ძლიერნი სულნი


(შექმნილი ლეგენდა)

De te fabula narratur

დიახ! იყვნენ ადამიანები ძლიერნი სულით, ამაყნი, ქედ-მოუხრელნი, დაუდგრომელნი. თავი ზე-კაცათ მიაჩნდათ, თავისი ნება - წმინდა კანონათ, პიროვნების გამოჩენა - უმაღლეს მიზნათ. სძულდათ და უყვარდათ არა გრძნობით - მთელი სხეულით, აზრით, სიხარულის ცრემლებით და ტანჯვის ხარხარით.

აზროვნებდენ არა წუთებით - წლობით იყვნენ გამსჭვალული ერთი საკითხით. ყველას თავი მეფეთ ესახებოდა და ქვეყანა - თვისი ცხენის სათელათ!

ნაქანდაკები შეხედულებით, იასავით მგრძნობიარე, გველივით მახვილ-გონიერნი - არ გვგავდენ ჩვენ, ლოკოკინასავით მოღოღიალე ხალხს, მატლებს ამა ქვეყნისა. არ ეშინოდათ უჩვეულო გრძნობის, არ ეძიებდენ მუდამ თანამოაზრეს.

აი ერთი ამბავი მათის ცხოვრებიდან.

I

ქვრივს ქალიშვილი ყავდა. რომ ამოდის მზე, ღვთის შესახვედრათ ქვეყანას მორთავს შვენებითო, ამბობენ. მართალია. მაგრამ შემომქმედი რომ გადმოიხედავდა, ქვრივის ქოხში ჩაიხედავდა, როგორ სძინავს ჩემს რუსუდანსაო. დიდხანს სტკბებოდა უფალი თავისი მხევალით; უფალი ზემოდან დაყურებდა მძინარე რუსუდანის შვენებას; ათასისთავის ვაჟიშვილი სულგანაბული იცთიდა თვისი სახლის კარების უკან, აი როდის გამოვა ეზოში ტანის რხევით და გამოაშუქებს ულმობელი ქალიო.

უმთვარო ღამე იყო, უვარსკვლავო. არ ეძინა მხოლოდ ათასისთავის ვაჟს. მეტ სახელად ცხენლოგინას ეძახდენ. მართლაც ან ცხენზე იჯდა და ან ლოგინში იწვა. შეიძლება იმიტომაც დაარქვეს ასეთი მეტი სახელი, რომ ცხენზე, როგორც ლოგინში, გრძნობდა თავს, თვეობით დახეტიალობდა მთაში მტერზე და მხეცზე სანადიროთ. ერთი ხანია კი სოფელს არ შორდებოდა.

ეჭვიანია სიყვარული. აი ახლაც ცხენლოგინა ბრაზობდა, ეჭვიანობდა: რათ შეეჩვია ქვრივს აფხაზი? რა აქვთ საერთო? შარშანდელი თარეშიც უმაგისოთ რომ არ მომხდარა, დანამდვილებით ვერ გავიგე; დავიფიცებ კი! ამდენი საჩუქარიც რომ არ მინახავს! მოაქვს და მოაქვს. რა ენაღვლება: ოდიშში ნათარეშევს აქ მოიტანს, აქიდან არაფერი გაყავს. რაც ეს აფხაზი დაუმეგობრდა ასისთავის ქვრივს, ჩვენში ცხვარიც არ დაკარგულა. შარშანდელი თარეში მაგის საქმეა! საწყალი ველის-მზელა კი ემსხვერპლა... მთვარიანი ღამე იყო. მოიტაცეს... კიოდა თვით მამამისმა ესროლა ისარი და ისიც და მისი გამტაცებელიც ცხენიდან ჩამოაგდო. ცხენოსანი რომ მოგვვარდა უშიშრათ, ჩაბალახ-ჩამობურული, ერთი დახედა, „ის არ ყოფილაო“, თქვა და გაქრა... აი ეს აფხაზია... ნამდვილ... მაგრამ ვისზე თქვა „ის არ ყოფილაო, მადლობა ღმერთსო?“ ნამდვილ, ნამდვილ რუსუდანზე... აჰ?.. სად წამივა? მიწაში ვერ ჩაძვრება, ცას ვერ გამოეკვრება; ხმელეთზე ყოველგან ვნახავ. მაშინდელ თარეშს არაფერი წაუღია, არაფერი გაუდენია... მხოლოდ ველის-მზელა!.. ქვრივ დედაკაცს საიდან მოეკიდა შვილობილათ ის აფხაზი?.. საწყალი ვახტანგი! მოკლა მტერი, მაგრამ თავისი შვილიც თან გადაატანა. ხელის კლანჭებით გამოღადრა ცხენს კისერი. დაიფიცა: სანამ ისრების რტყმევით ამ ცაცხვს არ გავახმობ, მანამ არც მე მოვშორდები ამ ადგილსო. ვერ გაახმო ცაცხვი... ვეებერთელაა; მისი ჩრდილი ახლა ფარავს ორივე მამა-შვილს. საწყალი ვახტანგი, რა ვაჟკაცი იყო... სულთ მობრძავი რომ იყო, მაშინაც ისარს ურტყამდა ცაცხვს. -

ბიჭო, ეს რა ამბავია?.. ცხენის ფეხის ხმა!.. ჩვენი ძაღლები ყეფენ! დიმიტრის ეზოს ჭიშკარი ჭრიალობს. ეი, მდევარი!.. ვინა ხარ?.. გამოიხედეთ! ქურდი! მდევარი! დედაბერო, თავს უშველე, გაგქურდეს! შენმა შვილობილმა გაგქურდა, ქალი წაგართვა!..

ცხენლოგინა უკვე უბელო ცხენზე იჯდა; აფშარათი მართავდა.

II

ცხენი მოკვდომოდათ. აფხაზი და რუსუდანი მდინარეს ქვეითად მიადგენ. წყალდიდობა იყო, გასვლა ეძნელებოდათ.

- სად წამიხვალ, წუწკო, ურჯულო! - მიაძახა მათ უბელო ცხენზე უიარაღო მხედარმა.

ვაჟი ისარივით გადმოვარდა ცხენიდან.

- თუ ვაჟკაცი ხარ, რას იგინები?

- შენ ზრდილობის რა ღირსი ხარ. ღამის ქურდო, სტუმრობის ადათის გამტეხო! გააგდე იარაღი, თუ მართლა ვაჟკაცი ხარ. მე უიარაღო ვარ.

- რათ ვიზამ სისულელეს! რათაც გაჯობებ, მით მოგიშორებ თავიდან.

- აკი გითხარი, ვაჟკაცი კი არა, ღამის ქურდი ხარ-მეთქი! მაგრამ არაფერია. რკინას ხელი უნდა, თვარა თვითონ ხომ არა ჭრის!..

- მარტო ვიყო, სახელისთვის შეგებრძოლებოდი, ახლა კი რუსუდანისათვის ვიბრძვი. გასამრჯელო საკმაოა; - დინჯად უპასუხა აფხაზმა.

ქაჯსა გავდა ნიფხავ-პერანგის ამარა მომხდური. აფხაზს მომარჯვებული ხანჯალი ეჭირა. პირდაპირ მივარდნა არ შეიძლებოდა.

ვაჟი ჭინკასავით ხან მოიკუმშებოდა, ჩაჯდებოდა, ხან ჩამჯდარი გადახტებოდა აფხაზისაკენ, ხან უკან დაიხევდა და საშინელის სისწრაფით აფხაზის ირგვლივ დატრიალდებოდა. დამხდური იძულებული იყო - მუდამ სახეში ეცქირა მტრისათვის, რომ უეცარის ნახტომით ზურგში არ მოქცეოდა.

ქალი ხმა გაკმენდილი შორიახლოს იყო და თავისი ყოფნით ორივეს ამხნევებდა.

ამ ხტუნვაში ვაჟმა აიღო ქვა... აფხაზს არ შეუნიშნავს... სასროლად ადვილად არ იმეტებდა. ერთად ერთი იარაღი იყო... დროს ეძებდა; თვალით ზომავდა; უმიზნებდა და ძალას იკრებდა... ერთი გადახტომის დროს თვალის დახამხამებაზე მარცხენა ხელით ფხვიერი მიწა მოსთხარა, ახლოს მივარდა აფხაზთან და თვალებში შეაყარა; მერე უკანვე დაიხია და ქვა შიგ მკერდში დასცა... აფხაზი შეტორტმანდა... ეცა ხელში. ხანჯალი ვერას გზით ვერ წაართვა. მარცხენა ხელში ლეკური და მარჯვენაში ხანჯალი სიკვდილსავით ჩაებღუჯა და ქვეყნიური ძალა ვერ წაართმევდა. ვაჟი სწვდა აფხაზს ყელში და გაგუდა. ორივე დაეცა... არც ერთი ხმას არ იღებდა... ქშინავდენ... ოფლი ხვითქად მოდიოდათ.

- გაუშვი ხელი!.. - დაიძახა ქალმა.

ვაჟი იმავ წამს წამოდგა და აფხაზი მიატოვა. ქალი წაქცეულს მივარდა, ჩაეხუტა, ცრემლებს აფრქვევდა, გულს უსინჯავდა, სუნთქავს თუ არაო.

- მოშორდი უმგვანოს!

- თუნდაც მოჯალაბე იყოს ფეხს დავბანდი, რომ შენ, უღმერთო, არ წაგერთმია.

- აფხაზია - ურჯულო.

- მის ღმერთს ვეთაყვანები!

- როდის მოასწრო შენი მოხიბლვა?

- როცა მისი ფშვენა ჩამესმა ძილში... როცა შემეხო ათრთოლებული ხელით... როცა უნაგირზე ჩამიკრა გულში... როცა გაშმაგებული მკოცნიდა და ყურადღებასაც არ აქცევდა მდევართა ისრებს და გახელებულ ქროლას ცხენისას უგზო-უკვლო მთა-ღრეში... როცა გაბედა და ჩემთვის დაარღვია სტუმართ კანონი და მომვარდა წასაყვანათ... შენ ვერ გაბედავდი!.. გულიც მოგიკვდეს!

- ვიცი ვერაფრათ მოგხიბლავ, მაინც გეტყვი: ყველაფერს ვიშოვიდი, მოვიმოქმედებდი, მონათ გაგიხდებოდი, ღვთაებათ დასახულო; აი ჩემი გული - ამოიღე, დაფერფლე, ოღონდ ერთი წამი მომეც სიტკბოებისა.

- თავს მომაკვლევინებ?

- აღტაცებით!

- მაშ რა გინდა?

- ერთი ამბორი...

- კარგი, თანახმა ვარ.

ქალმა შეუმჩნევლათ ამოაძრო თავის საყვარელ არსებას ხანჯლის ქარქაშიდან პატარა ხანჯალი.

- გაიხადე ფეხს! ოჰ, რა მშვენიერებაა! გაუშვი ტევრათ თმა, გადიყარე უკან; გადიღიღნე გულმკერდი, აიკაპიწე სახელოები! ასე... ოჰ, ნეტა თუ იყოს სხვა რამ ამ ქვეყნათ?.. ასე, აქ დაჯექ, ამ კლდეზე.

- რას მიშვები, რა გინდა?

- არაფერი, ერთი ამბორი მხოლოდ. ერთი ამბორი, მაგრამ ისე, როგორც მე მსურს... რომ დავდნე - რომ დავიწვე... რომ სანამ შენ მოასწრებდე, მე თვით დავლიო სული ნეტარების სისუსტით...

ქალი კლდეზე ჩამოჯდა. კლდე კიბისებური იყო, ვაჟი უფრო ქვემოთ დაჯდა. ტიტველ ფეხებს ხელი მოუჭირა, თავი ქალს კალთაში ჩაუდვა, გადასწია თავი და შეხედა... მშვენიერება იყო... ქალი დაიხარა... ფეხები გვერდებზე მოუჭირა, ჩაეკონა...

პატიოსნათ აასრულა ქალმა დაპირებული. მთელის სიძულვილის ეშხით, მომავალი შურისძიების წინათ-გრძნობით ჩაეწება ქალი ვაჟის ტუჩებს, მარჯვენა ხელი შემოხვია ყელზე. ნელა გაუხსნა ვაჟს ყელსაბმელი და გულზე ხელი დაადვა. ვაჟი მთვრალი იყო. ქალი არ ათავებდა კოცნას. მარცხენა ხელით ნელა დაადვა გულის ფანცქალს პატარა, ბასრი ფოლადის წვრილი ხანჯალი. ქალი არ ჩქარობდა; ქალი თვით გაიტაცა ვაჟის განუზომელმა ტრფიალების ჟინმა და ცდილობდა, სანამ ხანჯალი თავისას გასჭრიდა, ამოეწუწნა სული. ხანჯლის წვერი ნელ-ნელა შედიოდა გვერდების ძვალთა შორის სხეულში, თითქოს იქ ეძებს - დარჩა გული თუ ქალის ტუჩებმა ზემოთ ამოიღოვო. სისხლი ჭრილობიდან მოდიოდა, წყნარა მიყვებოდა ვაჟის სხეულს, იკარგებოდა პერანგის ჩრდილში და არ სვრიდა რუსუდანის კალთასა და თეთრ თითებს...

უეცრათ ქალი ჯერ გაიმართა, მერე ისევ ჩაიკეცა, თითქოს ხელმეორეთ კოცნისო... აფხაზი მიპაროდა მათ, შეემჩნია ღალატი, ჩაეკრა ხანჯალი და დასუსტებულს იქვე გული წასვლოდა...

სამივე მთის ძირში ეგდო.

მოწმენდილი ცა სხივს ფენდა. დაბურული ტყე ჩრდილს უგზავნიდა. ეკალი, მაყვალი, გვიმრა ფარავდა.

აფხაზი გონს მოვიდა, რუსუდანი და ვაჟი ერთმანეთს ჩაცივებოდენ ქალს სულის თქმა არ ქონდა. სიკვდილის ფერი კიდევ უფრო უხდებოდა შავ თმას და შავ ტანსაცმელს. ვაჟი ცოცხალი იყო... მგონი თვით ცდილობდა არ გამორკვეულიყო. ჭრილობა არ უგვრძნია; ეშინოდა - ამ კოცნის შემდეგ რუსუდანი გამშორდებაო.

III

აქაფებულ ცხენზე მათ თავზე წამოადგა ქალის დედა. ერთი თვალის გადავლებით სინამდვილე ვერ გაიგო.

- ღვთისა და თემობის მგმობელო, შენ მომიკალ, გამიუპატიურე ქალი! - მხეცივით ეცა დედაკაცი ცხენლოგინას, სცემდა, სჯიჯგნიდა და თან უყვიროდა:

- შენზე არ გავსვრი იარაღს, შეგჭამ ჩემი კბილებით...

- კმარა! - სუსტი ხმით დაიძახა აფხაზმა, - მე მოვკალ რუსუდანი, მოუარეთ.

დედაკაცი სრულიად დაიბნა.

აფხაზის სიტყვები ვერ გაიგო, ვერც ჯინჯგავითა და ყვირილით გამოღვიძებულმა ვაჟმა. სისხლისაგან დაცლილი - იგი უსიტყვოთ ეგდო.

ორ კვირას ელოდნენ ქალის გაცოცხლებას. თითო-ორორი, შემთხვევით წამონასროლმა სიტყვამ გააგებინა მათ მთელი სინამდვილე. სასოწარკვეთილმა აფხაზმა წამოიძახა:

- არც ერთი არა ვართ დამნაშავე!.. უბედურ დღეზე ვყოფილვართ გაჩენილი.

შვენიერებამ ლოყების ელფერი დაკარგა. გასივდა ტანი. გაჩნდა მატლი. თვალები ჩავარდა. თმა გაშეშდა, გახმა... სიყვარული კი დარჩა უკვდავი.

- რა ვქნათ ისეთი, რაც არც ერთ ადამიანს არ ექმნას? რით დავსტოვოთ სამარადისოდ რუსუდანის სახელი? - იკითხა ერთხელ აფხაზმა.

- მეც მაგაზე ვფიქრობდი! - თითქოს ძლივს წარმოსთქვა წყნარათ ჯერ კიდევ ფიქრში გართულმა დედამ.

- მეც!

- ავაშენოთ მეჩეთი!

- ათასი აუშენებიათ!

- ავაშენოთ მხოლოდ ჩვენ სამმა!

- ჩვენ - სამმა...

- ისე რომ არც ერთი ადამიანი არ დავიხმაროთ!

- არ დავიხმაროთ...

- მიუვალ კლდეზე...

- კლდეზე...

- უიარაღოთ, რომ ხელით ვთხრიდეთ ქვას და პეშვით მიგვქონდეს წყალი.

- კეთილი!

- არ ჩავიდეთ ქვემოთ, ადამიანებთან; შეკერილი არ ჩავიცვათ, მოხარშული არ ვჭამოთ.

- ამინ!

- მეჩეთი არ ვარგა.

- ჩემთვის სულ ერთია.

- ჩემთვისაც!

- ჩემთვისაც, ოღონდ რუსუდანი ღვთის მოსავი იყო.

- რომლის?

- რომლის?

- რომლის?

- ავაშენოთ ამის სადიდებლათ დიდი მშვენიერი გუმბათით სადგომი, მისდა კვარცხლ ბეკათ, მისი ტრაპეზი... მას ვუგალობოთ იმაში - ყველა ღმერთს, ყველა ძალას.

- ამინ.

- ამინ.

- ამინ.

IV

წინათაც ეს ადგილი მიუვალი იქნებოდა. ახლა თვით ჯიხვიც ვერ მოიკიდებს ფეხს. გზატკეცილით მიმავალი დიდხანს შეყურებს ცაში დაკარგულს კლდეზე რაღაც ნაშენს. არც კოშკია მტრისაგან თავის დასაცავი, მრისხანე და მაგარი: არც ეკლესიაა გუმბათ-სამრეკლოიანი. რაღაც უზომო მწუხარებას თავისი ტანჯვის გამოსახატავათ უნდა აეშენებიოს იგი. დაბალია და დიდი. გრძელი, რგვალი ქვითაა ნაშენი, არც კირი, არც სილა და ტალახი შიგ არ ურევია. მჭიდროა. ეტყობა - კალატოზს ყოველი ქვის დადებაზე დიდხანს უფიქრია, ქარი ხომ ვერ დაანძრევს, წვიმა ხომ ზიანს ვერ მოუტანს, სიმძიმე ხომ არ დაანგრევსო.

„ოთხი მკვდრის მონასტერს“ ეძახიან.

მართლაც, აქ თავის დღეში არც ზარს დაურეკია, არც მღვდელს უწირავს.

დიდხანს კი ისმოდა აქ სამი ადამიანის გალობა, თუ გალობა ზარით ტირილია. ახლაც უმთვარო და უვარსკვლავო ღამეში რაღაც გუგუნი მოისმის იმ ნაშენიდან. თუ შიგ შებრძანდებით, ნახავთ იატაკს, რომელიც თლილი ქვისაგან არ არის გაკეთებული, მაგრამ საკმაოდ სწორია: გავს - დიდის შრომით უხეხიათ ქვის იატაკი ქვებით და ისე გაულესიათ, რომ გაშალაშინებულსა გავს. ერთი კუთხე გადატიხრულია ვაზის საუცხოოთ გადაწნულის წნელით; ამ ღობეში წვრილის წნელით გამოხატულია მოხუცი ქალი, რომლის წინაც დგას ახალგაზრდა ქალი და აქეთ-იქით მუხლ-მოდრეკილი ორი ვაჟი. თვით აღსავლის კარების წინ გათლილი ქვის მაღალ გრძელ სუფრაზე დევს ჩონჩხი და შეყურებს აღსავლის კარებს. მასვე ირგვლივ იატაკზე სამი ჩონჩხი უწყვია: ორი გულხელდაკრეფილია და რიგზე დევს, მხოლოდ მესამე, მარჯვნით მდებარე, ხელებგაშლილია და მინგრეულ-მონგრეული. გავს - ყოფილ მიცვალებულს პატივითა და სიყვარულით ეპყრობოდენ ცოცხლათ დარჩენილი ჭირისუფალნი, სანამ უკანასკნელი არ გადაიცვალა უპატრონოთ, უჭირისუფლოთ.

ასე გგონია მაცქერალს - ეს ოთხი ჩონჩხი ახლაც რაღაც უცნობ ღმერთს, საკურთხეველში მყოფს, ევედრება - ეთაყვანებაო.

საკურთხეველში ტრაპეზი კი არის, მაგრამ რა ღმერთი იყო ზედაღმართული, უცნობია. მონასტერში ბევრი ღირს-შესანიშნავი ნაშთი იპოვეს. მეცნიერნი ცთილობენ მათი საშუალებით გამოარკვიონ, თუ ვის ეკუთვნოდა თვით ნაშენი. გალავანში ხელოვნურათ შეჭრილია ჯვარი; ეზოში ნახეს სპარსული ფული და ბერძნული პატარა ლამპარი. მეცნიერნი კამათობენ და ვერ გაუგიათ, რომ აქ სუფევდა ღმერთი, რომლის წინაშეც ყველა ღმერთები მხოლოდ უბრალო კათაკმეველნი არიან.

წარმართნი და კერპისთაყვანის მცემელნი, მაჰმადიანები და ქრისტიანები ისრის სროლით, ცეკვით მიახლოვებიან ამ ადგილს; ყიჟინით მოზღვავებულან, ზარბაზნები დაუმიზნებიათ; უნებლიეთ თავი კი დაუხრიათ, მუხლი მოუდრეკიათ უცნობი ღვთის წინაშე, რომლის არც ქანდაკება მოჩანდა, არც სიტყვა ისმოდა და არც ცოცხალი ქურუმნი ყავდა; მაგრამ მაინც სუფევდა... საგრძნობი იყო გულით, სახილველი გონებით... „ოთხი მიცვალებულის მონასტერში“.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი