ყინულის კარი


ჩვენ გავებუტეთ ერთმანეთს გუშინ,
მას მერე მიჭერ დუმილის არტახს.
ცას მოერია ფერები ლუში,
მიწამ ძაძების დაიწყო გახდა,
გათენდა, ანუ_ მარტივად რომ ვთქვათ.
მარტივად რომ ვთქვა, დამთენთა ისე
შენი სახელის მთელ ღამით ბოდვამ...
და უშენობის სუსხი და ნისლი
ამივსებს ფილტვებს. როცა მზე გავა
სამ შუბისტარზე, დამშუბავს ეჭვი,
რომ შენ გერქმევა ვიღაცის დამა...
და წყვილ ნაბზარში მარცხენა ბეჭის
გამივლის ქარი!_ სამგორულ ყინვებს
გადაატარებს გომბორის ფერდებს.
შესცივა გომბორს... მჭირდება ვინმე,
გვერდით მჭირდება, რომ ლექსებს ვწერდე!
რომ ღიმილებით ვხვდებოდე დილას,
რომ ვპასუხობდე წერილებს დედის,
რომ ჩემი მყუდრო და ვიწრო ბინა
და ფორიაქა და ფართო მკერდი
ვეღარ იტევდნენ ერთმანეთს. გარეთ
გამოვდიოდე. მათოვდეს მშვიდად.
და შენი გულის ყინულის კარებს
ჩამდნარი კლიტე_რომ ერთად გვინდა_
ამხელდეს სურვილს... ის "ვინმეც" შენ ხარ...
თუმც, ზოგჯერ სიტყვებს ფასი აქვთ ჩალის:
როცა ოცნების მხარმარცხნივ წევხარ,
როცა ჭრიალებს ყინულის კარიც...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი