მამლუქი
ისე უეცრად ამაღლიტეს დედის ძუძუდან, როგორც წიწილა- მიმინო რომ წაანიავებს... დამავაჟკაცა ცხელი მზის ქვეშ რბენა-ძუნძულმა, გამაავკაცა ჭრელი მტრების უცხო სიავემ. სულ სხვა ნიავებს მაძალებდა ზეცა აკვნიანს, სულ სხვა ქარებმა ამილესეს სისხლით ხანჯალი. მე განა გული,-მხოლოდ გულის სითბო მაკლია- ჩემი სამშობლოს მზეს რომ დარჩა დაუხარჯავი. ჰაუ, მაჯამით ან შაირით ვიღა გამზრდიდა, ვინ მიმღერებდა "იავნანას", მერე- "ჩაკრულოს"?.. უხედნ ულაყზე გამამწესეს ჭრელი ბაზრიდან, ვაი, გვამებით დამარხულო, სულო, ჩაკლულო. რად ვგულნაკლულობ, დიდება ხომ მახლდა ხმალივით, ხომ ვა-ცა-მტვრევდი ლუკმა-ლუკმა ციხე-ქალაქებს?! რამდენი ქვეყნის ცა ვატირე ცხარედ, ქალივით, რამდენი ქვეყნის შავი მიწა წითლად დავლაქე! თითქოს გამლახეს-ამიდუღდა მკერდში ლითონი, გრიგალსგასწრებულს დამეწია სიო ბავშვობის, მერე: "დიდება", "ოქრო", "ვერცხლი"- გახდა ლიტონი და საკუთარ თავს, სისხლ-ხორციანს, წუთით დავშორდი; მზეზე ვაშრობდი ობოლ დარდებს პირამიდებთან, ხან არეული ნაბიჯები სწვავდა ტრამალებს და უცებ მოხდა, უცებ... მკერდში ფეთქვა მინელდა და შიშნარევი შეძახილი მოსწყდათ ამალებს. ვეღარ დავმალე კაკალ გულში დარდი მოცლილი: -ეჰ, ჩემს მიწაზე, ჩემს კერასთან რარიგ კარგია! ჩვენ სამშობლოში ვკვდებით მუდამ ხმალამოწვდილი, უცხოეთში კი მუდამ ასე გვკლავს ნოსტალგია. დამიკარგია ბევრი ხმალი ოქროჭედური და ზარდახშები, ავსებული ზურმუხთ-ლალებით, მაგრამ საფლავში უფრო მტკივა მამულ-დედული და დედაჩემის ცხელი ცრემლით სავსე თვალები. არ გებრალები, მომავალო, უცხო მიწაში? უცხო სითეთრე ჩემი ძვლების ნუ შეგაშინებს, დედამიწაზე ქართველის კვალს, აბა, ვინ წაშლის,- საუკუნეთა წიაღიდან ამომაბრწყინე და დამავანე (სამუდამოდ!) ქართულ მიწაში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი