"რა შეიძლება მოგიტანოს, ერთმა კლასიკამ"
ჩემი სიკვდილი, არც მიწას დაამძიმებს და არც, ზეცას შემატებს რამე წონას, მე იმ გულწრფელი ცრემლების მეშინია, მიწას რომ ლაქებად დააჩნდებიან. რა შეიძლება მოგიტანოს, ერთმა კლასიკამ, დამძიმებული სულის და თავის მოკვლის სურვილის გარდა, უსმენ და კვდები. ყველაფრის თავიდან დაწყება რომ შეძლო, ჯერ უნდა დაამთავრო, ხოდა მიდი და დაამთავრე ყვეალფერი, როცა ცხოვრება, დაჭიმული ნერვებით გგუდავს. როგორ მძულს ჩემი თავი, როცა ლექსებზე ტაშს მიკრავენ, როგორ ვერ ვიტან, როცა ვიცი რომ ამ მტვრიან ლექსებს, უბრალო ლექსებს, სადაც არაფერია გარდა მონატრების, ვერაფერს უგებ. და როცა ყველა ნარცისიზმი, იქვე მამცირებს, სადაც ცდილობდნენ უბრალონი ფეხზე დადგომას, სისულელეა გერქვას პოეტი, როცა ერთხელაც არ გიცდია თუნდაც სიკვდილი ან გაგიჟება. რა შეგიძლია, ერთ ცარიელ ღამის ოთახში, სადაც დღე მხოლოდ, თორმეტიდან რვამდე მერყეობს, იჯდე და ფურცლებს ნაჯღაბნებით გააძრო ტყავი, სანამ არ დაგღლის არაფრისგან თავისუფლება. ორიოდ სიტყვით, არაფერშიც ღმერთი ეძებე, და ყველაფერში შენ მიაგნებ, საკუთარ მიზანს, რადგან ღმერთია, ერთად - ერთი ჩვენი მიზანი. გაძვალტყავებულ იდაყვებს რომ იპოვნი სადმე, და სიკვდილსაც კი ვერ უპოვნი, უბრალო ახსნას, იმის ტოლფასი არაფერი დაგრჩება ხელში, გაგიჟებისთვის გაიმეტო შენი სხეული. ჩემი სიცოცხლე, შეიძლება მიწას ამძიმებს, ჩემი ლექსები, უფრო მეტად ამძიმებს ალბათ, მე მხოლოდ იმ გულწრფელი სიტყვების მეშინია რომელიც ვერ ვთქვი და ლაქებად შემომრჩა სულში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი