ოშკი


ჩვენი კოჭლი ბერიკაცი მომენატრა, ძამულია.
ალბათ ყინვა უცახცახებს ჩამორღვეულ ბეჭებს.
ტაოს კარში, ეს ოხერი, თითქოს ჯაჭვით დაბმულია_
ქარი წივის, ქარი ყმუის, ქარი ძვალ-რბილს ღეჭავს.

ცაა უფრო ღრუბლიანი. მხოლოდ შუბლი უბრიალებს,
ისე, ცივად უპრიალებს... დეკემბრის მზე ჩადის.
ახლა რა დროს მუმლი არი? რა დროს ძმებთან შუღლი არი?!
წმინდა თვალებს (შუბლიანად!) აგვიფარეს ჩადრი.

გუმბათიდან განაპირა კრამიტს ფეხი დაცდენია,
რაც მანდ წვეთი ჩამოჟონავს, ყველა გულზე დამდის.
მიმწუხრისას ნაფრესკალი ეს კედლებიც ბაცდებიან_
აჰა, ჩემი ზაფხულიდან შენახული კადრი.

ჩამომტვრეულ ჩუქურთმასთან ბალახს ღერო მიხმობია.
ვინ ასწავლა მკურნალობა ბალახებით ტაძარს?..
აქ არც გზები მემხრობიან, აღარც მთები მემხრობიან,
ნეტავ ახლა, ნეტავ, ოშკის, ახლა ფერხთით დამსვა!

საკმევლისსუნმონატრებულ კედლებს ბზარი ემატება,
ეს ზამთარი ალბათ კიდევ ერთ ჩუქურთმას მოშლის.
ვის_ ათონი, სხვას_ პარიზი, ჩვენ კი ოშკი გვენატრება,
ჩვენი კოჭლი, ჩვენი თბილი, მოტეხილი ოშკი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი