაბრუნებული, ჩალის ვეებერთელა კონებით დაფარული ლევანა. ქალი ფეხაკრეფით სახლისკენ გაექანა. დათიკო ტყეში მიიმალა. IV ვარდენ ავალიანის სახლი ან, როგორც სოფელში უძახიან, სასახლე, მაღლა ფერდობზეა. ეზო სახლიდან ჭიშკრამდი ნელ-ნელა დაღმართად მიდის. მთელი ეზო მესერით არის შემოვლებული, მხოლოდ ერთის მხრით ისეთი კმედო ახლავს, რომ არც ღობე და არც მესერი არ სჭირდება... აი ამ კმედოს შუადღისას ვიღაცამ მოაყენა გაოფლიანებული ცხენი. - აჩუ! - დაუძახა, სწყვიტა მათრახი და შუა ეზოში გაჩნდა ცხენოსანი. - გიჟი მოვიდა, გიჟი! - მიაყვირეს აქეთ-იქიდან დამხდურებმა. - დეიდა მართა, შენ გენაცვალე, შენთვის მევედი... ცხენი არ დავზოგე და კაცი... ვიცი, ცუდ გუნებაზე ხარ... ვიფიქრე... გავამხიარულებ-მეთქი. ისეთს სასაცილო ამბავს შევესწარი, რომ არც მინახავს და ვეღარც ვნახავ... მოიტანე ერთი შებრაწული ქათამი... უყურებ, დეიდა, რა კაი გულისა ვარ, რა ცოტას გჯერდები... ერთი კაი სვირის ღვინო, და გაცინებთ მთვარის ამოსვლამდი... - ჩამოხტი, ჩამოხტი, ბიჭო, ნუ ყბედობ. - დაუძახა აივნიდან დეიდა მართამ. - აქეთ მოდი, აქეთკენ! - მიაძახეს ახლად მოსულ ყმაწვილს ხის ძირში მჯდომმა მოქეიფეებმა... - ბიჭოს, ამ ოხრებს კიდევაც მოუსწრიათ! - ძალზე შეზარხოშებული, მაგრამ ჯერ კიდევ დაუმთვრალი ყმაწვილი მარდათ გადმოხტა ცხენიდან და ზანტის ნაბიჯით მიუახლოვდა სუფრას. - აბა, შენ გენაცვალე, სერგო, ერთი სიმღერა შემოგვაწიე... წუხელ ღამიდან ვსვამთ და კრინტი არ დაგვიძრავს... ჩვენც ვსვამთ რაღა... - ახლავე, გენაცვალე... ჩემო ციცინათელა, რას ფრინავ ნელა-ნელა... ისეთის წმინდა და ტკბილის ხმით, ისეთის აღგზნებით და ძალდაუტანლობით დაიწყო სერგომ, რომ გეგონებოდათ ამ კაცს ცვარი ღვინო არ დაულევია და დიდხანს უმზადებია, როგორ ვიმღერო ჩემი სასიმღეროო. ანკარა ხმა კრთოდა მთელ მწვანე ეზოში, აღვიძებდა მიძინებულ ფოთლებს, სწვდებოდა მოწმენდილ ცას და იკარგებოდა სამუდამო ლმობიერებით მსმენელთა ხსოვნა-გრძნობაში... - ჰეი გიდი!.. რა ხმაა, რა ხმა! მოაჯადოებს ქალს, აბა რა იქნება?!. - ბატონებო, - დაიძახა ტოლუმბაშმა და ყველა გაჩუმდა. - გთხოვთ მიირთვათ იმ ადამიანის სადღეგრძელო, რომლის ერთი შეხედვა სიამოვნებით გვავსებს. მისი ვაჟკაცობა, სიმკვირცხლე, ამხანაგობა ღმერთმა ნუ დაგვიკარგოს... მისი ხმა ტკბილი და სანეტაროა. დიდხანს იცოცხლოს იადონმა და ლომმა სერგომ, ალავერდი, პარმენ შენთან. - იახშიოლ! ეს მეორე ჭიქა კი რისია? - განა დაგავიწყდა? დამთვრალხარ, შენ ნუ მოუკვდე ჩემს თავს... ქალბატონ მართას ნათლულების იყო... - იახშიოლ... უკაცრავათ, გენაცვალე... არ გამიგონია... შენ რომ სიტყვა დეიწყე, სწორეთ იმ დროს ჩამოაგდო ცხენი ეზოში სერგომ... ვიფიქრე დეიმტვრევა-თქვა, მარა შენც არ მომიკვდე, წელი არ გაუხრია!.. - სადავის დაჭერა თქვი, შენ, სადავის! - ჩაუმატა მეორე ყმაწვილმა. - დათიკო! - დაიძახა მასპინძელმა, - ღვინო მალე. - ა, დათიკო, - მიუბრუნდა სერგო დათიკოს, - შენი ძაან დავალებული ვარ. შენ რომ არ ყოფილიყავი ამას წინათ, შენი მტერია, გადვირეოდი იმ ნასვამზე. - რავა იკადრებ, ბატონო... - მეიცა, მეიცა, - სერგომ ჯიბეზე გაიკრა ხელი, ბევრი ეძია რაცხა, მერე ამოიღო ვერცხლის მანეთიანი და უთხრა: - შენმა გაზდამ ერთი სამმანეთიანი მქონდა, მარა ფეხი გამობმია... უსათუოდ დუქნის დახლში გადაბრძანდებოდა... ეს მაინც წაიღე. - გმადლობ, შენი ჭირიმე. - არ გეცოდები, სერგო, რომ დათიკო მტოვებს... - რაო? რატომ? - არ გეემტყუნება, ძმაო: მაგისთანა ბიჭს ორას და სამას მანეთს აძლევენ... მე კი ას მანეთს ვერ მოუმატე. - მერე არ ყოფნის?.. - რას ეყოფა... მთელი ოჯახი მაგას დააწვა. - სად მიდის ახლა? - ფოთს რაცხა მუშაობა იწყებაო. სერგო ჩაფიქრდა. დათიკომ ღვინის ბოთლები მოიტანა. - ბიჭო, მართლა მიდიხარ ფოთს? - კი, ბატონო. - როდის? - ამ შაფათ-კვირაზე. - თუ გინდა წერილს მიგიწერ... იქ ერთი მეგობარი ინჟინერი მყავს... მთხოვა, მოხერხებული ბიჭი მიშოვე პატიოსანიო, გინდა? - რავა არა, ბატონო, თუ დამეხმარები... - დეიდა, დეიდა, ერთი ფოშტის ქაღალდი და კალამი გამომიგზავნე... კონვერტიც... - მწერალი გამიხდი? - შეეხუმრა დეიდა დისწულს. - ჰო, დეიდა, ჰო, როგორც მოვა... - ხვალ დაწერე, სერგო, ახლა რა დროსაა?.. - ა, ხვალ დედალოურში უნდა ვიქნე, ნათვლაში მიმელიან. დათიკო, თუ კაცი ხარ, ჩემს ცხენს სიმინდი მიჭმიე... უნაგირი არ მოხადო. სერგო დიდხანს სწერდა რაღაცას რუსულათ, მერე დაწეპილი კონვერტი დათიკოს გადასცა და უთხრა: - მიუტანე, ქვას გახეთქავს... ის ინჟინერი რუსია, მარა კაი ბიჭია... თუ გამოდგები, ფულსაც ბლომად იშოვი და ნივთსაც... ჩვენ იქნება ქე გვიყიდო ეზოიან ვენახიანათ... - დეიდა, იცი საიდან მოვდივარ?.. - მიუბრუნდა სერგო მართას, - ვერ გამეიცნობ, შენ ნუ მომიკვდე, გამასხარავდა ხალხი... კვიტაშვილს ხომ იცნობ, ოქროპირს... კაი შეძლებული კაცია, კაი მოგცეს ღმერთმა. ჰოდა ერთი ქალიშვილი ყოლია. ამას წინათ ქორწილი ჰქონდა გამართული. ვუცადეთ, ვუცადეთ, სადაა ან მეფე და ან მაყარი. იხვეწება საქორწილო, გამზადებული გამოწყობილი ქალი: ნუ მარცხვენთ, გამხადეთ საქორწილო კაბაო. არ იქნა და არა. რავაც იქნა დილაზე დაგვაჯინეს ვახშმათ. შენს მტერს იმისთანა, ჩვენ საჭმელ-სასმელი ჩაგვდიოდა პირში. თავი-ტირილის ჭირისუფლები გეგონებოდით. ნუ იტყვი, თურმე სასიძოს მზითევი ეცოტავა, იფიქრა, მეტს მომცემენო. არც მევიდა და არც ქე შეგვატყობია. მაშინ ქე დეიქადნა მაშვალმა, თუ კაცი ვარ, მაგიერ სირცხვილს ვაჭმევო. ახლა, გუშინწინ, კიდევ დაგვპატიჟეს. მივედი. გვითხრეს, სასიძოს ორი იმდენი დაპირდენ, რასაც აძლევდენო, და ახლა უსათუოდ მოვაო. იცოცხლე მოვიდენ... ერთი, ბევრი რომ არ ვთქვა, ოცდაათი ცხენოსანი მაინც იქნებოდა... სასიძო თავისი დედ-მამით, და-ძმით, მოყვრებით, მხლებლებით, მომღერლებით და მაყრებით. ძმადებით და დადეებით, დიდი და პატარა, ქალი და კაცი, დართული და მოპრანჭული... მარა შენს მტერს იმისთანა ამბავი დახვდა, რაც იმათ დაახვედრეს. სულწაწყმედილს მაშვალს ქე აესრულებია დაქადნებული. ესენი მეეპატიჟებია, მარა ქალისთვის ახალი საქმრო აუჩენია. კაი ბიჭი და კაი ოჯახიშვილი. მაშვალი მოვიდა და ისე, ვითომ არაფერიაო, ახარა... იმათ: ჩვენ სასიძო სახლში გვყავს... თუ გნებავთ მოგვიცადეთ, თვარა და როგორც გენებოთო. დარჩენ, იცი!.. მაგრამ ვაი იმისთანა დარჩენას... ჩვენ ვქეიფობდით, ჩვენ ახალ სიძეს ვლოცავთ და ვადღეგრძელებთ... ისინი გაქვავებულივით სხედან, სჭამენ, მარა ჩადიოდა მათ მუცელში თვარა, ღმერთმა იცის. - ხა, ხა, ხა! - შეიქნა საერთო სიცილი. - რას არ გამოიგონებ? ტყვილი იქნება! - დაიჭვიანდა დეიდა მართა. - არა, დეიდა არ მომიკვდეს, მართალს გეუბნები! დათიკო და პასიკო ერთმანეთს ეთხოვებოდენ. - ახლა კიდევ რა მოიგონე წასვლა?.. - რა ვქნა, აბა რით დავაღწიო თავი გაჭირვებას... - იქნება იქ რუსის დედაკაცებში გამცვალო?.. - შეიძლება, - ღიმილით უპასუხა დათიკომ, - მარა შენ რას იზამ? - მე... მე ვიზე გაგცვლი... შენისთანა რომ არვინაა... შენი იმედი კი არ მაქ. - არ გაქ?.. აბა როგორ უნდა დაგიფიცო, გამოცთი და ნახავ, მაშინ გაიგებ. რაც უნდა დამახინჯდე, რაც უნდა დაგემართოს, შენ მაინც ჩემი პასიკო იქნები - ჩემი ყველა და ჩემი ყველაფერი. თუ მივდივარ, ღმერთია მოწმე, მხოლოდ და მარტო შენთვის. თვარა მე ქე ვირჩენდი აქაც თავს; ბებერ მამას დარჩენილი სახლ-კარიც ეყოფოდა... სხვა რომ არაფერი, დასთან გავგზავნიდი. - შენ კი გენაცვალე... შენ კი გენაცვალე... - ერთი რამ არ დაგავიწყდეს. ვინ იცის, ასე შორს რომ მიდის კაცი, რა დაემართება... თუ ვინმე მოგეწონოს, თუ ვინმე ჩემზე უკეთესმა ხელი გთხოვოს, ან მე გულიდან ამოგივარდე, ნუ დამზოგავ, ნუ იფიქრებ რომ დამჩაგრავ... გაყევი... შენს გულს დაეკითხე მხოლოდ... მე ყოველთვის ვუშველი თავს და შენ ჩემის გულისთვის კარგს ბედს ნუ გაექცევი, ნუ დაკარგავ კარზე მოსულ იღბალს. - მანამდი თვალიც კი დამდგომია. - მართლა? - მართლა... გადააჭვდეს ყელი ყელს... ასე იყვნენ დიდხანს. მთელი სხეულით მუსაიფობდენ. ეს იყო თურმე უკანასკნელი. V - ძალას არ დაგატან, შვილო, ღმერთმა დამიფაროს მარა შეხედე ჩვენს გაჭირვებას. აი, შენი ძმა ავათაა... დღეს თუ ხვალ განუტევს განაწამებ სულს... ხომ იცი, რით არის ავათ... მაგას გადავიტან ეზოდან თუ არა, სახლი უნდა დავწვა... ქვეყანას ხომ არ მოვდებ ჭლექსა და ჭირს, ან კი ვინ იყიდის?.. ჩემი უბედურება ყველამ იცის... დედაშენია, სულს გვიდგამს, თვარა მე რაღა მუშაობა შემიძლია... ერთ ქცევა ყანას ვეღარ ვერევი. - რავაც გინდა, ბაბა, თქვენი სანაცვლო ვიყო... თუკი... - გოგოს ცრემლები წასკდა... - რა გატირებს, შვილო, რა გატირებს, შენი ცოდვა მომეცეს, თუ მეფურათ არ გარჩინოს... ოჯახი წაქცეული გაქვთ, და შვილივით მეგეხმარებათ, - ჩაერია ლაპარაკში ბიცოლა და პასიკიას მშვიდება და ლოლიაობა დაუწყო. ნამტირალევი ქალი სახლში შეიყვანეს... მაჭანკალი და სასიძო დიდხანს არ შესცქეროდენ... ეფემია პირდაპირ შევიდა ქალთან და ვერცხლის ოქროთი დაფერილი ბეჭედი თითზე ჩამოაცვა და ერთი ოქროს თუმნიანი წინ დაუდვა. - ოსიკია ჯიმშელეიშვილმა მოგართვა, პატივი დაგვდე და ცოლათ გამომყეო. ქალმა დახრილი თვალები ზევით ასწია და ოსიკია ჯიმშელეიშვილის მაგიერ დათიკო დაინახა. გაუკვირდა... თვალზე მომდგარი ცრემლები შეწყდა და თავის საქმროს რაღაც სიამოვნებით გაუღიმა. - ასე, ასე, შენი ჭირიმე, - ეუბნებოდა ბიცოლა და მაჭანკალი. ქალ-ვაჟმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. ერთი კვირის შემდეგ დანიშნეს ჯვარისწერა, მზითევი არ უთხოვია. ისედაც კმაყოფილი ბრუნდებოდა ოსიკია, რომ მზეთუნახავი ქალი ირგუნა. პასიკია, როგორც კი სტუმრები წავიდენ, მოსხლტა, მოდუნდა და მიეძინა... ძილში კი ეკითხებოდა თავის თავს: - რა უთხრა დათიკას... ჩემთვის გადავარდა... რომ დაბრუნდეს ხვალ? ნეტავი დაბრუნდებოდეს... თუ არაფერი ექნა. მაშინ მამა არ მიმცემს... ნეტავი ძლიერ, ძლიერ მდიდარი, მწერალზე უფრო მდიდარი დაბრუნდებოდეს... მაშინ ხომ მიმცემს, ვინ დაუკავებს ჩემს თავს... თუნდაც ისე დაბრუნდეს ღატაკი, როგორიც იყო, ოღონდ კი დაბრუნდეს, ოღონდ გადამარჩინოს... ოსიკია... რა სახელია? მერე მოხუცი... ჟღალი წვერი; დანაოჭებული წითელი სახე... სჯა-ბაასიანი ძილი კარის ჭრიალმა დაუფრთხო. გამოეღვიძა... ახლა ჩაუფიქრდა თავის მდგომარეობას... თვალი აეცრემლა, მაგრამ ტირილი ვეღარ მოასწრო, რადგან დედის ხმა მოესმა: - ადექი, პასიკია, ადექი, ქათამი უნდა დავაპუროთ, სიმინდი გამოსაფშხვნელია... მერე ცხვარი წეიყვანე... მოაბალახე ვენახის ყურში... ძვალ-ტყავია თლად და არ ივარგებს... - ჩემი ქორწილისათვის უნდა გაასუქოს, - გაუელვა გულში პასიკიას, - მორჩილი წამოდგა ფეხზე, დაიბანა პირი და საქმეს მიყო ხელი. ორი მოზდილი კრავი წინა ფეხებზე დაჩოქილი, შედგომოდა ცხვარს ორივე მხრით და ძლიერ სძიძგნიდა ძუძუებს. - მოაშორე, მოაშორე კრავები; აწი ურძეოთაც გაძლებენ, - დაუძახა თავის ცოლს სიკომ... უმთვარო, მაგრამ ნათელი ღამე იყო. მოწმენდილ ცაზე კაშკაშებდა ვარსკვლავები. ბუნება თითქოს გაჩუმებული იყო და ყურს უგდებდა არღნის ამ მიდამოსთვის უცხო ხმას, რომელსაც დაღიღინებდა გალეშილი, გულგაღეღილი, ჩოხაში ცალხელგაყრილი დათიკო: Ти скоро мене позабудишь, Но ми не забудим тебе... მოქეიფეებმა ჩაუარეს ოსიკიას ეზოს. ქმარი სახლში იწვა. პასიკია ჭყინტ ლობიოს არჩევდა კარებთან. - ვინაა რომ ღრიალებს ამ შუაღამეში? - ბუზღუნით იკითხა ოსიკიამ. - დათიკია ჩამოსულა და ქეიფობს. - რა ღმერთი გაუწყრა? რავა გავერანებულა? გუშინ ბიძამისი გაასვენეს, და ერთი დღე ვერ მეიცადა? - დიდი ფული შეუძენიაო... - მალე გააქრობს, თუ ასე სვა... - აბა, აბა! რა კაი ბიჭი იყო საწყალი. ასე იცის სხვადასხვა ქვეყანაში თრევამ, - დაუმატა პასიკიამ. გზაზე ხშირად გაისმოდა დათიკოს ჩვეულებრივი: Ти скоро мене позабудишь, Но ми не забудим тебе... ამ სიტყვების აზრი არ ესმოდა პასიკიას და სხვაფრივ დათიკოს არ შეუნიშვნინებია, თუ რა იმედები დაემსხვრა მას, როცა პირველათ ისე, შემთხვევით, უთხრეს: პასიკია გათხოვდაო! შუაღამე გადასულია. სოფლის დუქნები დიდი ხანია მიკეტეს. სძინავს თვით ბუნებას. ძაღლის ყეფაც კი მიწყნარდა. მხოლოდ ერთ დუქანში ანთია სანთელი, ისმის არღნის ხმა და მთვრალი მედუქნისა და ერთადერთი მუშტრის ბაასი: - ბევრი მმართებს შენი, დათიკო?.. - რა სალაპარაკოა მაგი, სერგო... - გექნება - გამისწორდები... შენგან დავალიანებული ვარ!.. - არა, ერთი საქმე უნდა გაგიტყდე... ამდენს კი არ დავივალიანებდი შენთან თავს, რომ ეს ქალი არ გამჩენოდა ამ სოფელში. - აბა, მეც შეგატყვე, რომ ამ უკანასკნელ ხანში ძლიერ ხშირათ დადიხარ აქეთკენ, მარა რა ჩემი საქმეა, - დათიკომ ღრმათ ამოიოხრა. • მართლა მითხარი, თუ ძმა ხარ, რატომ არ ირთავ ცოლს... არც გამიგონია, რომ ვინმეს ყვარობდე. საკვირველი ადამიანი ხარ... ღმერთმანი! დათიკო სრულიად გამოფხიზლდა. - დაანებე, თუ კაცი ხარ, გამოკითხვას თავი. ერთი შენებურად იმღერე. - აბა ერთი დაუკარი, ბიჭო, საყვარლის საფლავს ვეძებდი, ვერ ვნახე დაკარგულიყო... ძველებურის ანკარა და ტკბილი ხმით შემოსძახა სერგომ... დათიკოს მიკიტნური გამომეტყველება დაეკარგა და მის აცრემლიანებული თვალებიდან ისევ ძველი ფოთში მყოფი პატარა მოიჯარადრის ჩაფიქრებული სახე გამოჩნდა. - ე, მაგისთანებს ნუ კი იმღერი, შემოსძახე: ლოთებო, ნეტავი ჩვენა... და სხვა სამხიარულო. - კაი, გენაცვალე, არც მაგაზე გეტყვი უარს... ოღონდ ერთი მხარში ხელი გამიყარე... აღარ შემიძლია სიარული, გავსაოთდი... ამ გზაზე სულ გიმღერებ... ოღონდ არ გამამხილო... მისი ქმარი ამაღამ სახლში არ იქნება... ქეიფიც ამას ქვია, თუ გინდა. სერგო ბარბაცით წამოდგა. დათიკომ ხელი მხარში გაუყარა. - ბიჭო, მიალაგე... კარგათ დაკეტე... მალე დავბრუნდები და გარეთ დავწვები... ნუ დამიცთი. შარაგზაზე დიდხანს მიდიოდენ. სერგოს უფრო და უფრო ერეოდა ღვინო. გონებას მაინც არ კარგავდა. ერთ ორღობეში შეხვევა დააპირა. - აქეთ რა გინდა? - დაეკითხა დათიკო. - აქეთაა... - მითხარი, კაცო, სად მიგიყვანო... - მერე გეტყვი... - ენის ბორძიკით უპასუხა სერგომ და ორღობისაკენ გასწია. დათიკო ისევ ხელგაყრილი გაყვა. - ახლა... მშვიდობით... - სერგო შეჩერდა. - მიგიყვან ბარემ... - არაფერია... ეწყინება... მომშორდი. დათიკო გამობრუნდა... რაღაც იჭვმა უეცრათ, მოულოდნელათ აიტანა. - ნამდვილ ისაა, ის... ოსიკიე მართლაც ქალაქში წავიდა. შეუძლებელია! იქნება მართალი იყოს. დაბერდა ყაზახი... უხეშია, ულამაზო. მაგი თავის დღეში არ ყვარებია... აჭმევს და თან ამადლის; აცმევს და თან აქადნის... ვერ მოითმინა... ეს ბინძური შეუჩნდა. ... ლამაზი ბიჭია.. მოხდენილი აზნაური... ... სიმღერა, ცეკვა... ყველას საყვარელი. დათიკო გარბოდა. დაეწია სერგოს. - სერგო! - ა! რა გინდა?.. - სად მიდიხარ?.. - ამ ეზოში... - აღარ დაამალვინა სიმთვრალემ და წამოროშა სერგომ. - ჩუ! არ გრცხვენია?.. - რისი მრცხვენია, ხომ არაფერს ვიპარავ?.. - წამოდი აქეთ... - რა თავს იგდებ?!. შენ წამოგყვე, შენმა მზემ, მზეთუნახავს მომიყვან შენ დუქანში... - კარგია! ახლა გეყოფა - სისხლზე ნუ მომიყვან... - ბიჭო! - სერგო დაქადნებამ თითქოს გამოაღვიძა, - შენ ვისი მატრაკვეცი ხარ? მაზანდარელი თათარი გოჭის თავს მედავებოდაო, სწორეთ ამას ჰქვია. - ნელა ილაპარაკე მაინც... გაიგონებენ... სახელი გაუტყდება დედაკაცს, რას ერჩი?! - ერჩი რომელია?! დოუძახებ თუ გინდა: პასი... დათიკომ უცბათ ტუჩზე ხელი დააფარა. - არ გაჩუმდები?.. შეიქნა ბრძოლა. დათიკომ სერგო ხელში აიყვანა; რაღაც უცნობი ბოღმა მოაწვა გულზე. ამ ტვირთით ერთი ორიოდე ნაბიჯი აირბინა, მიადგა ხრამს და სერგო მოქნევით გადააგდო. თვითონაც ვერ შეიმაგრა თავი და გადაყვა. მეორე დღეს, რიჟრაჟზე, მუშებმა ნახეს მძინარე, ტალახში გასვრილი სერგო. როგორც კი ხალხი ახმაურდა, იგი ფეხზე წამოხტა და გაკვირვებული აქეთ-იქით იცქირებოდა. მას მხოლოდ ახსოვდა, რომ რაღაცაზე წალაპარაკდენ, მაგრამ ესეც დამალა, რადგან ეშინოდა, სიკვდილი მე არ დამბრალდესო. მის ახლოს ეგდო უკვე გაცივებული დათიკო. იგი ქვას დასცემოდა და იქვე გარდაცვლილიყო. ერთი კვირის შემდეგ, სადღაც ქორწილში სერგო იმღეროდა: ისევ შენ და ისევ შენ, ჩემო ციცინათელა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი