წისქვილი


მდინარეს გადუბურავს ტყის ნაბადი და ნაწყენი ბუტბუტებს: ანკარა რუდ დავიბადე თოვლსა და ყინულთა შორის, მწვანე ბალახს ვესხურებოდი წვეთებად, ისევ შევვერთდებოდი და თეთრ პატარა ქვებზე მივჩხრიალებდი; შველი მკოცნიდა, მძივებივით თევზები დასრიალებდნენ ჩემს მკერდზე, ჩემს გულში. რა კარგი დრო იყო! მერე კი ყოველი ნაწრეტი, ნარეცხი, ღვარი და წუმპე შემომიერთდა; ამამღვრიეს, გამსვარეს... არაფერია, აი ზღვაშიაც მოვხვდები, იქაც კარგია, ფართოდ გავიშლები... ეს სილა და ტლაპო მომშორდება.

როგორ მოვხვდი ამ ადგილას? - ფიქრობდა ხიდათ გადებული მუხა. - მზის სხივები მეხვეოდნენ. მთვარე სანამ გულში, ფოთლებს შორის, არ ჩამიძვრებოდა, არა მშორდებოდა; არეს ჩრდილით ვფარავდი; სიყვარულით შემომცქეროდა ქვეყანა; ბატონობას მაწვდიდა ხეობა. ახლა ყოველი წირპლიანი მჯაბნის; შუა წელზე რომ დამადგებიან, მაშინ დაიწყებენ ხტუნვას - რა ენაღვლებათ რომ მტკივა, მტკივა... მაგრამ მოვიდეს ერთი ნიაღვარი, გაყურებინებთ სეირს: შიგ შუაზე ჩავტყდები, როცა შუაზე იქნება ვინმე წისქვილში საფქვავით მიმავალი; დაიყურყუმალებს, მე კი გავსწევ ზღვისკენ...

წისქვილის ქვა ციბრუტივით ტრიალებს და უშვერად ილანძღება:

- ვაი დედა, რა დროს მოვესწარი! ფეხის მოკიდებას ვერავინ ჰბედავდა ჩვენს სალს კლდეზე, გრილოდა მუდამ, მთელი ჩვენი გვარეულობა ხელუხლებელი იყო. ახლა უყურეთ ამ ლაწირაკს, როგორ გვიტრიალებს, როგორ გვფშვნის და გვტეხავს. ეს გლახაკი მარცვლებიც რომ არ იშლის და სეტყვასავით მოდის; ვფქვავთ, ვაცამტვერებთ, მაგრამ მაინც ჩნდება და ჩნდება. ჰუ, რა სიცხეა... მაგრამ არაფერია. ჩავძირავ მეც ქვევითკენ. შეჩერდება ბორბალი და დავესვენები მშვიდად მდინარის ძირში.

მთვარე დაჰყურებს წისქვილს და მორცხვად პირს იბრუნებს. მიჯნური მშორდება და იცვლება. მეც ვიცვლები. კარგი არ იყო, როცა მხარი მხარს მიდებული ერთმანეთს თავს ვევლებოდით მე და მიწა. ჩემს კოცნას ცეცხლის ფრქვევით უპასუხებდა. დანელდა გული. გამოგვერია ჭაღარა და ვშორდებით ერთმანეთს... მოვა დრო და სიყვარულის ქსელი კიდევ შეგვბოჭავს...

მეწისქვილე, მოხუცი მეწისქვილე, ზის წისქვილის დერეფანში და ფეხს იბანს. აგონდება ჯვრის წერა. შავი ძარღვიანი გოგო, პატარა ბავშვი, ყანა და ვენახი, მტერ-მოყვარე, მერე კუბო, ტირილი... არაფერია, დიდია ღმერთი, იქ კიდევ შევხვდები მათ.

მოკაშკაშე მთვარე. მდინარე ტირიფებით დაბურული, მასზე გადაგდებული ხიდი. წისქვილი ისლის სახურავით. დერეფანში ზის მეწისქვილე და ფეხს იბანს, ჰაერი გაჩერებულია.

ყველას რაღაცა იმედი აქვს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი