უშენოდ ცივია სულ ყველა ამინდი..


ამინდი თუ ღრუბლებს სიყვარულს გაუბამს,
მზე ჩავა გაცდება გრძნობების დარაბებს,
შენ ისევ აგრძელებ წვიმაზე საუბარს,
მე ისევ გისმენ და არ ვამბობ არაფერს.

ვუცდიდით მაისს და მაისიც გვიცდიდა,
წვიმდა და ვერცერთი ვერ ვგრძნობდით სისველეს,
მე მახსოვს თვალებით შეთქმული ფიცი და,
ჩურჩულით ნათქვამი:
მიყვარხარ,
მიშველე..!

არ გავხარ არავის, არადა შენ ახლა,
აკეთებ ყველაფერს წვიმაზე ბანალურს,
მე მახსოვს უჯრაში გრძნობების შენახვა,
მერე, რომ თვეები ვეძებდით დაკარგულს...

გრძნობას და ვპოვებდით ოთახის კუთხეში,
იჯდა ან ეგდო და გვირილებს აცლიდა,
ფურცლებს და გვირილებს ეგონათ უხეში,
არადა თავს თვითონ უხეშად არ თვლიდა..

და მაინც პასუხი უყვარს თუ არ უყვარს,
ერთია ყოველთვის
გვირილის ნარჩენი,
და იმ დღეს ფურცლები ნიაღვარს დაუყვა,
და ნეტავ გვირილებს საერთოდ რას ვერჩით...

უშენოდ ცივია სულ ყველა ამინდი,
დაცინვით თითებს რომ სულ ჩემკენ იშვერენ,
უბრალოდ მიყვარხარ,
უბრალოდ დამინდე,
უბრალოდ მოდი და,
უბრალოდ მიშველე.

ამინდი დღეს ღრუბლებს ლაპარაკს გაუბამს,
მზე ჩადის არ ცდება გრძნობების დარაბებს,
ჩვენ ისევ ვაგრძელებთ წვიმაზე საუბარს,
წვიმა კი გვისმენს და არ ამბობს არაფერს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი