რომ შემეძლოს
ახლა მოვკვდებოდი... (ბევრჯერ დამიწუნეს წერა სიკვდილზე და, მაინც მეწერება) გულზე დავიწყობდი მინდვრის თაიგულებს, - ღიღილოების ან, მშვიდი ენძელების... მზერას გავატანდი წყაროს სამღარიანს, ღიმილს - მაისის ქარს, - ხეებს დაურიგოს. სადღაც ნიკორები მიწას ჩაბღავიან... დები იტირებენ ალბათ "ძამულიკოს". მერე დაიწყება წლები დავიწყების, ცელით დაატყობენ მიწას ნაბილიკარს... ძვლები გათეთრდება, - დედის საფიცრები, მხრებში მოიხრება ძველი ბაზილიკაც. მეხი დააფეთებს სადღაც მიკიოტებს. (ნატვრით როდის იყო, გზები მოკლდებოდნენ!) მე ახლა მზისკენ უნდა მივდიოდე, ჩემი კლდე-ბილიკით უნდა მივდიოდე, ხევებს და ქარიშხლებს უნდა მივკიოდე, თუმცა... რომ შემეძლოს, ახლა... მოვკვდებოდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი