ჩემი სიცოცხლის მერეც..


შენ შეგიძლია კაცში გამცვალო,
ოღონდ, ნუ გამცვლი სულით ჯაგლაგში!
შენ ამ პეშვიდან შესვი ცხრა წყარო
და მოიხიბლე ჩემთან თამაშით.

ჰო,მოიხიბლე სოფლელი ბიჭით
და თოვლისფერი ოცნება დაგრჩა...
ჩვენ თოვლის ცქერა ცალ-ცალკე გვიჭირს
და ამაოა შრომა და გარჯა-

უდარდელობა შევმატოთ თვალებს...
ღელის წისქვილზე სულ დარდი გიფქვი.
მოდი, ზაფხულში ვარსკვლავი თვალე,
მერე-ფოთოლი და მერე-ფიფქი;

მერე კი თვალებს გაახელს ლურჯად
"დედის ცრემლი" და გასკდება კვირტი.
ზამთარს სიკეთის პირი არ უჩანს
მე კი შეცივნულ კვირტებზე ვითვლი

ამაისებულ იმ მწვანე ფოთლებს,
შენ რომ უჩემოდ უნდა შესცინო,
მე გაზაფხულის პირზე რომ მოვკვდე,
მერე სულ მშვიდი ძილით მეძინოს...

შენ შეგიძლია, კაცში გამცვალო,
არაკაცში კი გამცვლი ნუროდეს!
ჩემი ცხოვრების ცივი ცხრა წყარო
ჩემი სიცოცხლის მერეც გწყუროდეს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი