წვიმს უსაათოდ და უსათუოდ ..


წვიმს უსაათოდ და უსათუოდ,
ეს წვიმა ალბათ დილამდე დადებს,
და როგორ არ მსურს გავითავისო,
რომ ვიღაც ღამეს უჩემოდ ათევს.
ასჯერ შორს ვარ და ათასჯერ ახლოს,
ათიათასჯერ მგონი შენში ვარ,
როცა თვალების სიჩუმე მახლავს,
როდესაც თავს ვგრძნობ ღმერთზე შეშლილად.
მოდიან მიწის ანგელოზები,
და ყრუ წვიმასთან აპათიურად,
დგანან და რასაც არ ველოდები,
ჩემს სულში თითებს აფათურებენ.
და მეც ვიხრები ნელა და დუნედ,
საათის ისრის მიმართულებით,
როცა დარტყმული ზურგში დანები,
დრო და დრო წელში იმართებიან.
და ჩვენს შორის და სხვათაშორისაც,
ვუყურებ ქარში წვიმის ქალწულებს,
რომ რამდენადაც გეტრფი შორიდან,
მეც სულ იმდენად ამითვალწუნეს.
მერე ცვივიან თეთრი ფოთლები,
და აგროვებენ ჩემს მხრებზე წვეთებს,
მე სიცივეშიც არ ვიორთქლები,
ზოგჯერ სიზმრები იმდენად მთვლემენ.
წვიმს უნაპიროდ და უპირობოდ,
წვიმა მარილით გაჟღინთავს სიტყვებს,
მინდა წვეთები გადმოვიბირო,
და მათ ნიაღვარს ღმერთამდე მივყვე.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი