მე და შენ ანუ შენდამი..


ქალაქში სადაც მარტოობა არავის არ სურს,
და მაინც არსად, სიყვარულის არ ჩანს მისხალი,
წამოდი გავქრეთ, შევეხიზნოთ მე და შენ წარსულს,
თორემ ლანდებიც სილამაზის ფორმას ისხამენ.

მსგავსად სიძველით გახუნებულ წიგნსა თუ ქაღალდს,
მკაფიო, მაგრამ სასურველი შენი სუნი აქვს,
მე დღესაც ხელში ამოჩრილი, სინდისი დამაქვს,
(როგორც ქუჩაში უსინდისო ყველა სულიერს).

ქარი კი აქვე გაბრუებულ ნარცისებს აწყობს,
როგორც ცრემლის და სიამაყის ერთი ნაზავი,
წამოდი გავქრეთ, დავემალოთ მე და შენ აწმყოს,
თორემ ქუჩები ირგვლივ ყველა ურდულს რაზავენ.

თუ სიყალბეა, ესეიგი არაფერს არ გრძნობ,
იმ ყველაფრიდან ირგვლივ რაც კი არაფერია,
და თვალებიდან საკუთარ თავს იმდენად მაცნობ,
რომ დაკითხვაც კი უსუსური განაჩენია.

ოთახში სადაც მარტოობა კედლებსაც არ სურთ,
და სახურავმა შეიმოსა შავი სამოსი,
წამოდი გავქრეთ, შევეხიზნოთ ვნებიან წარსულს,
როგორც ერთ წუთმა შეიხიზნა წამი სამოცი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი