დაბურული ადგილები


როგორ მიწყნარდა ჟუჟუნი ბედის…

კარგა ხნის ჩასული მთვარის შუქი ერთიანად დამშრალიყო მაღალ და ღრმად გაჭრილ ღრუბლების არხში.
ქართან ჭიდილისაგან მოქანცული და არაქადგამოლეული ხეები ერთიმეორეს მიჰყუდებოდნენ.
ჩამიჩუმს არღვევდა ხნიერი ცაცხვის შრიალი, მგონი, ლოცულობდა.
ცაცხვის ძირში ორი მეგობარი ჩამოჯდა.
– რას უწოდებდი ბედნიერებას? – შეეკითხა პირველი.
ის, რაც უბედურებით დამთავრდა.
– თუ კიდევ გახსოვს შენი სიყრმის დღიური?
– იქ, თვალებია, ბაღი, შეხვედრა და ვნებიანი სითბო შენი ხელების, ჩვენ ხომ გაფრენილ ბეღურებს ვგავდით და ტოროლებით დახუნძლულ ნისლებს, ხომ გახსოვს:

მელოდებოდი ფოთლებთან ერთად,
თხელ სივრცეებში ხედავდი ბილიკს,
თან ყურს უგდებდი ქარის სიმღერას
და წუთისოფელს სულ ხმა გაკმენდილს.

ის აღარ მოვა, რადგან სისხამზე:
ჩვენ ვნახეთ ღამეს რომ გაეტირა,
შენ ასე გითხრეს ამხანაგებმა
და კულულებზე ყვაოდა კვირა…

ჭაბუკს ხმა წაუვიდა. სიჩუმემ ორივე გაიტაცა წარსულისაკენ, იქ, სადაც ბურუსივით მოგონებები მარმარილოს სვეტებივით შეექვავებიან ბედის სიწყნარეს, იქ, სადაც, ოდესღაც სწერდა პოეტი: “ო, ეს სიცოცხლე, ნეტავ როდის გამომნელდება…”
ცაცხვის ხე შიშისაგან ისე კანკალებდა, თითქოს უღრანი მთების ზვავის ხმა იმის ქერქში ღამეს ათევდა. გარინდებული მეგობრები დაღმართს ჩასდევდნენ.
ამოვარდნილი გრიგალი ღრუბლებს სადღაც მიერეკებოდა. ვარსკვლავების ჩუმჩუმა ჩითილი გამოჩნდა, ბოროტი ქარი არც ამ უსაზღვროების ნარგავებს უსვენებდა, ხან ამოუწევდა გახამებულ შუქს, ხან ჩაუწევდა და ისე ჩააბნელებდა ხოლმე მთელ არემარეს, რომ ორი სულდგმულის ლანდი კი არა, ხეების ჭაჭანებაც აღარსად ჩანდა.
ნაძვის ხე, საიდანღაც გასძახოდა ალვის ხეებს: რას ჩაძმარებულხართ?! ზევით აიხედეთ, გუშინ მზეს რამდენი ქვირითი დაუყრია – შეხედეთ, რა უამრავი ვარსკვლავებია!..
თავაწეულ ალვის ხეებს რაღაც უნდოდათ ეთქვათ, მაგრამ თავმოშიშვლებული ქარიშხალი შორიდან უტევდა: ხმა ჩაიკმინდეთო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი