რომ მკვდარი არ მერქვას


ღამისთვის მოთეთრო ტაეპებს ვათენებ,
სულს დიდი მოქცევა ეწყება დილიდან,
ეს მთვარის ბილიკი სულ მარტო გავთელე...
რა ვქნა, გადავვარდი თუ კვლავ ღვთის პირიდან?!

ოცნებებს ვერაფრით დავადე ბორკილი,
შვიდ ფსკერზე ამაოდ ვეძებე აკვანი,
დანგრეულ ბორცვიდან ბრმა კოშკი მომკივის.
მცხეთასთან კვლავ კერპებს უნდა ვცე თაყვანი,

რომ მერე პირველი ავიდე ზედაზენს,-
წიწამურს (გავლისას) სხვა სახელს შევურჩევ...
და მერე ვიფიქრებ ქვად ქცეულ დედაზე,
მერე თაფლს წავისვამ, რომ ნოინს ვეურჩო,

მერე შუბის წვერზე გავლეწავ თაველებს,
და მერე- ერთხელ ხომ მეც უნდა ვეწამო!
და მერე...
და მერე...
და მერე...
და მერე...
და...ყველა აფხაზთან ფიც-ვერცხლი შევჭამო!

წარსულის წუთებით ავივსებ კაპარჭებს,
ფრთიანი ისრებით მომავალს დავსეტყვავ,
რომ ასჯერ მოკლული ასჯერვე გადავრჩე,
რომ მკვდარი ვიყო და რომ მკვდარი არ მერქვას!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი