"ზღაპარი"..


შენს თავთან ვზივარ და ბავშვივით ზღაპრებს გიკითხავ,
და შენ ბრძენი ხარ,
სხვებზე უფრო ცოტათი ბრძენი,
მე ხელის გული მიჭირავს, შენ ცხრა მთას იქით ხარ,
და ფილტვებს მივსებს ამოსუნთქვა ყოველი შენი.

იყო და არა... ჩვენ ვიყავით აქაც და იქაც,
და შორი ახლოს თუ უკრავდა ფორტეპიანო,
სასაცილოა მთელი გულით გიცდიდეს ვიღაც,
და შენ კი ადგე და უბრალოდ დაიგვიანო.

მე გაცილებდი და იმ ღამით იყო ამინდი,
რაღაც უსულო და ნაბიჯებს ქუჩა ტიროდა,
შენ იღიმოდი და მტოვებდი თითქოს ამითი,
რომ ღელვა გქონდა ცხრა ზღვის იქით სანაპიროთა.

ასე ვიჯექით და სიჩუმის გავხდი მოწილე,
როცა სიჩუმე წამოდგა და ჩემში გაორდა,
გადმოვიხარე და თვალები შენკენ მოვწიე,
და გადამისკდა მაჯებამდე ლამის აორტა.

ვერ მოვუძებნე მაგ ბაგეებს ვერსად ნაპირი,
გულისტკივილზე უფრო მეტად ალბათ მეწყინა,
რომ დაიჯერე წაკითხული ყველა ზღაპარი,
და მეჯლისივით ჩემს მკლავებზე ჩამოგეძინა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი