დედამიწა ბღაოდა
ფრთხილად, ხალხი მიწიდან არ გადაცვინდეს! ამოვარდნილი ქარიშხლები ზათქით, წუილით და ღრიანცელით მიერეკებოდნენ შემზარავ ღრუბლების ჯოგს ევროპის გაცრეცილ სივრცეებში. ორტოტა ელვა და ჭექ-ქუხილი, დელგმა და ბდღვირი შემაძრწუნებლად მოიგელვებოდა რუსთა-ველის და დანტეს, შექსპირის და გოეთეს, ჰიუგოს და პუშკინის სამშობლოს მიწა-წყალზედ. დედამიწა უკუნეთის ქარაფების წინ ინჯღრეოდა. ხუფაყრილი ვულკანები ყვიროდნენ. უსაზღვროების გაუვალ ხრიოკებში ელდანაცემი პლანეტები ბღაოდნენ… პირველი მსოფლიო ომის აუწერელი უბედურება დასტეხოდა ქვეყნიერებას. დიდი და პატარა ფეხზე წამოჭრილიყო. განწირულ ხალხთა დაუსრულებელი ნაკადი ჭირხლივით მიიწევდა კაცობრიობის სასაკლაოზედ, სადღაც ალქაჯების ცეცხლის კოცონი ენთო და გერმანელების იმპერატორი ვილჰელმ მეორე თავიდან ფეხებამდე იარაღასხმული ჯარით, ლენცოფანაჭამი ნადირივით დარეოდა ფრანგებს, რუსებს, ბელგიელებს… ზარბაზნები გრგვინავდნენ, სისხლის მორევში იკეცებოდნენ მშვიდი სოფლები, მიწის პირიდან იღგვებოდნენ საუკუნეთა ჯაფით აღმართული ქალაქები, ნადგურდებოდა ხუროთმოძღვრების დიადი ძეგლები, ნაცარტუტად გადაქცეულიყო ერების აურაცხელი ქონება და სიმდიდრე, ბრწყინვალე ქმნილებანი გადანჩრეულიყო თოფის კონდახებით, ხელთუქმნელი საგანძნრები ლაფში ამოეთხარათ. ლუვრის კიბეზე ხელებმოკვეთილი მილოსელი ვენერა იდგა და გამვლელ-გამოვლელს ბედის უკუღმართობას შესჩიოდა. დიახ, შავი ღრუბლები ტრამალებს, გზაჯვარედინებს და მთელ არემარეს მოაბნელებდნენ. ქვემეხები გრიალებდნენ, ტყვიამრფქვევები დღედაღამ უყეფთდენ. სეტყვასავით წამოსულ ტყვიის თავსხმაში, ბათქაბუთქში, გაოგნებული მოსახლეობა სად გარბოდა თვითონაც არ იცოდა. ასე გასინჯეთ, ვეებერთელა კვამლის სვეტებით ცის კაბადონებიც იჭვარტლებოდნენ და კაცს აღარ ეგონა, თუ გამურულ ტატნობებს შხაპუნა ავდრები ოდესმე გაგვირეცხავდნენ. კამარებს ზევით აზიდულიყო: გამსკდარ ყუმბარებისგან გამოფუღრული მთის ორწოხების ბუღი, ძირფესვიანად ჰაერში ატყორცნილ შესანიშნავ ნაგებობათა შედედებული მტვერი, აფეთქებულ არსენალების ღრიანცელი, დანგრეული სახლების, ხიდების, ქოხმახების ანარეკლი, მართლაც, გველეშაპებს ალყა შემოერტყავთ წუთისოფლისთვის. დღე ერთი იყო და საგანგაშო საყვირების ათჯერ ზრიალი. სამარქაფო ჯარისკაცების ჭაჭანება აღარსად სჩანდა. სახანძრო რაზმში ქალები ეწერებოდნენ. მტარვალების გამოისობით რა წვერამწვანებული ახალგაზრდობა ისხიპებოდა. ღმერთო, როგორ ნაქუჩებივით ისროდნენ ყმაწვილ კაცობას გამძვინვარებულ ჭიაკოკონაში, რა უწყალოდ იჟუჟებოდა მთელი ქვეყანა. გაძვალტყავებული ლტოლვილებით გაჭედილიყო რკინიგზის სადგურები, ტურტლიანი და მოხუხული ბაქნები. შიმშილისაგან დასუსტებულ და ხმამიკნავებულ ბავშვებს, შეწუხებულ დედებს, შრატისფერი დასდებოდათ; ერთ ადგილზე ჯდომით მუხლები დაბუჟოდათ; ხმაურს და ჟრიალს, ნაგავს და ჩეჩქს, თუთუნის და ყლარტის სუნს, კარფანჯარებჩამტვრეულ დარბაზებს, ბამბის პატრუქამოჩრილ ჭრაქებს, ცარიელ თვალებადღა გადაექციათ უსახლკაროდ დარჩენილი ადმიანები; ლტოლვილები იმდენად სასომოხდილები გამოიყურებოდნენ, რომ შეგებერათ, წაიქცეოდნენ. შარა-გზებზე შიშიანობა იდგა: ძარცვა და რბევა გახშირებულიყო. ამას სისხლად ფასობდა კვნიწი მარილი და შავი პურის ნატეხი. ბალბის და ნაცარქათამას კერძის სანუკვარ საჭმელად ითვლებოდა; თუ ღრინჭველას და მაჩიტას ვინმე მიაგნებდა, სიხარულით ცას ეწეოდა. გამალებულ ომს ბოლო არ უჩანდა. საზღვრები ხელიდან-ხელში გადადიოდა. ფრონტები ამინდებივით იცვლბოდნენ. ხიშტჩართული ბრძოლებით, ცხენოსანი მხედრების თქარათქურით, ამართული ხმლების ჭახაჭუხით, გამარჯვებულთა საიერიშო ყიჟინით და დამარცხებულთა უკან დახევით. თავში კეტდარტყმული კაცივით ბარბაცებდა ქვეყნიერება. ევროპის ხმელეთი შემოხვეული ურჩხულის სიმძიმით იზნიქებოდა. ჩახერებული დედამიწა მკვდრებს ძლივსღა აუდიოდა, სასაფლაოებს ვეღარ ინელებდა, სისხლა აღებინებდა, სუნთქვა ეკვროდა, მზად იყო ზეცის ბადიმი აენგრია და სადღაც შორს, შორს… თუ გნებავთ სინათლის იქით გადახვეწილიყო, ოღონდ მსოფლიო უსიამოვნებას , გაუნელებელ შფოთვას, ადამიანთა ხოცვა-ჟლეტას განშორებოდა… განშორებოდა ცოდვილ ქვეყანას. შებოლილ სივრცეებში ფრინველებსაც სული უგუბდებოდათ. ღა ვუყოთ, თუ მხოლოდ ლეშით გამაძღარი ჭილყვავები მეტიჩრობდნენ, აუგს ყბედობდნენ. სამაგიეროდ ბრძოლის ველზე ცოდვის კითხვა ტრიალებდა: აჩეხილ და წელებგამოფატრული მებრძოლთა ზედახორა, დასახიჩრებულ მოკლულებით ამოვსილი ჭაობები; ხრამში და ღრეებში გადაჩეხილი საზიდრები, ავტომანქანები, ტყვიით დაცხრილული ჭაბუკები, თავგაპობილ პირუტყვებთან ერთად ერთიმეორეში აზელილიყვნენ; მინდვრები მოდებული იყო გაფშეკილი და გახრწნილი მკვდრებით,უყურადღებოდ მიტოვებული დაჭრილებით; წყლით სავსე ორმოები, ხომ საშინლად ყარდა ნაიარევი და ჩირქგამხმარი გვამებით. ხევში თავდაყორა გადავარდნილი ჯავშნიანი მატარებლები, ნაპირზე გარიყულე დამხრჩვალი მეომრები გამობერილი მუცლებით; პირქვე გადმობრუნებული ნავსადგურებთან ღუზაჩამოყრილ და ცხვირშეჭყლეტილ ხომალდების შიშინი; ჩაძირულ გემების ალაგას მეზღვაურთა ქუდების, ბავშვთა სათამაშოების, დამსხვრეული კარჭაპების, ნავების, ნიჩბების ტივტივი – კაცობრიობის ჭკუაზედ შერყევის უტყუარი ნიმუში იყო. სახიფათო კუნძულის მობინადრენი – ტარტაროზი ინგლისელები, გამოჩერჩეტებულ და ხეკაკუნა ნიკოლოზ მეორეს აქეზებდნენ, ზოგჯერ კიდევაც აიძულებდნენ, რომ ურიცხვი ლაშქარი მიეყარა ევროპის და მცირე აზიის სანგრებთან. უდედმამოდ დარჩენილი, თვალებშეშუპებული ბალღები, შერცხვენილი გოგონები ერთი ქალაქიდან მეორეში დაძრწოდნენ და ცრემლმორეულნი ეხეთქებოდნენ ალაგმულ სიცოცხლის გადამწვარ მარგილებს. მდუღარე სისხლის ნიაღვრებში ლპებოდა: მიქელანჯელოს, დოსტოევსკის, ბაირონის, ბარათაშვილის, პუშკინის, ჰიუგოს სამშობლო. საფრანგეთის სატახტო ქალაქში გერმანელების ყუმბარები წიოკობდნენ, პარიზი ღველფში და ღადარში იკრუნჩხებოდა. მის ქარაშოტი საბერველივით უბერავდა, წალეკილ ხალხთა საუნჯეს დაუზოგავად ანიავებდა. დედამიწა კოკისპირულ ტანჯვის სადღვებელში ჩაეგდოთ, მართლაც გავარვარებულ საკირეში იწვოდა ახლადფეხადგმული მეოცე საუკუნე. თუჯისფერი ღრუბლები ისე ეკიდა, თითქოს ზეცას სარჩული გამოსჩროდა. წელმოწყვეტილი და გამოთაყვანებული მეფეები, აბრეშუმის შარიშურში ჩაფლული ქარაფშუტა და თოქშო დედოფლები, უფლისწულებს ბაჭიებივით უფრთხილდებოდნენ, სეფე-ქალებს და ძიძებს დღეში ათჯერ უტატანებდნენ; თაღლითი და ყოყოჩი პრემიერ-მინისტრები, ფხუკიანი და ჩხაკუნა დეზებიანი მთავარსარდლები, განიერ რუკებს გამადიდებელი შუშებით წაყუდებოდნენ, მტრის სტრატეგიულ გეგმებს ფუშავდნენ, ერთმანეთს ფეხებში ბრიყვი ჩოჩრებივით ეხლართებოდნენ, თან გაცხარებული კამათით და ყვირილით ჭიჭინაზე სივდებოდნენ… გაიძვერა ელჩები და გაქნილი დესპანები ერთ შეხლა-შემოხლაში და ჩოჩქოლში იყვნენ: შიკრიკებს სინსილას უწყვეტავდნენ, ხან სად აფრენდნენ, ხან საით; ეთი მეორეს ლაყე კვერცხივით ასკდებოდნენ, თეთრ ხელთათმანწამოცმულ ხელებს იქნევდნენ, მუშტებს მაგიდაზე უტყაპუნბდნენ, მეტისმეტი სიანჩხლით სისხლი თავში უვარდებოდათ, ოფლი წურწურით ჩამოსდიოდათ. საიდუმლო მიმოწერების, მლიქვნელი პირობების, ფარატინა ქაღალდის ფასად რომ ღირდა. სახელდახელოდ შეთითხნილ აზრების კისრის ტეხვა და კორიანტელი იდგა, დაგეშილ ჯაშუშებს თავის საჩხერკედელაო ამინდი დასდგომოდათ: მტრის ზურგს უკან დაეხეტებოდნენ, მიბობღავდნენ. ჯარის განლაგებას ზვერავდნენ, სამხედრო ბაზებში ნიღაბამოფარებული მიძვრებოდნენ; საეჭვო რესტორნებშ მიმტანებად ეწყობოდნენ, რომ ყბედი და ბახიბუხა გენერლებისთვი განგებ ყური წაეყრუებინათ, თუმცა ბევრ მათგანს ჯილდოს სანაცვლოდ სახრჩობელას ყულფზე კონწიალი დაჰბედებოდა. ტყვეებს ეკლიან მავთულით შემოვლებულ ბანაკებში ერეკებოდნენ. შიშდარეულებს სახეზე კაცის ნასახი ძლივსღა ემჩნეოდათ. იყვნენ ისეთი ყლიფის წუნწკლიანი ბედოვლათებიც, რომ ტყვედ ჩავარდნილების წამოყვანა ეზარებოდათ, იქვე ხვრეტამდნენ, ან ცოტას გაიტყუებდნენ და სადღაც უწყალოდ სპობდნენ. იმ უბედურთა არც მუდარა, არც ტირილი, არც მუხლებზე ხელების შემოხვევა მათ გულს არ უჩვილებდა, არ ულბობდა. მართლაც. რომ ომი ლმობიეებას აქრობს, ააბრაგებს, ამხეცებს ადამიანებს. ჩულიან და ცინგლმოუწმენდავ სულთანის თურქეთს ამიერკავკასიის დაპყრობა განეზრახა: ჭოროხის ნაპირიდან, არსიანის ქედიდან, გაღმა არაქსიდან ჯაჭვაწყვეტის ნაგაზივით იღრინებოდა და ჰამბურგის ბაზარზე შესყიდულ დურბინტით ათვალიერებდა აჭარის, მესხეთის, ალექსანდრეპოლის მიდამოებს. ოდესღაც სათათრეთში გადახვეწილ სომხებს ნახევრად ველური ასკერები ანატოლიის ხრიოკებშI ულმობლად ჟუჟავდნენ, ანკარელი ნადირები უდანაშაულო ხალხის სისხლში ამოთხვრილ ხელებს, ვერც ციხის წყევლას ხონთქარის ჩამომავალნი განა ოდესმე მოინელებდნენ? თურქეთში გატაცებულ ქართველს პოეტი სწერდა: რუხი მეჩეთი ცაზე აყრილ ღრუბლებს იცოხნის, ზოგჯერ ამთქნარებს ყურანივით ტლანქი, ტიალი. შენ კი ჩადრივით მოგისხია მხრებზე სიცოცხლე, მიჰყვები ბურანს და გიყურებს მთა თრიალეთი. ვიცი მოკეთევ, უცხოეთი გღრღნის და გაწამებს, გატაცებული ნაფუძვრები, ქედი, მინდორი, დახედავ ყვავილს, ვით მძინარე ბავშვის წამწამებს, თავს დატოტვილი რო ადგია ხნიერი წნორი. ოშკის სამრეკლოს ჩუქურთმებში ბუდობს სიმღერა, ეგ იავნანაც თამარ მეფის სახის ხალია, ჩაფიქრებულხარ გზიდან-გზაზე ბედამღვრეული, და ქართულ ჰანგებს შენს მკერდის ქვეშ უფართხალიათ. დრო რას დახეთქავს სწრაფ ჭოროხის ზვირთების ყავარს, ზედ გადახვეწილ ქართველების ფიქრები ყრია. რა დაავიწყებს ჩემი ერის დიდების მაყარს, ვინც საქართველოს დერეფანი ჩამოანგრია. ხრიოკ სივრცეში მდინარეთი მძიმეთ ახველებს, ხედავ, უბედურს ჭლექი როგორ შეუნახია?!. მანდ რჯულშეცვლილი დაემხობი მეჩეთის ხვრელთან, მესხეთში შენი ქრისტიანი დედა მარხია. ავსტრიის მხარეზე გააფთრებული ბრძოლები სწარმოებდა, იქ, სადაც ხრიკიანი რედლის ღალატმა კინაღამ სულერთიანად არ დაღუპა ფრანციოსების მიწა-წყალი, ჩაუხა პრეზიდენტაბის და მილიონერების წასისინებით მთელი დასავლეთი ცათამბჯენ ჭიაკოკონაში ათქვეფილიყო, ცეცხლის ნაპერწკლების ტკაცატკუცი და ტკრციალი ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანედან ალჟირის ნაპირებამდე სწვდებოდა. ღვედაწყვეტილი დედამიწა წაპანს ვეღარ ეწეოდა და ისტორიის აოხრებულ გზებზე გულსაკლავად ბღაოდა. აოშვნილ უბედურებას გაპარპაშებული მტარვალები დახაროდნენ, ძვირფას ნადავლს, დოლარებს, სტერლინგებს და ეკატერინე მეორის სურათმიტყეპებულ ათთუმნიანებს სეიფებში ინახავდნენ. დასწყევლოს გამჩენმა, რაღაც ბრმა-ყრუობა ბატონობდა, გიჟები მართავდნენ ქვეყნიერებას. სიბნელის ბათქაშით შემოლესილი სამფლობელო გეგონებოდა, სადაც შმაგების გაუგონარი უტიფრობა და გონებამიუწვდომელი ბოროტების კუნტრუში მეფობდა. ილაჯგაწყვეტილი ხალხი მოითხოვდა უთანასწორობის განადგურებას, ზავს, მშვიდობას, რომანოვების, ჰოგენცოლლერების, ჰაბსბურგების დინასტიის დამხობას. რუსეთის მხნე და მედგარი ჯარისკაცები თოფებს უღერებდნენ ორთავიან არწივს, რომლის ყივილს ბანს აძლევდა დახავსებული იმპერიის კედლების ჭრიალი. ჩემმა მეგობარმა თავისი თვალით იხილა: ომის აუტანელი ქარცეცხლი. გაფიჩხებულ ჭაბუკებზე, კრიჭაშეკრულ და განგმიულ ვაჟკაცებზე ჯიქივით ნამქერის ბრთებგაშლილი ბუქნა; სასოწარკვეთილი ადამიანები როგორ მირატრატებდნენ ომის ნიაღვრებისგან წალეკილ გზებზა, დანაღმულ მინდვრებზე და ისე იღუპებოდნენ, რომ მათი ხორცის ნაფლეთებიც აღარსად სჩანდა. გულდანაკრულებული ხალხი ბორგავდა… მოთმინების ფიალა ევსებოდათ. ხსნისკენ ლამობდნენ. წყალში დამხრჩვალი მოხუვებით, ჭაბუკებით, ბალღებით, მდინარეები შეგუბებულიყვნენ, სრუტეები პირქვეამობრუნებულ კრეისერებით გატიხრულიყვნენ; ზღვებს შუაზე გაგლეჯილი ჯებირები გადმოელახათ და ხმელეთზა კბილებდაკრეჭილი მდევებივით მოიწევდნენ. თებარვლის რევოლუცია შემოდგომის დარივით დაიწყო. ის თითქოს თაბაშირიდან იყო ამოქნილი. დაღლილი და დაქსაქსული ჯარი მორღვეული ფრონტიდან შინ ბრუნდებოდა ვაზნებდაცლილ პატრონტაშით, ჩამოშვებული თმებით, გაბარჯღული წვერ-ულვაშით, დაცხავებული ფარაჯით, ჩამოდღლეზილი სამხარეებით, ბაწარამოკრული ჯღანებით, დაძონძილი ტოლაღებით, ზოგს ტალახში ამოსვრილი ჩანთები და კორპდაკარგული მათარები აეთრია. ზოგიერთს თავის ჭრილობა ჭუჭყიანი ბანდით შეეხვია, ზედგამონაჟონი სისხლი რო შეხმობოდა. საბარგო მატარებლების ვაგონები, ბანები, ასე გასინჯეთ ორთქმავალიც მეომრებით იყო გაჭედილი, ამას ზედ ერთვოდა ჩხუბი, მუჯლუგუნი, ალიაქოთი, ლანძღვა, მუქარა; ზოგს ფეხი უცდებოდა და გაქანებულ მატარებლიდან სასიკვდილოდ ენარცხებოდა მიწაზე. იყო ერთი ჭყლეტა, თავ-პირის მტვრევა და აყალმაყალი. არაქათგამოლეული და შეფიქრიანებული მემანქანეები ოფლად იღვრებოდნენ, ცხვრის ნესტოები, სახის ნაოჭები, ყურები ჭვარტლით გამოსტენოდათ, თავიდან ფეხებამდე მურში ისე იყვნენ ამოსვრილები, რომ აამიანის გარეგნობის ნასახი დაჰკარგოდათ; გეგონებოდა შავ ტანისამოსზე ძალათი მიეკრათ თვალის კაკლები და ოდნავ მოთეთრო კბილები. ორთქმავლები, როცა უახლოვდებოდნენ სახიფათო მოსახვევებს და დაზიანებულ ლიანდაგს, განსაცდელში ჩავარდნილ მგზავრებივით კიოდნენ, აღმართზე მძიმე ტვირთს ვეღარ ეწეოდნენ, ჩერდებოდნენ და საცოდავად ქშინავდნენ. ორიოდე გადარჩენილი საბადრაგო გემი ეზიდებოდა: დაჭრილებს, ხეიბრებს, ავადმყოფებს, ფეხებმონჩხვრეულებს, ჭაპანწყვეტიტ მიარღვევდა ზღვის აქოჩრილ ზვირთებს, ხან გზადაბნეული კამეჩივით დაიყროყინებდა, ხოლმე, თვალუწვდენელ ტალღების უდაბურებაში. მიუტევებელი მსოფლიო ომი დასასრულს უახლოვდებოდა. ფეხათრეული გერმანელები ვერსალის სასახლის წინ ღრიალით დააჩოქეს. გაუგონარმა ხარკმა ხომ ტევტონების მოდგმას წელი ჩასწყვიტა. ონავარმა ვილჰელმ მეორემ, თავიდან წვეტიანი გვირგვინი მოიძრო და უცხოეთის ქანდარას შეეხიზნა. დიდი დავიდარაბის და თავპირისმტვრევის შემდეგ, როგორც იყო მგოსანი თბილისში ჩამოვიდა. ბინად თავის მეგობარ მხატვართან მოეწყო. ომის ჭირ-ვარამს თავისი დაღი დაემჩნია პოეტის ხასიათზე, ძილში მალმალ შეხტებოდა: ,,უშველე, ცოდოა, ცოდო!” _ ყვიროდა ბედშავი სიზმრებით დატყვევებული. მხატვარი ელდანარევ მეგობარს მზრუნველობას არ აკლებდა, ჯანს არ ზოგავდა, იმის გატეხილ ჯანმრთელობის აღდგენაზე ფიქრობდა. პოეტს გამუდმებით აწუხებდა ფეხის ჭრილობა, ეტყობოდა, გასაოხრებელი ყუმბარის ნამსხვრევები რბილში ჩარჩენოდა. _ რა ამბავია ჩვენში? _ ხშირად ეკითხებოდა მგოსანი დაღონებულ მხატვარს. _ გაიხედე რა არეულობაა! ყველაფერს ნატისუსალი ასდის, ძაღლი პატრონს ვეღარა სცნობს, ჩვენი სამშობლო სულს ღაფავს, საქართველოს დოვლათიან ფიჭაში კრაზანებმა დაიბუდეს… მხატვარი ვიღაც რეტიან მევახშეს სახლის კედლებს უთეთრებდა, ოთახის ჭერზე თაიგულებს უხატავდა, იატაკს ოდნავ გამომწვარ აგურისფრად ღებავდა, რადგან სამუშაოს თავს ვეღარ ართმევდა, შინ გვიან ბრუნდებოდა. მგოსანიც რომელიღაც კერძო სტამბაში ამკინძავად მოწყობილიყო, ის აღარ უხვევდა ღვინის სარდაფებში, აღვირახსნილ ცხოვრებისათვის თავი დაეკრა. პოეტი ვახშამს ამზადებდა როცა დაღლილმა მხატვარმა ოთახის კარი შემოაღო. _ თუ წაიკითხე ფარფლაძის ლექსები? – შეეკითხა მხატვარი. _ არა! – უპასუხა ლექსისმოყვარემ. _ აბა, ერთი გადახედე. – მხატვარმა ყვითელყდიანი წიგნი მიაწოდა მგოსანს ისეთი ქცევით, თითქოს ხელში რაღაც საწამლავი ეჭირა. პოეტმა წაიკითხა რამდენიმე ფუქსავატი ლექსი, სადაც პოეზიის გარდა ფაფანაჭამ სტრიქონებზე და მჩატე ფიქრებზე ყველაფერი უშნოდ ეყარა. რაღაც მყრალი სუნი ასდიოდა დახავსებულ რითმებს, კბილმოცვეთილ სახეებს და პოეტურის უჯიათო ღრეჭას, კუს ნაბიჯებს ჰგავდნენ ქილიკა, ბლაგვი კარები. ამ დაგვალულ ნაჩხაპნებს რომ წაიკითხავ, ასე გგონია რუსთაველის სამშობლოში კი არა, ავსტრალიელ ველურებთან იმყოფები. ღმერთო! გვიხსენი ამ უწმინდურებისაგან, ჯვარი აქაურობას! ასეთ ბჟიტ ლექსს, თუ გინდა ცისმარე დღე შემოუბარე, შემოუთოხნე, მორწყე, მაინც გახმები. – წამოიძახა აღშფოთებლმა მგოსანმა. – ეგ ხომ თავის მოჭრაა! ანგლო-საცსების რასას აქებს და მერე როგორ უსირცხვილოდ! – ამ უნუჭო მელექსეს, რომ ჰკითხო, ალბათ გიპასუხებს: მე სრულიად ახალი მიმდინარეობა შემომაქვს ლიტერარურაშიო. – ასე ემართება ზოგიერთ მუსიკოსსაც კაკბების კაკანის მაგივრად რაღაც ყროყინს გადმოგვცემს, ნაკადულის რაკრაკის სანაცვლოდ წვიმის წუმპებს შეგიშხაპუნებს სახეზე, ყურთა სმენას გიხშობს და სჯერა, რომ ახალ ჰანგებს ნერგავს ხელოვნებაში, ნაცარქათამა სამეფო ვარდი ჰგონია. – პირფერობა უმწეო მწერლების მოგონილია. – იმის მაგივრად, რომ საწყალ ფიროსმანს შემწეობა მისცენ, დაეხმარონ, საცოდავი ავად ყოფილა… – სადა სცალიათ რეგვენ მინისტრებს, ასეთ პირუთვნელ ადამიანებს მიხედონ, ისინი ბანქოს თამაშში აგირავებენ ამიერსა და იმიერს, ისინი ხალხის სისხლში კოჭაობენ, ყურს არაფერზე არ იპარტყუნებენ, – მიუგო მგოსანმა. _ როცა სახელმწიფოში ასეთ დაქუცმაცებას და არევ-დარევას ხედავ, უნებლიედ გული გადმოგიცვივდება ეს ოხერი, აბა რა არის? – თითქოს თავისთვის წარმოსთქვა მხატვარმა და მძაღე მჭადის ნატეხი ბადიაში ჩაიფხვნა. ორმა მეგობარმა ძუნწი ვახშამი დაამთავრა. გარეთ შხაპუნა წვიმამ დაუშვა, ახმაურდნენ სახილს ბანები, არახრახდნენ თუნუქის მილები, ენები გარეთ რომ გადმოეგდოთ, თითქოს ხახაში ხელი ჩაეყოთ და წვიმის უმარილო წყალს აღებინებდნენ. შეხტნენ და შემოხტნენ ქვაფენილებიც, კაკუნი ასტეხეს ფანჯრებმაც… მგოსანმა მეგობრის თხოვნით თავისი რვეული გადაშალა. დარდი კვამლივით მედება ყელზე, ირგვლივ რიყეა, უდაბნოს ქვები, ისე დავდივარ ამ ქვეყანაზე, თითქოს საკუთარ ცხედარს მივყვები. თითქოს ქადაგად დავცემულიყვე, საკუთარ ბედის ანთებულ ხატთან, და ალიონზე, მამლის ყივილზე ავგზნებულიყავ ქარში თანდათან. გარეთ წვიმა იალქნებიან ქარს ებღლაძუნებოდა, პოეტის გულზე მეორე ლექსი შვავდებოდა: სულს როცა ლევდა, უკანასკნელად ბოროტ თვალებით გახედა ველებს, გაღმით უკუღმა ეგდო ქვესკნელი და შიგ სისინი გაჰქონდათ გველებს. დაუმარხავი გვამივით ყარდა, ხვლიკი სუნავდა ხანგამოშვებით, წარმავალობის ტიალ ყორესთან ქარი ცეკვავდა თეთრი ქოშებით. ჩაბნელებულ ხსოვნაში რაღაც ინთებოდა და ისევ ქრებოდა. წვიმა თავსხმას უმატებდა. კამეჩივით გალაჯულ ღამეს აბანავებდა, სამურველით ხეხავდა. ქარი კი ნაგიჟარივით დარბოდა: ხან ტელეგრაფის მავთულებზე უსტვენდა, ხან ქუჩებში მოვარდნილ ნიაღვრებში შიშველ ფეხებს ყოფდა და ქალივით კიოდა, ხან კარებებს აწვებოდა, კარებები დაღლილ ადამიანებივით ძლივს რომ სუნთქავდნენ; ხან ფიცრულ სახლებს აჭრაჭუნებდა, ხან რომელიღაც შენობის სხვენზე აიჭრებოდა, აქეთ-იქით კრმიტს ყრიდა, ხან მოგლეჯილ ყავარს გაწუწულ მგზავრებს უშენდა. მხატვარი სდუმდა და თხელი თუთუნის კვამლი კედლის ლურსმანზე ჩამოკიდებულ ლამფის შუქს ევლებოდა. პოეტი განაგრძობდა: სად, ვინ ჩაგიხსნის აფიცრულ სარკმელს? სად, ვინ იპოვნის უძეგლი ცხედარს? ვისაც სიცოცხლე სიკვდილისაკენ მიჰქონდა როგორც უგრძნობელ ცხედარს. და სულ არაფერს არ დაგიდევდა, არც რიჟრაჟს, არც ბინდს, არც შუაღამეს, ვინც არ იცოდა, ვინ იყო დედა, იქნებ ანდერძად ეტყოდა რამეს. _ „ცაცხვის ხე“ წაიკითხე, _ სთხოვა მხატვარმა. პოეტმა მელნით ნაწერი გადამქრალი რვეული შუქის ქვეშ მომარჯვა: ყვავებს შეუტევ, მყიარი რისხვას, რადგან მხოლოდ შენ შეგებრალები, ფოთლებს დამაყრი შემოდგომის ხანს და ეს იქნება შენი ცრემლები. თუ ზამთრის ღამეს, ოდესმე წამლად მთვარე კრიალით გამოჰყვეს ქაოსს, უთხარი: დიდხანს ნურსად ნუ წავა და შენს ტოტების გარს იტრიალოს. მოუყე: როგორ მტკიოდა გული, ძვლებს როგორ მღრღნიდა მთელი ქვეყანა, როგორა მძულდა მიწის გუგუნი და საუკუნე ბრიყვი, კაკანი. მეტს ნუღარაფერს ნუღარ უამბობ, თორემ მთვარის ხმას ვერ გაიგონებ, ის მწუხარეა როგორც ობლობა, ის სიცოცხლეში ერთხელ ღუღუნებს. ცაცხვი ფერს შესცდა, რა ამბავია?! იტყვის სოფელი ერთ სისხამ დილით, „აქ ხე მარხია პოეტის გვამით – სახადშეყრილი და მოთენთილი“.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი