ქირომანტი
დედის ფეხებთან მიწოლილს ჰგავს ეს ფთილა ღრუბელი_ პატარა ბატკანს. მოკლდება ჩემი სიცოცხლის ხაზი ყველა უშენო დღით, როგორც... რა ვთქვა... გიორგობისთვის დღეები, როგორც; როგორც სოფლის გზა, რომელშიც, იცი_ ვიღაც სულ გელის_ ფერებით ზომოს, რომ მაგ თმის სიგრძე და ხელებს მიწის სითბო და სუნიც ექნება მიწის. შენ კი ქალაქის ძველ ქუჩას შერჩი. ახლა ეს ლექსი ხმელ მკლავზე მიწევს და გული აღარ მეტევა მკერდში. და ზოგჯერ, როცა შენი გაბუტვა მაფორიაქებს (არადა, რისკი მიყვარს) და როცა ვდავობთ ამურთან, შენ თვალი გრჩება უჩემო გზისკენ; მე გული მრჩება მოხურულ კართან, რომლის იქითაც შენ დგახარ. უძლებ ცდუნებას_ უკან მობრუნდე. კალთა ვერც დედის გშველის, რადგანაც უძღებ შვილებად მხოლოდ დედები გვთვლიან, როდესაც მამებს საბანი თბილი ახურავთ (მიწის)... და ისეც გვიან გაჩენილ შვილებს რაც გვრჩება: "კბილი კბილის წილ!"_ გავცრათ ჩახლეჩილ ხორხებს და საუკუნეს_რუხი მგლის დამღით_ გავუყვეთ, სულაც მუხლებზე ხოხვით. რაც მთავარია, არ ვიგრძნოთ დაღლა: წვიმაში, ქარში, თოვაში, მზეში, ტრანსპორტში (ყვითელ), მიწის ქვეშ, სულაც. რომ არ დავკარგოთ ცხოვრების გეში, რომ დავიჭიროთ კბილებით სული როგორმე; სული_ ფაქიზი ერთობ. (დღესაც თუ რამეს "ფაქიზი" ეთქმის") რომ ისე ხშირად წამოგვცდეს: ღმერთო!_ მეორედ იშვას მიწაზე ღმერთი. და მე ერთ დილას დავიწყებ შენით. მშვენიერ დილას_ მინდა, ვთქვა ასე. და ჩემი სახლის ახდილი ჭერი იქნება შენი სიმშვიდით სავსე. მანამ კი ნედლი კუნძივით ვბოლავ, ამოვარდნილი გული კი მაზის_ მხარზე ჩიტივით... და მოდი, თორემ მოკლეა ჩემი სიცოცხლის ხაზი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი