მოდი შეშლილებში გიჟად..
ვწევარ სახურავზე, მტვრიან სახურავზე, ვწევარ გულაღმა და ცაზე ცარიელი, ღრუბელს კიდევ ერთი სტროფი მივაკაწრე, გულში მომოვფანტე სისხლის ქარიშხლები. არ ჩანს არაფერი გარდა ჩიტებისა, და დევს მავთულებზე ჩემი ხერხემალი, ბოლო ჩასუნთქვაზე მეტად მჭირდები და, გთხოვ რომ ამ ერთხელაც რამე მომიხერხე. სუსტი წვიმებია ფერში სიმარტოვის, ახლა ეს წვიმებიც თითქოს მეზიზღება, მინდა რომ ჩიტებმა ფრთებით მიმათრიონ, მათი ბადესავით დაწნულ შენს სიზმრებთან. ჯერ ვერ გადავხტები რადგან ეტკინება, ყელში დაგუბება მიწას ჩემი სისხლის, რადგან ამ ცხოვრების გადაწყვეტილება, მსგავსად ჩემი თავის ვეღარ შევიზიზღე. თითქოს ეს თვალები წვიმას ინარჩუნებს, თუმცა ცრემლებია მისი გასაღები, სანამ პოეტებში ადგილის მიმიჩენენ, მოდი შეშლილებში გიჟად გავსაღდები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი