ქილიკი..
უბრალო ღამეა, ძალიან უბრალო, შენსავით და ქრება ჩვენს შორის ბილიკი, ძალიან ცივა და შემინდე უფალო, ამ ღამით ვიღაცის ცოდვაზე ქილიკი. ვერ ვხედავ როგორი ცა უყვარს ოქტომბერს, ხანდახან თვეებიც არ გავალ სახლიდან, მითხარი პასუხი ვის უნდა მოვთხოვო ეპოქა შვილებს რომ იარაღს ახლიდა. არ ვიცი მე ჩემი ლექსები მამართლებს. მზესაც კი არ უყვარს შემოვლა შორიდან, ოთახში პირდაპირ ფანჯრიდან ანათებს, და ახლა მასავით ძალიან მომინდა რომ რამე მოკლე გზით შენს სახლთან გავსხივდე, ამ ღამეს არ უყვარს გრძნონებით თამაში, მე და შენ ნახევარ მთვარეზე დავსხდეთ და, გიამბო წვიმებმა თუ როგორ დამაშრეს. რა არის ღამეში იმაზე საშიში, რომ ვიღაც ვარსკვლავებს ვერასდროს შეხვდება. და მინდა ტყავისგან მთლიანად გავშიშვლდე, რომ ვიგრძნო ჩემს სულზე თითების შეხება. ამ ღამით ვიღაცის ცოდვაზე ქილიკი, ზედმეტად მაშინებს შემინდე უფალო, წვიმაა და ქრება ჩვენს შორის ბილიკი, უბრალო ღამეა, ძალიან უბრალო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი