"ღარიბის" (მათხოვრის) წერილი ძმას..


- არც არაფერი...
მითუმეტეს ცრემლების ფონზე,
ზიხარ შენთვის და არაფერი გინდა იცოდე,
ზიხარ და პურის ბოლო ლუკმა გაყავი ორზე,
და უფრო დიდი ნაწილი მე გამომიწოდე.

- ჩვენ ვმათხოვრობდით...
თან დავდევდით ქუჩებს, ვაგონებს,
ხან ლუკმა პურის სათხოვნელად ვიღაცის კართან,
ვიდექით მთელი საათობით და რაც ვაგროვეთ,
იმ კაპიკებით შენ მასწავლე ათამდე დათვლა.

- ლოცვას უხატოდ...
თითქოს უფრო დიდი ძალა აქვს,
და უფრო დიდი როცა შენი სიტყვებით ითხოვ,
ღმერთისგან პასუხს, რომ ცხოვრება მხრებზე გადაგაქვს,
და არავინ გყავს რომ გულწრფელად სიჩუმე კითხო.

- ისინი იყვნენ...
ქონდათ ფული, ქონდათ ბავშვობა,
ჩვენ ერთმანეთის სხეულებით თბილი ლოგინი,
გთხოვთ დამეხმარეს დაძახებით ნერწყვის გაშრობა,
და ყოველ ღამით არ მოსული ღმერთის ლოდინი.

იმ იმედით, რომ მოგვიტანდა ოცნებებს ძმაო,
ერთი პატარა ანგელოზი იდესმე ალბათ,
მაგრამ ჩვენ დღესაც გაზრდილები უფალზე ვდაობთ,
რომ შეგვრჩა ჩენი ოცნებები, ოცნების დამღად.

- შენ იცი...
ყველას თავის ჯვარი აქვსო გვითხრა მოსულმა,
ერთმა მოხუცმა და ხურდები ჩაყარა ჯამში,
შენ გახსოვს როცა დედა იყო ჩემზე ორსულად,
და მერე მამის ფერ - მიხდილი აჩრდილი კარში.

შენ ერთი ლუკმა სიყვარული გაყავი ორზე,
და უფრო დიდი ნაწილი მე გამომიწოდე,
- არც არაფერი...
მითუმეტეს ტკივილის ფონზე,
ზიხარ შენთვის და არაფერი გინდა იცოდე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი