წერილი მაიკო ორბელიანისადმი


	წელსა 1842-სა
ოკტომბრის 31-სა
ქ. ტფილისით.	 	 	 
 	 	 	 	 
 	საყვარელო დაო მაიკო, მადლობელი ვარ, რომ რახაელს წიგნი დაჰსტყუე, გუშინ იასემ მომიტანა. ამიტომ უფრო მიამა, რომ წინა დღეს ამ წიგნზედ ლაპარაკი იყო და მეორეს დღეს უნდა მიმეტანა მანანასათვის. ასე ეგონა , რომ მე მაქვს. მაშ, რადგანაც ეს პირობა აღასრულე, იმედი მაქვს ახლა,რომ მეორეც არ დაგავიწყდება.	 	 	მაიკო - ქაიხოსრო ორბელიანის ასული, და მიხეილ ორბელიანისა, ლევან მელიქიშვილის დანიშნული, ნ. ბარათაშვილის უახლოესი მეგობარი და ნათესავი. პოეტი მას ყოველთვის უმხელდა თავის გულისნადებს. როგორც ირკვევა, სწორედ მაიკოსთვის გაუნდია, რომ ალექსანდრე ჭავჭავაძის ასულზე, ეკატერინეზე, იყო
უიმედოდ შეყვარებული. გარდაიცვალა 1846 წელს. რახაელი - რახაელ ციციშვილი, ბარათაშვილების ახლო ნაცნობი (ცნობა პოეტ გიორგი ლეონიძისა). იასე - იასე ანდრონიკაშვილი, სამხედრო პირი, მსახურობდა ჭარ-ბელაქანში. მანანა - ივანე (მირმანოზ) ერისთავის ასული, დავით ორბელიანის მეუღლე (1808-1870 წწ.), სილამაზით ცნობილი ქალი 50-იანი წლების თბილისში. ქართული წყაროები მანანა ორბელიანს ახასიათებს როგორც ქართული მწერლობის დიდ მოყვარულს. იგი საზოგადოებრივ საქმიანობაშიც იღებდა მონაწილეობას. მეგობრობდა ნ. ბარათაშვილის ოჯახთან. გამოყვანილი ჰყავს ლევ ტოლსტოის მოთხრობაში „ჰაჯი მურატი“.
 	 	 	 	 
 	გოლოვინის ცოლი წავიდა და დარჩნენ ჩვენი ქალები მოწყენილნი. ხანდისხან ოხვრით მოიგონებენ იმის სახლში განტარებულს დროებს, თუმცა ოხვრის მიზეზი ყველასი ერთი არ არის. მხოლოდ გუშინსწინ იყო ვეჩერი შინაური, მაგრამ ძალიან მხიარული. ტასოს დღეობა იყო და ელენეს სახლში გარდაიხადეს. მე, სწორე გითხრა,მეტად გავმხიარულდი, სრულიად უმიზეზოდ, უანგარიშოდ, ისე, მეც არ მოველოდი. ბევრჯერ მოგიგონე, დიდად მინდოდი, რომ იმ დროს აქ ყოფილიყავ...	
 	 	გოლოვინი - ევგენი ალექსანდრეს ძე, ინფანტერიის გენერალი, კავკასიის მთავარმართებელი 1838-1842 წლებში. ვეჩერი - (რუს.) საღამო. ტასო - მანანა ორბელიანის ასული - ანასტასია ორბელიანი, მისთხოვდა ქ. ქუთაისის გუბერნატორს, ალექსანდრე ივანეს ძე გაგარინს. ელენე - ელენე ორბელიანი-ერისთავისა, პოლკოვნიკ ზ. ერისთავის მეუღლე.
 	 	 	 	 
 	მაგრამ სულ ამაოა ჩემთვის. ეს ღამეც წავიდა, ვითარცა სიზმმარი. კიდევ მამნახა ჩემმა ჩვეულებრივმა მოწყინებამ. ვისაც საგანი აქვს, ჯერ იმისი სიამოვნება რა არის ამ საძაგელს ქვეყანაში, რომ ჩემი რა იყოს, რომელიც, შენც იცი, დიდიხანია ობოლი ვარ. არ დაიჯერებ, მაიკო! სიცოცხლე მამძულებია ამდენის მარტოობით. შენ წარმოიდგინე მაიკო სიმწარე იმ კაცის მდგომარეობისა, რომელსაც მამაცა ჰყავს, დედაც, დებიც, მრავალნი მონათესავენი და მაინც კიდევ ვერვის მიჰკარებია, მაინც კიდევ ობოლია ამ სავსე და ვრცელს სოფელში! ვინც მაღალის გრძნობის მექონი მეგონა,იგი ვნახე უგულო; ვისიც სული განვითარებული მეგონა, მას სული არ ჰქონია, ვისიც გონება მრწამდა ზეგარდმო ნიჭად, მას არცა თუ განსჯა ჰქონია; ვისიცა ცრემლნი მეგონებოდენ ცრემლად სიბრალულისა, გამომეტყველად მშვენიერის სულისა, თურმეყოფილან ნიშანნი ცბიერებისა, წვეთნი საშინელის საწამლავისა! სად განისვენოს სულმა, სად მიიდრიკოს თავი? ვიცი, გაიცინებ, ასე გეგონება, დამწვარი ვლაპარაკობ. ჭეშმარიტად, მაიკო, ასე გულცივად ჯერ განსჯა არა მქონია. ასეთი თავისუფალი ფიქრი მაქვს და ასეთი მტკიცე გული, რომ სამოცი წლის მოხუციც ვერ იქნება ჩემისთანა უსყიდელი მსაჯული. მოიგონე ცოტასხანს დრონი წარსულნი და მაშინ შემიბრალებ. ყმაწვილობითვე შეჩვეული რაზედმე სული ძნელადღა გარდაიცვლის ჩვეულებას და, ვიდრემდის სრულიად გარდაეჩვევა, მწარეა ტანჯვა და ბრძოლა მისი. 

,,ძნელი არის მარტოობა სულისა:
მას ელტვიან სიამენი სოფლისა, 
მარად ახსოვს მას დაკარგვა სწორისა,
ოხვრა არის შვება უბედურისა!“

 	 	 	 
 

მექონი - მქონე. ზეგარდმო ნიჭი - ციური, ღვთაებრივი ნიჭი.

 	შენი ავადმყოფობა შევიტყვე, რა დაგემართა? თუ ფიქრობ, ასეთს რას იფიქრებ, რომ ბოლო არა ჰქონდეს, ასეთსრას მიიღებ, რო არ დაკარგო? მიცჩვენე კაცი, რომ მადრიელი იყოს ამ წუთის სოფლისა. დაიმარხე მშვენიერება სულისა, უმანკოება გულისა! აი ჭეშმარიტი ბედნიერება, უმაღლესი სიამე, რომელსაც კი კაცი წაიღებს ამ სოფლისაგან. სხვათა ბედნიერებეთა სოფლისათა უყურე გულგრილად, ამაყად და გრწამდეს, რომ იგინი შეურჩენელნი არიან! თუმცა აქიმბაში არა ვარ, მაგრამ ეს წამალი სიზმარშიც მაქვს ნასწავლი და, თუ დამიჯერებ, იმედი მაქვს, რომ გარგოს. გემდუდურები, რომ წიგნს არა მწერ; ხომ იცი, მეამება, თუ მეტადრე ბევრ ამბებსაც მამწერ. თუ ნინუცას* ანუ (რადგანაც ჯავრობენ ზოგიერთი ქალები) ანნა ივანოვნას8 წიგნი მისწერო ან შენ თითონ ნახო, ჩემ მაგიერ მოიკითხე და უთხარ: დიდად ვწუხვარ,რომ აღარ გაციებს-თქო. ილიას მალე ვნახავთ. 

შენი მარად ერთგული ძმა ნიკოლოზ ბარათშვილი	 	 	 
სოფელი - ქვეყანა, წუთისოფელი.

წყარო: www.nplg.gov.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი