შენს გათენებას არ უჩანს ბოლო..
სიმაღლით არც თუ ისე, მგავხარ და ღმერთო ჩემო, მხრებიდან სიმარტოვის ჟონავენ ფიგურები, მინდა ამ შუაღამით ჩემს ჯვარცმად შეგიერთო, ოთახში ჩაკეტილი ბავშვივით ვიყურები. თვალები... თვალებიდან ცვივიან პლანეტები, განცდებს, რომ პარავენ ერთურთის თანამგზავრებს, მიყვარხარ ისე, რომ გულში არ დამეტევი, მოდი და უსაშველოდ შენს თვალებს დამამსგავსე. დადუმდეს მიდამო და ღრუბელთა არითმია, თავიდან ვერ ვიშორებ საჰარის ჰარმატანებს, ახლა ეს სიტყვებიც უბრალო გარითმვაა, თორემ მეც როცა წავალ არაფერს გამატანენ. და ასე ყოველი დღე, ყინვაზე მონოტონურ, მაჯაზე მემსხვრევა სიცივის ფაიფური, ახლა შენს ქუჩაზე თავხედი მარტია და, შენც მისი იების გვირგვინი დაიხურე. ასეთი ღელვა მაქვს და შემდეგი მადრიგალი, კედლებზე მასკდება სურვილთა ვაპორეტო ვაი, რომ არ გავხდები გრძნობების მათხოვარი, თორემ სხვა არაფერი არ შემრჩა საპოეტო. და ასე გრაცია და უფრორე გრაციოზულ, თვალებმა საიქიოს სამყოფელს გამამგზავრეს, და ასე მთელ სხეულში ცოდვა მაქვს გამოჩრილი, როგორც სმით გადავსებულ, ფიოდორ კარამაზოვს. სიმაღლით არც თუ ისე, მგავხარ და ღმერთო ჩემო, მხრებიდან სიმარტოვის ჟონავენ ფიგურები, მინდა, რომ პლანეტები ერთ მწკრივში გავაჩერო, და შენი ფანჯრისაკენ, ფანჯრიდან ვიყურები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი