თავგაბეზრებულს ..
თავგაბეზრებულს ნოემბრის წვიმით, უშენო სახლით, ულამფო ჭერით, თავგაბეზრებულს ყველაფერ იმით, რასაც გვაჩეჩებს სოფელი ჭრელი: უღონოდ ყულფში გაჩრილი კისრით, უმიწაწყალოდ დაყრილი ძმებით, უხ! უსახელოდ დაღვრილი სისხლით, თვითკმაყოფილი, სულელი მეფით, უწიგნურ ქუჩით, "მინისტრი-კლუჩით", ბრმა ფაცი-ფუცით_მიღმა ფარდების, მისიონერთა ბრაცით და ბრუცით, (ფურცლებზეც ისხამს ეკლებს ვარდები...) დამარცხებულის ტაშით და მარშით, (ჰექტრობით გვკბეჩენ შენახულს მისხლით.) იმაზე ფიქრით, რომ აღარ დავრჩით, ეს მზე კი არა, სისხლია, სისხლი! რომ, და ამ სისხლით ითბობენ ხელებს, და რომ ამ სისხლით თვრებიან დღემდე. რად უნდათ ღმერთი სამშობლოს მკვლელებს?! ეგ რეკლამისთვის ჭირდებათ, მენდე, რომ სანთლით ხელში ეკრანზე ჩანდნენ, რაც უფრო ხშირად_მით უფრო კარგი, ეგ მათთვის, თორემ მე ვარჩევ კადრებს, რა არის ნაღდი, რა არის ყალბი. თავგაბეზრებულს ყველაფერ ამით და ამის იქით რაც დარჩა, იმით, იმედად მრჩება კვლავ სახლი მამის, წიგნი, სანთელი, ხმაური წვიმის.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი