ხელებში შენი დეკემბრის სუსხი ..
ხელებში შენი დეკემბრის სუსხი, თოვლივით ჩუმად მიყინავს თითებს, ღმერთი მპატიობს და არც კი ვუწყი, თუ მერამდენე გოლგოთას მითმენს. რომ ჩემი ადრე სიკვდილი არ სურს, რომ ადრე ჩემი არ უნდა ხილვა, და თერმომეტრი ოცდახუთ გრადუსს, სიცხის მაგივრად უჩვენებს ყინვას. და მიზის თავთან ღმერთივით დედა, მიზილავს ყინვით გათოშილ მაჯებს, რომ სახლში ლექსის შემოდის ბნედა, შემოდის და ჩემს ტერფებთან ვაჯენ. და უნგრევს ქარი ბეღურებს ბინას, და ქარი ზოგჯერ ფრჩხილებსაც მამტვრევს, მე ზოგჯერ ჩიტის ბუდეშიც მძინავს, მე ვიღაც ზოგჯერ ჩრდილივით დამდევს. და დედა, ჩემი ღმერთივით ღმერთი, ტრიალებს თავთან მაძალებს წამლებს, ზის ცაზე მთვარე და ისიც კენტი, ერთი სული აქვს თუ როდის დამლევს. გულიდან სისხლი ილეწავს თავ-პირს, გამოდის გარეთ და ბერავს ძარღვებს, მე შენი სუნთქვა ფილტვებში დამჭრის, ეს ყველა წესს და კანონებს არღვევს. რომ ვხატავ შენი თვალების პორტრეტს, და მცივა მხრებზე და ცივა ნახატს, და რეკავს კედლის საათი თორმეტს, და ვიხდი შენით შეჩენილ სახადს. ოთახში ისევ თუთუნის კვამლი, ცხელი ცრემლების ორთქლივით დგება, თავს მაგ თვალების კაპიტნად ვამხელ, და არასოდეს დავტოვებ გემბანს. შავ სისხლში ჩემი ლექსების თავსხმა დაღლილი გულის სივრცეებს ავსებს, და უშენობით დამტვრეულ სახსარს, მოვაბამ ღუზად იმედის ხავსზე. რომ სახლში რითმის შემოდის ბნედა, მოდის და ისევ ტერფებთან ვაჯენ, და მიზის თავთან ღმერთივით დედა, მიზილავს ყინვით გათოშილ მაჯებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი