აი ჩემი თვალები ..


აი ჩემი თვალები,
რომლებიც შენ აღარ გელიან,
გადამწვარი ნათურებივით
ელიან მზის შუქს.
აი ჩემი თითები,
ჯერ არ დაწერილი ლექსები,
ვერ გრძნობენ შენს საფეთქლებს.
შენ არ გიგრძვნია,
წვიმის პირველი წვეთი,
არც თოვლის ფიფქებს გაუთბიათ
ხელის გულები.
თბილ ქვეყნებისკენ მიფრინავენ,
ჩემი ეზოს მერცხლები
და მათ ფრთების ხმას მივამსგავსე
შენი სუნთქვის ხმა.
აი ჩემი ხმა,
ლექსები რომლებიც არავინ იცის,
ვერ კითხულობენ მის სტრიქონებს.
როგორი მარტოსულები არიან.
ეს მთვარეც როგორ სხვანაირია,
მთვარე რომელიც
ზურგს არ გვაქცევს ადამიანებს.
ხუთი დღე დარჩა,
შემოდგომა დაეტყოთ ფოთლებს.
როგორ გვიყვარდა,
ვარსკვლავების თვალიერება,
როცა არ ჩანდნენ
ნაცრისფერი ღრუბლების იქით.
აი ჩემი ხელი,
გამოწვდილი ხმელი ტოტივით,
ელოდება შენს გულის - თქმას.
დღეს ცასაც რაღაც უცხო ფერი აქვს,
რაც შენ წახვედი.
ჩემი თვალები,
გადამწვარი ჩემი თვალები,
ვერ ირეკლავენ,
შენი მხრების ჰორიზონტს ისევ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი