სული


შაჰი-შაი ჯიუტი ადამიანი იყო. თუ ერთხელვე ამოიჩემებდა რასმე, უსათუოთ უნდა აესრულებია. როცა მის სურვილს რაიმე წინააღუდგებოდა და სისრულეში მოყვანა შეუძლებელი ხდებოდა, ავად შეიქნებოდა და აქიმები ტყუილა ცთილობდენ მის მორჩენას.

ერთხელ შაჰი-შაიმ იკითხა:

- სად არის ადამიანის სული?

- თავში, - უპასუხეს დიდებულებმა.

- გულში - უპასუხა პოეტმა.

- სტყუით! - განრისხდა შაჰი-შაი. - არ მომწონს თქვენი პასუხი.

რადგან თვის კითხვაზე ყეენმა დამაკმაყოფილებელი პასუხი ვერ მიიღო, ბოღმა მოერია, დასუსტდა და სახლიდან ვერ გამოდიოდა.

დიდებულნი ცდილობდენ ხმა-ტკბილი ბაიათებით, მგოსანთა ხოტბა-დიდებით, ბანოვანოვანთა ცეკვა-რხევით გაერთოთ ისპაჰანის მბრძანებელი, მაგრამ იგი უფრო და უფრო ყვითლდებოდა. კვნესოდა და გულმოსული ერთი-მეორეზე უსასტიკეს ზნე-ჩვეულებას იჩენდა.

შეძრწუნდა ხალხი.

გადაწყვიტეს ეძებნათ კაცი, რომელიც ამოცანას ახსნიდა და გაბოროტებული შაჰის რისხვისგან იხსნიდა მათ.

ასეთი კაცი აღმოაჩინეს. იგი იყო ტყეთ წასული ვიღაც ბრძენი. სახლი მიეტოვებია: ტანთ თითქმის არ ეცვა. ძვირად თუ ვისმე დაელაპარაკებოდა და მუდამ ცას შეჰყურებდა. მას სულელს უძახდენ. ძვირად თუ ვინმე დაელაპარაკებოდა, მაგრამ უმწვერვალეს გაჭირვების დროს ყოველთვის მას მიმართავდენ.

- გადაგვარჩინე! - შეეხვეწენ მას.

- კარგი, თუკი გინდათ, მაგრამ ღირს კი? შაჰის თუ გადაურჩით, შიმშილი მოგკლავთ, შიმშილს თუ მოერიეთ, ხანი. თვით სიკვდილი კი არაფერი საშიშო არ არის. იგი ფერისცვალებაა მხოლოდ. სწორედ ისე, როგორც დღეს ვისაც თეთრი აცვია, ხვალ შავს ჩაიცვამს. ეს რათ უნდა იყოს საშიში და საძაგი? სულ ერთი და იგივეა.

- შენსას ვერაფერს გავიგებთ და შენ ჩვენსას ვერ გაიგებ. დაგვეხმარე ამ საქმეში. გადაგვარჩინე და მერე, რაც გინდა, ის გვითხარი. ჩვენც ყურს მაშინ დაგიგდებთ - ახლა კი მაგის დრო არ არის. ვწყდებით, გვიშველე!

თმა-გაწეწილი, ძონძებში გახვეული, ჭუჭყიანი ბრძენი კინაღამ არ გამოაგდეს სასახლიდან, მაგრამ, როცა გინებას ყური არ ათხოვა, დარტყმაზე გაიცინა და სიკვდილით დასჯით დამუქრებაზე თქვა: „სულ ერთიაო“, მსახურთ გაუკვირდათ და ავადმყოფს შაჰის მიგვარეს.

- სადაა ჩემი სული! - დაეკითხა შაი ბრძენს, როგორც კი დაინახა ახალი სახე.

- შენ გვირგვინში...

- ამისი? - ხელმეორეთ დაეკითხა შაი და მიუთითა მხატვარზე.

- იმ სურათში, რომელსაც ახლა ხატავს.

- მაშ ათასი სული ჰქონია მხატვარს, რადგან ათასი სურათი მაინც დაუხატავს. შეხედე გველეშაპის დასისხლიანებულ თვალებს და, აი, თითქოს ახლა მოსულა ინდოეთიდანო, საკუნტალას. ორივე მისი სულია?

- ჭეშმარიტათ! - უპასუხა ბრძენმა.

- ამ ბავშის სული სადღა უნდა იყოს? - შაჰი უფრო და უფრო ბრაზდებოდა. თანაც ცნობის მოყვარეობამ აიტანა. ტახტზე წამოიწია და თვალები ჩააშტერა ბრძენს.

- ვაშლში, რომელსაც ისე ნდომით შეყურებს.

ბავში, მართლაც, თვალებით ყლაპავდა ვაშლს, რომლის ერთი მხარე ბროწეულის ყვავილივით წითელი იყო და მეორე კი ქარვასავით ჩაყვითლებოდა.

- შენი კი, შენი? ჩქარა მითხარი ვიღაცა ხარ!

- ჩემი მსოფლიოში, აქ, იქ, ზემოთ - ცაში და ქვემოთ - დედამიწაში, მარადისში და განუსაზღვრელში.

- მე ერთად-ერთი სული მქონია, - ფიქრობდა შაჰი-შაი. - მხატვარს, ბავშსაც კი, ათასი. ბრძენის სული კი განუსაზღვრელია და მარადისი. ჭეშმარიტათ მათთან შედარებით მე საცოდავი ვარ.

და შაჰი-შაის სურდა ან ბრძენი ყოფილიყო, ან მხატვარი და ან ბავში მაინც!

ბავში მაინც!

და რადგან ეს არ შეეძლო, უფრო და უფრო მძვინვარებდა შაჰი- შაი, რომლის სული მხოლოდ მის გვირგვინში იყო მომწყვდეული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი