მთასწავალა ლექსი
უფრო და უფრო იშვიათად, ძნელად მიხსენებ, როგორც კალაპოტარეული მტკვარი მადათოვს. ბარისახოსთან წამომადგა თვალზე სისველე, ამაღამ ალბათ ხახაბოს და ხახმატს გადავთოვ. დავათოვ შენი პაპის პაპის ხავსიან საფლავს, ჟანგმიწანაჭამ საპირწონეს_ მარცხნივ სიათის. ჩემთვის ყველა დღე უშენო და ნავსია ახლა, და ყველა დილა_ უშენო და უხასიათო. შენ კი იები დააღვიძე დილით ჭისპირას და სამი შენი ციცქნა პეშვი წყალი მიართვი. მე ეს ცხოვრება შენით მწყურვალ სიკვდილს მიპირებს, და მეც_ დაღლილი ბედუინი_ დარდებს მივათრევ. სადმე დამიტანს ხვალ ეგ დარდი,_ გახდა მთისხელა, ვინმე ბერ-დედა დამიტირებს, ვინმე აღათო... შენ ახლაც ასე იშვიათად, ძნელად მიხსენებ, როგორც აპრილში ამღვრეული მტკვარი მადათოვს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი