და ახლა ისე უხდები მზიან..
წვეთები ყვითელ ფოთლებზე ზიან, ითვლიან დაბლა დაცვენილ ტოტებს, და ახლა ისე უხდები მზიან, ამინდს რომ დგები და მარტო მტოვებ. ელავს და ცრემლი ასველებს წვიმას, იმდენად მშრალზე მშრალია ქუჩა, ქარს ჩემი სისხლი ზეცამდე მიაქვს, რომ ჩემი ძვლები მიწაზე დარჩეს ვაღებ ფანჯარას შიგნიდან გარეთ, და როგორც ღამე რაფაზე მძინავს, მინდა რომ ახლა სულ ერთი წამით, ვფასობდე ამ ოთხ სტრიქონზე ძვირად. გალესილია ფიქრებით სველი კედლები, შენი შერჩა გემო ჭერს, და მინდა ახლა ჰაერით ყელი, დაღლილმა სუნთქვამ ნელა გამომჭრას. რომ ეს ცოდვები დავღვარო სისხლად, და დამეძინოს საკუთარ თავზე, ფიქრით რომ უკვე ცოტა ხნის წინათ, ღამეზე მეტად გავტეხე ნავსი. სველი ჩიტივით კუთხეში ვზივარ ვუსმენ წვიმისგან აღებულ ნოტებს და ახლა ისე უხდები მზიან, ამინდს რომ დგები და მარტო მტოვებ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი