საბა
ვენახში მხიარული ფაცა-ფუცია. ქალები და ვაჟები ხითხით-კისკისით ართმევენ ერთმანეთს პატარა კალათებს და გოდრებში სცლიან; ბავშები იზმუზნებიან ყურძნით და ცდილობენ უფროსებს არ ჩამორჩენ - ისინიც გამალებით ჰკრეფენ. ბებერი ბაბუა სუსტ ფეხებს ვეღარ გადმოუყვანია ვენახში და რომ ვერაფერს ახერხებს ხელით გააკეთოს, ენით ეხმარება ნადს - გაჰკივის: - აბა, თქვენი ჭირიმე, არ მოუწყინდეთ, დაუჩქარეთ, მზე იხრება... ცოდვაა გამოკრეფილი ვენახის დატოვება. - ამიწიე კაცო, - უძახის ერთი ბიჭი მეორეს... უკანასკნელი ყურადღებას არ აქცევს. გოგო დაუძახებლად ეხმარება. - შენს ქორწილზე კი ვიცეკვებ, ირინე, პატარა მაიმუნივით... - ნიშნად მადლობისა ამბობს ბიჭი და გარბის. ახალგაზრდა ბიჭებს თითქოს არ ამძიმებს ბეჭზე გადაბმული ყურძენი, ისე ქარივით გარბიან მარნისკენ და ისე მხიარულად იწმენდენ ოფლს. როცა უკან მორბიან ცარიელი გოდრით. საწნახელი სავსეა. სახლის პატრონი დიდი უროთი ჭეჭყს ყურძენს, რომ ჩაატიოს დანარჩენი. უხვია მოსავალი, დალოცა ღმერთმა წრეულს მუშაკის ხელი. გოგოებს ენაზე აკერიათ სიკო, თედო, ფილიპე. ისინი არიან არჩეულნი. - სიკო, კალათი დამიცალე!.. - ფილიპე, ე ხარდანი ჩაასვი, წამეიქცა ვენახი. - თედო, სიკო გიძახის, გოდორი ამიწიეო... გოგოთა შორისაც არიან რჩეულნი: თითქოს შავი ღრუბლები მთვარეს ირგვლივ ნავარდობენო, ჯმუხი წვერ-ულვაშ აყრილი ბიჭები თავს დასტრიალებენ ქერა ქალიშვილს, დაიხრება იგი ვაზის ძირში დარჩენილი მტევნის მოსაწყვეტათ, - ვინმე მოასწრებს და თვითონ მოსწყვეტს; გაუჭირდება ვაზის გადახლართულ ყლორტებში გასვლა, - მარდად გასწყვეტენ გადახლართულ ლერწს და გაუკაფავენ გზას; კალათის გავსებას ხომ არავინ აცლის, ისე სიჩქარით ჩამოართმევენ... და მთელი ეს ცდა ჯილდოვდება მხოლოდ ხელის ხელზე ოდნავის შეხებით, მადლიერის შეხედვით. ტყე წამწამის ბალახად აბიბინებით. ირინესაც არ სტოვებდენ უყურადღებოდ... მაგრამ ირინე ამხანაგურ-მეგობრულის ქცევით იზიდავს. თალიკოც მუდამ გარს შემოხვეულია, მაგრამ თალიკო ენამახვილია და მასთან ხითხითი აჩერებს ბიჭებს. ქერა ქალიშვილი, ნახვეწი აბრეშუმის თმიანი, ლურჯ დიდთვალებიანი, მაღალი, არავის იზიდავს, არავის იწვევს, ძვირად ლაპარაკობს... მაგრამ ირგვლივ უნებლიეთ უტრიალებენ. სხვათა შორის საბაც... საბა უხერხულად შექმნილი ადამიანია, თავი დიდი აქვს, ტანი ფეხებზე ბევრად გრძელი. მსხვილი მკლავ-ბარკალი და დაბალი კისერი. მაგიერათ ღონიერია დათვივით... და დაუღალავი მეძებარსავით. - საბა, შენ მაინც დაგვეხმარე, შე კაცო, - უძახიან მოხუცი და ხანშიშესული ცალკე ჯგუფად მომუშავე დედაკაცები. - მოგვიტანე ერთი გოდორი, ყველას ხომ მარინე ვერ აავსებს. - ახლავე, ბიცოლა, ახლავე! - და საბას მოაქვს გოდორი, სცლის შიგ კალათებს, დაუხმარებლად, თვისის ძალის შეგნებით და გამოსაჩენად იგდებს ზურგზე და მანჭვა-გრეხით მიაქვს მარანში. - საწყალი პეტერე რომ უფრო მოხერხებული იყოს, ერთ ოჯახს მაგიც ქე არჩენდა. - შე ქალო, ახლაც რა უჭირს? - ბეჩა, სალომე აბა ვინ წაყვება... მაგას?.. - ისე იცოცხლე, რომ წაყვება... შე დალოცვილო, ხომ უყურებ საკაცეთი დეილია... ძღაბები სოკოსავით იზდებიან და ეს ბიჭები ზოგი ჯარშია... ზოგი სამუშაოში... გოგოების საცოდაობა მკლავს… სარზე გედეეხევიან, სხვა რომ არაფერი!.. საბამ გოდორი უკანვე მოიტანა, ერთი ჰაერში შეატრიალა ხელის სიმარდის საჩვენებლათ და ისევ გოგოებისაკენ აპირებდა წასვლას. - მეიცა, შე კაცო, შენთვის არ ცალია ახლა მარინეს... ჩვენთან დარჩი, ჩვენ უფრო გამოგადგებით, - უხუმრა ერთმა მოხუცებულმა დედაკაცმა. - შენ გაზდას - აქანე ნამეტანი გაბურდულია ეს ვენახი და მიწი-მოწიე. - ახლავე, ახლავე! - და საბამ საჩქაროთ გაწყვიტა ორ-სამ ადგილას ლერწი. - საბა, ერთი, თუ კაცი ხარ, გოდორი წეიღე, - დაუძახა ფილიპემ. - ბიჭო, შენ ვერ წეიღებ?.. - შეუტია ბიცოლამ ფილიპეს. - დევიღალე, შე ოჯახ-ქორო, ღმერთი არ არის?!. - რა დეიღალე?! ლაზღანდარობამ დაგღალა თუ?!. - რაც ყურძენი იყო, მე გადევიტანე, - ჩაურთო საბამ. - თუ, დეიმადლებოდი, არც ქე შეგაწუხებდი! - უსაყვედურა ფილიპემ. -არა, ა! - შერცხვა საბას, რომ ბიძის ნადში ზარმაცობა შესწამეს, - მე ისე ვთქვი... ჩემზე მეტი არავის უმუშავნია-თქვა, თვარა გოდორი მეიტა! - და გოდორი, რომელიც ფილიპიას უნდა აეღო, საბამ შეიგდო ზურგზე; ფილიპემ ოდნავ აუწია. ** - მალე გაათავებენ? - დაეკითხა საბას სახლის პატრონი, რომელიც საწნახელში უკვე ჩასულიყო და ფეხით წნეხდა ყურძენს. - ერთი მუხური დაგვრჩა წაბლთან. - აბა, ჩეეტევა? - უნდა ჩეეტიოს... - და საბამ დაკვირვებით გადახედა საწნახელს. - უნდა ჩეეტიოს!! იქინე ხარ და ვერ შეამჩნიე?! საბა დაბრუნდა. მამასახლისი საწნახელიდან ამოვიდა და ცოლს გადასძახა: - სუფრა დაამზადე, სადაც არის გაათავებენ და მოვლენ. ** საბა ისევ დედაკაცებთან მივიდა. - საბა, გინდა ცოლის შერთვა? - თუ ბაბუა იტყვის, რატომ არა? - თავდაჭერით უპასუხა საბამ. - მერე რათ გინდა შენ ცოლი? - ოდნავის დამცინავის ღიმილით ჩაეკითხა ენამწარე დედაკაცი. - იმე, რატომ არ მინდა, - გაიფიქრა გულში საბამ და თვითონაც გაიღიმა. - მე გაგირიგებ ცოლს, ნუ გეშინია! - დაამშვიდა სალომემ საბა. მოსაკრეფი ცოტა დარჩა. ყველა ეჩქარებოდა. ლაპარაკს უკლეს სიომაც შემოჰკრა. - ერთი შეუტიეთ, ერთი და მერე ვახშამს მივუჯდეთ! - გაამხნევა სახლის პატრონმა ნადი. - რა დროს ვახშამია? - აბა უჭმელს ხომ ვერ გაგიშვებთ. გინდ ვახშამი დაარქვით და გინდ სამხარი - კაი გიმუშავნიათ - აგაშენათ ღმერთმა, გვარიანათაც მოგშივდებოდათ. ერთი კიდევ შეუტიეს და კრეფა გათავდა. უკანასკნელი გოდორი მხარზე შეიგდო, ერთი მტევანი ხელში დაიჭირა და ყურძნის ჭამით გადმოვიდა საბა ვენახიდან. - ბიჭო, ასე ბაღნათ დაბერდები, - შეუბღვირა ბაბუამ საბას, - სულ ყურძენს იბლოშნები: შე საცოდავო, სხვებს ვერ მიხედავ მაინც... შენი ხნისაა სიდონიე, მარა შეხედე - პირველი მუშა, დინჯი კაცია. - მეც ქე ვმუშაობ, რას ჩამაცივდი?! - დაუღრინა საბამაც ბაბუას... ** სამხარი ვახშმად გადაიქცა. დიდებულათ გაუმასპინძლდა ნადს მათე. ყველას რიგრიგად უსხამდა ღვინოს მათეს პატარა ბიჭი-გოგია. მხოლოდ საბა გამორჩებოდა ხშირად და, როცა საბა მოაგონებდა, ბოდიშსაც არ მოიხდიდა - ისე შეუვსებდა ვისმეს ჭიქას და უხეშად მიაწოდებდა. ყველას სადღეგრძელო დალია მათემ. ყველას მადლობა უთხრა... კაი მეზობლობისთვის შეაქო... მუშაობა მოუწონა... განსაკუთრებით ფილიპე აქო და ადიდა, მარა ის ხომ სასიძოთ უნდა, - ღმერთმა ხელი მოუმართოს!.. ისიც მართალია, რომ საბა ძმისწულია და დიდი მორიდება არ არის საჭირო... მარა თუ მერიქიფე, საკუთარი შვილი, გოგია არ დაავიწყდა, საბამ რა დააშავა? ნადიდან გულდაწყვეტილი დაბრუნდა საბა. ღვინომ გაუღვიძა მგრძნობიარობა. როგორც კი მოვიდა, ცაცხვის ძირში პირაღმა დაეგდო და თავისი ძმისწული ორი წლის გრამიტონე მუხლზე დაისვა და, სანამ დედამისმა არ წაიყვანა, „აჩუ-აჩუ“ უძახა. დიდხანს იწვა საბა. უფროსმა ძმამ დაუძახა: „ჭურია გასარეცხი... ერთი კოკით წყალი მოიტანეო...“ მაგარმ საბა არ განძრეულა. მთლად წაიღო ფიქრებმა: ბაბუა ილანძღება - კაი... ბებერია და „ჰაუ, ჰაუს“ იძახის, თუნდაც ქორი არსად იყოს. ქალებს არ მოვწონვარ, - კაი, ვერა ვარ ლამაზი, მარა ბიძაჩემი ჩემთან მუშაობს, საკოცნელათ რავალი ვარ, რა მისი საქმეა! და მუშაობას მაინც რატომ არ მიფასებს?.. დღეს ახლა... დიდი და პატარა თხუთმეტი სული ვკრეფდით. ...რა მშვენიერია მარინე! - სხვათა შორის გაუელვა თავში საბას... ჰოდა ხელი არ გამიჩერებია... ერთს ჩემზე მეტი არ მოუკრეფია და გადმოტანით მარტო მე გადმოვიტანე მოსავლის ნახევარი. სიდონია მღვდლის შვილია და გოდორის წიკვა არ ეკადრებაო. ფილიპე ხომ სასიძოთ უნდათ და ეფერებიან... ოსიკიე მაინც რა წითელი კვერცხია! ... რა მშვენიერია მარინე, - გაუელვა თავში საბას... ეზოზე გადმოიარა მეზობლის ცუგრუმელა გოგომ. - გამარჯობა, საბა! საბამ ერთი ახედა და ზანტათ უპასუხა: - გაგიმარჯოს! უყურადღებობით გაკაპასებული ცქმუტურა გოგო შემოუბრუნდა საბას და გოგო-ბიჭებისაგან გამოთქმული ლექსით გაახელა: ჩემო საბა, შენი თავი რამ გაზარდა ასე დიდი?! ხრიკათ მაინც ივარგებდეს, ორ შაურათ გავყიდიდი... - თუ გტაცე ერთი ხელი, გაწრიპინებ თრითინასავით! - შეაშინა საბამ და წამოიწია. გოგო არ შეკრთა და ენა „გამოუტიტა“. საბა წამოდგა და გამოეკიდა; გოგო გაიქცა, მაგრამ ისე, რომ დიდ მანძილზე არ დაუტოვებია საბა... გოგო ტყეში გადახტა. საბამ, თუმცა რაღაც კი იგრძნო, მაგრამ სავსებით ვერ გაიგო ძღაბის ოინები და ღობესთან შეჩერდა. - როცა იქნება გაკივლებ!.. - კიდევ დაექადნა საბა და თავის ადგილზე დაბრუნდა. - ისე ღმერთი უშველის შენ ჩურჩუტ თავს, - მიაძახა გაბრაზებულმა გოგომ და მიიმალა. საბა მიწვა და თავში გაუელვა: - რა მშვენიერია მარინე. ნადიდან დაბრუნებული სალომე იქვე ხის ძირში იდგა, მაგრამ საბამ მაშინვე ვერ შეამჩნია. - ბიჭო, რაღა დროს შენი გოგოების დევნაა? - აბა... - შერცხვა საბას, - გამაგულისა, გალახვა მინდოდა, გამექცა. - ჰო, ჰო, ილაპარაკე!... მასე კი არა, ბიჭო, აწი ცოლ-შვილს უნდა მოეკიდო და ქრისტიანულათ იცხოვრო... რაცხა ბედია, სალდათად არ წაგიყვანეს და მეტი რა გინდა?!. საბა გაჩუმებული იყო. ნათლად წარმოუდგა თვალწინ მარინე და კინაღამ ხმამაღლა დაიძაბა: - რა მშვენიერია მარინე! - ბიჭო, რატომ პასუხს არ მეუბნები? - შენ რომ არაფერი გიკითხავს, რა გითხრა? - არ გინდა ცოლი შეირთო, შვილი გყავდეს? - არ ეშვებოდა ბიცოლა სალომე. საბა შეწითლდა და, როგორც იყო, ამოდენა პირიდან... - რატომ? ქე მინდა... - თუ გინდა და ძაან კაი გოგოს გაგირიგებ... სალომე შეჩერდა. საბა უცდიდა. - ნეტავ მარინეს შემრთავდეს, - გაიფიქრა საბამ და ისეთი თხოვნით და ვედრებით შეხედა სალომეს, მითხარი ვის მრთავო, რომ თვითონვე შეკრთა და თავი დაღუნა, მაგრამ სიბნელეში სალომეს არაფერი დაუნახავს და შეუმჩნევია. - ახლა ხომ იცი, ჩემო საბა, შენთვის კაი მინდა... მარინეს და თალიკოს შენ არავინ დაგანებებს... როგორც ალხანაო, ისეთი ჩალხანაო, ხომ გაგიგონია. არც ქე გამოგადგებიან ისინი... საბას გულს მოხვდა ბიცოლა სალომეს სიტყვები... მარინეს ასე ადვილად თვალიდან გაქრობა არ უნდოდა; თვითონ იცოდა, მარინეს მისთვის არ მოაცლიდენ, მაგრამ საწყენი იყო ასე გადაჭრით უარისთქმა... ამ აღელვებულ გულზე მაინც უნდოდა საბას თავისი საბედოს სახელი გაეგო. - შენ გინდა კაი მეოჯახე ქალი, ჯანსაღი, ახლად რომ დასახლდებით, მეუღლე ხარივით გვერდში გედგას, ხნავდეს, თესდეს... ისე კი არა, დღეობაში გამოსამზეურებლათ რომ არიან ზოგიერთები... შვიდი-რვა თუმანი თუ ექნა, სახლს ქე დაგიდგამს და მერე თქვენმა ბედმა და ღმერთმა იცის... - შე ძაღლო და მამაძაღლო, - მოისმა უეცრათ ხმა საჭურედან. - რომ გითხარი ჭური გარეცხე-თქვა, რას შობი მადანე?! - აბა მეიფიქრე... თევდორე გიძახის და მეც ქე მეჩქარება... - მოვალ, მოვალ! - მიაძახა ძმას საბამ, მერე სალომეს ხელი დაუჭირა და ჰკითხა: - მაინც, ბიცოლა, ვის მირჩევ? - ვის გირჩევ, შვილო, და შენთვის ზედ გამოჭრილია მზეხა... მთვარემ სახლის თავიდან ყური ამოყო და საბას ფერმკრთალმა მნათობმა უნებურათ მარინე გაახსენა. სალომეს ნათქვამმა სახელმა არაფერი მოაგონა საბას... სალომე შთაბეჭდილებას უცდიდა. - მზითვი კაი აქვს, ხორაგსაც მოვაცემიებ... მოყვარეებიც ხომ ღირს ერთ რამეთ!.. ერთი მჭედელია, მეორეს დუქანი აქვს ხონში. - ვინ მზეხაა? - დაეკითხა ბოლოს საბა. - ულამაძის, შე კაცო, ნიკიფორე ულამაძის ქალიშვილი. - ნაბიჭვარი? - გაკვირვებით ჰკითხა საბამ და სალომეს მოდუნებული ხელი შეუშვა. - ჰე, ჩემო საბა... რამდენს რას იტყვიან, კი არ უნდა დეიჯერო!.. ნახე მისი ბიჭი? - კი, მარა... - აბა, დაღი აქ დაკრული?.. - ჩემთვის სხვა ვერავინ გამეიმეტე, ბიცოლა? - მწუხარეთ უსაყვედურა საბამ და გაჩუმდა. - დასახლება თუ გინდა, შვილო, ეს არის. ასი მანეთი ფული. ხორაგი, კაი მოყვრები... მზეთუნახავი არ არი, მარა არც ქეა დასაწუნი... - თქვენ რაზე მუსაიფობთ აქანე? - დაცინვით იკითხა საბას უფროსმა ძმამ, რომელიც საჭურედან ნელ-ნელა მოპარვოდა მათ, - შენი ტილისთვის ვერ მოგივლია, შე ჩერჩეტო, და ცოლ-შვილი გამომიწყე ახლა? წადი, შენი საქმე გააკეთე, თვარა, მაქვს სიცოცხლე, ზურგი გაგისქელო სახრეთი!.. შენ კი, დედაკაცო, რომ წაგიგდია ენა, ნამუსი აღარ გაქ?.. მეტის თქმა სალომემ აღარ აცალა: - ნამუსი მე კი არა, თქვენ არ გაქვთ, თქვე უღმერთოებო... მაგის ნამუშევარზე ხართ ყველა მიჩერებული და საწყალს ჭადსაც კი ამადლით... - წადი, ბიჭო, აქედან! - მრისხანეთ უბრძანა თევდორემ, რომ საბას არ გაეგონა წამაქეზებელი სიტყვები და მერე გამოსწორებოდა ენაყია დედაკაცს. საბა არ იძვროდა. - წადი-თქვა, რომ გეუბნები, არ გესმის, - და ჩამჯდარ საბას ფეხი ჰკრა. საბა წაიქცა, უცბათ წამოხტა და მოკლე ხელები ისეთის ძლიერებით სტაცა ფერდებში, რომ ტკივილისაგან და მოულოდნელობისაგან თავზარდაცემულმა თევდორემ ყვირილი მორთო: - მიშველეთ, მომკლა ამ ურჯულომ... ყვირილზე ხულიდან გამოვარდა თევდორეს ცოლი; საბასთან მისვლა ვერ გაბედა და კრუხი ქათამივით მიმორბოდა. თევდორე წიწილივით ჰყავდა საბას აყვანილი ჰაერში და არავინ იცოდა, რას უპირობდა. მოხუცებული მამა თავის სკამლოგინიდან იძახოდა: - გოუშვი, ბიჭო, შე ღმერთ გამწყრალო, გოუშვი... - და ეძებდა დასარტყმელად კეტს; მხოლოდ დედა გამოვარდა სამზარეულოდან აფთარივით და მოჩხუბრებთან თამამად მივიდა: - წევე, შენ გავდე რამეს, შე გლახა, შენ! სანუგეშო შვილს მიკლავ, შენზე კი ავტირდი!.. - დაუქაქანა ქალმა და საბასაკენ წაიწია, მაგრამ ხელი აღარ უხლია, რადგან საბას საზარათ დაეღრიჯა სახე და თვალიდან ცრემლები წამოსკდა. - რავა დედაბერივით ტირი, შენ კი დეიღუპე, შე ლენჩო და დედ-მამის შემარცხვენელო! - ამოანთხია დედაკაცმა უკანასკნელი გესლი და უკანვე გაბრუნდა. - მაგის ცოდვა მოგეცათ! - გადმოიძახა სალომემ ღობიდან და მიიმალა. საბა ნელ-ნელა გაიპარა. მივიდა საჭურეზე, ჩახედა ჭურში, რომელშიც შეამჩნია წინათვე ჩასხმული წყალი, ჩააგდო თაგვისარას ორჩხობი, მიუჯდა, გაშალა თავისუფლად ფეხები და უზოგველად დაიწყო რეცხვა. არავითარი აზრი არ ჩერდებოდა თავში, რაღაც ნაპერწკალსავით გაუელვებდა და მიჰქრებოდა... ძლიერის მუშაობისაგან ხვითქად მოდიოდა ოფლი... გული ოდნავ დაწყნარდა. ფიქრმა ხტუნვა მიატოვა. - ყველა, ყველა, მარა დედა?.. მე არ ვარ შვილი თუ? ავიღებ და არ ვიმუშავებ, მარა რომ არ მაჭამონ!!. გამლახონ... თევდორე უუ! - ღონიერია, მაშინ გამიჩუმდა, თვარა... წავალ... თუ აქანეი დედას არ ვეცოდები, ვინ შემიცოდებს?... ქუთეისს წავალ, ვიმათხოვრებ... სირცხვილია!.. ამ ფიქრებში გართული საბა მუშაობას არ უკლებდა. თაგვისარათი უკვე ამორეცხა; ამოასხა ნარეცხი, ოსპილოთი ამოამშრალა, ბალის ქერქით ჭურს თავი გაურეცხა, წყაროდან კოკით წყალი მოიტანა და ბალის კაბის ორჩხობით ხელმეორედ დაიწყო ჭურის რეცხვა. ** თევდორე ვერ დაშოშმინდა, რომ იქ მყოფთათვის ძალა ეჩვენებინა, თაროზე ჩამოკიდებული ჯანჯუხი კუთხეში მიაგდო, ცოლს „დაბერდი და გამოტვინდიო“ მიაყვირა, მამას უბრძანა: ხვალ დილას ხარები კარგად გამიძღე, ჩალის მოსატანათ უნდა წავიდეო; პატარა ხუთი წლის ბიჭს ერთი ღონივრად აუსრისა ყური, ისე რომ მთელ ეზოში დიდხანს ისმოდა მისი წივილი, სანამ არ დაექადა, გაჩუმდი, თვარა მთლად მოგჭრი მაგ ყურებსო. მაინც ვერ დამშვიდდა და საბას ჭკუის სასწავლებლად გაემართა. საბამ ფეხის ხმაზე შეატყო, რომ თევდორე მოდიოდა. მთლად გაიხარა წელში, თავი თითქმის ფეხებშუა ჩადვა და მუყაითად და ღონივრად უსობდა ჭურს ორჩხობს. - ვის გაუბედე, ბიჭო, შენ ხელოს შებრუნება? - პატარა სიჩუმის შემდეგ დაეკითხა თევდორე. საბამ განაბა სული და უმატა მუშაობას. - შენ გეკითხები, შე ძაღლო, შენ! - და ორათ გაკეცილი ხარის საბმელი ბაწარი მთელის ძალღონით თავიდან ბეჭებზე გადაჰკრა, თანაც ფეხი საბას გაწვდილ ფეხზე დააბიჯა, რომ საბას ადგომა ვერ მოეხერხებინა. - ვაი, დედა! - იყვირა საბამ. - აბა გეგონა შეგარჩენდი, შე უმადლო გლახაკო... მე გაჩიჩქნინებ, შე ღორო, თვარა შიმშილით ჩაძაღლდებოდი ნაღვარევში! - და მოუნაცვლა ბაწარი. ახლა ბეჭიდან გვერდზე გადაჰკრა... - არ ვიზამ, არ ვიზამ! - იძახდა ორკეცათ გაწოლილი საბა და ხელებით თავს იფარავდა. - არ იზამ, მეც ვიცი, რომ არ იზამ!! რა გაგიკეთდა, რომ ახლა ქენი?! - ბოროტად იძახდა თევდორე. საბას საზარელმა ყვირილმა და რტყმევამ დაათრო თევდორე. ურტყამდა ყოველგან, სადაც კი წაეწეოდა, როგორც კი მოახერხებდა, რომ დაულილავებელი არც ერთი ადგილი არ დარჩენოდა. საბას ფეხი აღარ ჰქონდა გაკავებული, მაგრამ ისე დარეტიანდა, რომ ადგომაზე არ ფიქრობდა, პირდაპირ დამჯდარიყო, ხელებს აფათურებდა მხოლოდ თავის ზევით, და ამ ხელებშიაც თითებს შორის ხვდებოდა ბაწარი... მხოლოდ, როცა თევდორემ იჯერა გული და თვალებდასისხლიანებული, მთვრალი ხვნეშით წავიდა სახლისაკენ, საბა წამოდგა, გადახტა ღობეზე და შეერია ხშირ ტყეს. იგი დიდხანს იდგა, დაჯდომა არ გახსენებია. ტკივილებს არ გრძნობდა, დაღლილი კი იყო სასტიკათ. - წავალ და გადავვარდები წყალში!.. - ერთი შეიშმუშნა, ტკივილები იგრძნო... შეამჩნია, რომ ფეხზე დგას... და ჯირკვზე ჩამოჯდა. - დავისვენებ და მერე წავალ და დევიხრჩობ თავს... აზრები აერია და ხის ძირში მიეძინა. მეორე დღეს თევდორემ თავისი ცოლი გაგზავნა საბას საძებნელათ. - აქ რას აკეთებ, საბა? - გამოელაპარაკა ქალი, თითქოს შემთხვევით შეხვედროდეს. - გამეივლის ვინმე ქრისტიანი და წავყვები, - მიუგო საბამ. - წამოდი სახლში... - დამშვიდებით უთხრა ქალმა. - არ წამოვალ!.. - გაჯიუტდა საბა. - რას ამბობ, შე კაცო, რავა არ წამოხვალ? სოფელ-ქვეყნის არ გრცხვენია? თავს ნუ კი მევიჭრით... ქალმა ხელი მოჰკიდა და ოდნავ მოზიდა. საბა გაჰყვა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი