აღმოხდა მნათი აღმოსავალს, მზეებრ ცხოველი..


აღმოხდა მნათი აღმოსავალს, მზეებრ ცხოველი,
მცირითა შუქით გარდუყარა ცასა ღრუბელი,
დიდ სამქუხარო, საავდარო, და მეც გლახ გული
მსწრაფლ განმითენა, შავ-ბედისგან დაღამებული!

ნუ თუ აღმიჩნდი ცხოვრებისა ჩემის მნათობლად;
ნუ თუ შენ ჰფინო შვების სხივი ჩემს გულსა კვალად;
კვლავ აღმიტეხო გულის ჭირნი მიყრუებულნი
და განმიახლო ნეტარების დღენი წარსრულნი?

მაშ გამობრწყინდი, მფინე შუქი ეგ საოცარი
და განანათლე კვლავ ცა ჩემი, ესრეთ საზარი!
მეცა ხელი ვჰყო დაჟანგებულს ჩემსა სანთურსა
და შევაერთო ფიქრნი ჩემნი შენს ხმას ციურსა!

დავმღერდე მას დროს, როს ვარსკვლავი მშვენიერის ცით
მინეტარებდა სიცოცხლისა დღეთა სიამით;
მოვსთქვამდე, თუ ვით მიმეფარა იგი მსწრაფლ ღრუბელს,
ბოლოს ვუმღერდე შუქსა შენსა შვების მომფენელს!

ვჰფუცავ ძლიერსა სხივსა შენსა, ჰოჲ, მნათო ჩემო!
ოდეს ვიხილო მცირე ბინდი შენს შუქს გარემო,
მყის დამიღამდეს ამ სოფლისა სიამოვნება
და შენთვის დავთმო ტრფობის წინდად ყოვლი დიდება!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი