ცისა ფერს, ლურჯსა ფერს..
ცისა ფერს, ლურჯსა ფერს, პირველად ქმნილსა ფერს და არ ამ ქვეყნიერს, სიყრმიდგან ვეტრფოდი. და ახლაც, როს სისხლი მაქვს გაციებული, ვფიცავ მე — არ ვეტრფო არ ოდეს ფერსა სხვას. თვალებში მშვენიერს ვეტრფი მე ცისა ფერს; მოსრული იგი ცით გამოკრთის სიამით. ფიქრი მე სანატრი მიმიწვევს ცისა ქედს, რომ ეშხით დამდნარი შევერთო ლურჯსა ფერს. მოვკვდები — ვერ ვნახავ ცრემლსა მე მშობლიურს, — მის ნაცვლად ცა ლურჯი დამაფრქვევს ცვარს ციურს! სამარეს ჩემსა, როს გარს ნისლი მოეცვას — იგიცა შესწიროს ციაგმან ლურჯსა ცას!.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი