"უსულო განცდები"


ნაბიჯი,
ნაბიჯი,
უსულო განგება,
მმართავს და მის ნებას უსიტყვოდ ვასრულებ,
თუ განმარტოება გვერდით არ გადგება,
ხვალ ალბათ, გავიცნობ სიგიჟის ასულებს.

ზეგ ალბათ შევხვდები თვითონ იმ სიგიჟეს,
გიტარის სიმივით დაწყდება ნერვები
გონებავ გულთან, რომ უაზროდ იქიშპე,
ძალზედ ნუ განმკიცხავ ჩხუბში, რომ ვერევი.

საღამოს ოთახში მთვარე მყავს ნათურა,
უაზრო განრიგით გარბიან წამები,
სხეულმა განცხრომის სივრცეში გაცურა
იქ კი სულს დაკარგავს ნამდვილად წამებით...

გაქცევა,
გაქცევა,
როგორმე სივრციდან,
თითქოსდა ვაგებდე რაიმე მარათონს,
ცხოვრება, რომ მზაკვრულ ხაფანგებს ისვრიდა,
დღეს ზუსტად ის დროა ზეიმი გამართოს.

გავები? გეშლებათ უბრალოდ გამაბეს,
ფეხები მერევა სასმელით გალეშილს,
გზად ლამპიონებმა თვალები განაბეს,
უკუნი ღამეა, სხვა განა რამე სჭირს...

უკუნი ღამეა მოკვდავთა სულივით,
ვარსკვლავი დაბინდულ მთვარეზე ჩამოჯდა,
სამყაროს გავცდები, აქ არა სულ იქით,
დარჩენის მიზეზად არავინ გამოჩნდა...

გავცდები,
გავცდები,
სამყაროს გავცდები,
განცდებმა ათასჯერ სხეული მისერა,
მე მგონი ასეა და თუ კი არ ვცდები,
მე არა მიშავს რა შენ ალბათ ისე რა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი