გული
მოკვდა. დის ნაზს ხელს არ გაუსწორებია სასთუმალი; იდუმალის მწუხარებით არ შემოუხედავს ავადმყოფის ოთახში სატრფოს თვალებს; ნაცნობებს არ მოუკითხავთ; უკანასკნელ წამს შენდობა არ მიუღია იმ მშვიდ, წყნარ ადამიანისაგან, რომლის ძალა აღარ სწამდა, მაგრამ დამამშვიდებელი სიტყვების მისგან გაგონება მაინც უნდოდა; დედას არ დაუყრია ცხარე ცრემლები. მოკვდა უცხოეთში. - ათასი სნეულებით იყო ავად, არავითარმა წამალმა არ იმოქმედა, - იმართლებდა თავს ამხანაგთა წინაშე ექიმი. ცხედარი გაჭრეს. პროფესორმა ხელები ჩამოუშვა და გაკვირვებულმა წამოიძახა: - შეხედეთ, ბატონებო, ეს რა ამბავია?! ერთმანეთს შესცქეროდენ. - ბატონებო, გული, გული, სადღაა? გულის მაგიერ ფერფლი-ღა დარჩენილიყო. დეპეშით გაგებული უბედურებისაგან თავზარდაცემული დედა შევიდა საყვარელ შვილის ობლათ დატოვებულ ოთახში. ქვითინებდა: ასე გამომიმეტე ქვრივი ოხერი? სადაა შენი კარგი გული, ამდენის ვაით და უით რომ ჩაგიდგი საგულეში? კედლიდან პატარა რუქამ გასცა პასუხი: - მე დავაჭკნე! - მე დავწვი! - გახმაურდა სურათი მაგიდაზე. სიტყვები არავის გაუგონია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი