ხვალიდან


ხვალიდან ხეში წყალი ჩადგება,
ხვალ ჩემი ფესვი შენს ცრემლებს იგრძნობს,
ხვალ შეგიძლია ჩემი დაწყება,
რომ გულში ღვარად ჩაღვრილი სითბო
ქარებს კი არა, შენ დაგაბრალო,-
ამ შემხმარ ტოტში პულსის ფეთქებაც...
მინდა შეიგრძნო, მთელი სამყარო
ჩემს თოთო კვირტში როგორ ეტევა.
ნუ გეშინია ჩემი თვალების.
ნუ... თაფლის ზღვაში ტალღებს რა უნდა?!
ეს ზურგი-ტყვიებდანახალები-
ცას სვეტად ედგა, როცა გამრუდდა.
ან იარები ხომ არ გაშინებს?
აქ მიხაკები ჰყვაოდა ერთ დროს;
შენ რომ ღიმილით გადამარჩინე
და აიკრიფე სულყველა... ღმერთო!
იმ წუთის შემდეგ შენთან ვალში ვარ.
შენ დაღლილი ხმით მპასუხობ: ალბათ...
ნუ დამასრულებ ასე მარტივად,
ასე უბრალოდ და ასე ყალბად.
მოდი, კერაზე ცეცხლი დამინთე,
მომხვიე შენი ცხელი მკლავები,
მერე გახსენი მორცხვი საკინძე
და მაგრძნობინე ზღვა უკვდავება!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი