"პოეტი ვარ და ჩვეულებრივ ვერ მეყვარები"
რა გაათენებს შუაღამეს, მზე დედამიწისკენ იხრება მე შენკენ, ამ დროს მიყვარხარ. ყველა ნერვი, ყველა ძარღვი, სისხლის ყველა უჯრედი, შენთვის მოძრაობს, შენკენ მოიჩქარიან, ნუ შეაჩერებ, მე შენ მიყვარხარ. ჩემი სიტყვები ბავშვის ლოცვას გავს, ყველაზე გულწრფელია, ყველაზე სუფთა, ყველაზე ნამდვილი, მე შენ მიყვარხარ. ვზივარ და მხოლოდ ნოსტალგია მაფიქრებს ახლა, ვზივარ და მხოლოდ ამ სიტყვების გამოთქმა მიჭირს, რომ ყველა ტირილს უკან ჩუმი ღიმილი ახლავს, რომელიც ცრემლებს დაგეშილი ძაღლივით იჭერს. მე შენ მიყვარხარ. ოცნებად მქონდა, რომ ღრუბლებზე მქონოდა ბინა, და კიბეები შენს აივანთან ჩამოსულიყვნენ, რომ ყოველ დილით, ღრუბლის ერთი სუფთა ნაწილი, ჩამომეტანა ჩემი წმინდა სიყვარულის ნიშნად. მე შენ მიყვარხარ. ვიოცნებებდი რომ პოეტი ვყოფილიყავი, მხოლოდ იმიტომ რომ, სიყვარულს ვერ მიფასებენ. ამ დროს მიყვარხარ. თუ სიჩუმეში ყურს დაუგდებ ქუჩების ჩურჩულს, ერთხელ, მეორედ, მესამედ, მეოთხედ... მეხუთედ ჩემს ხმას ამოიცნობ შენს ფანჯარასთან. მე შენ მიყვარხარ. შენ გაგაკვირვებს ჩემი ყველა ჩასუნთქვა მადამ, როცა ფილტვებში გრიგალივით შევლენ ქარები, დავიარები ტროტუარზე ლოთივით რადგან, პოეტი ვარ და ჩვეულებრივ ვერ მეყვარები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი