მორჩა


მორჩა! მივდივარ. ამ დილიდან შენ ვეღარ მნახავ.
მოგონებები ალაგ-ალაგ აწვიმს რუსთაველს...
თენდება. მთებში მზემ კბილივით ამოჭრა ახლა.
(გამთენიისას კორპუსები თვალებს ხუჭავენ.)
სანთლის კუბოთი მთაწმინდაზე ჩემს იმედს ვმარხავ
და ჭრიჭინები მოკრძალებით დიდ მარშს უკრავენ.

მთვარე_ავადმყოფი თანდათან ფითრდება,
მტკვარზე თოლიებმა ატეხეს წიოკი.
ჩემზე რა ხანია აღარ გეფიქრება,
ვერ გადავამწვანე ველები ხრიოკი;

ვერ მოვინადირე ათასთა სამიზნე
გული და ხომ ხედავ, ბედს ასე დავნებდი...
ეს ბეწვის ხიდი კი როდემდე გამიძლებს?
არადა, ბოლოშიც რომ ვეღარ გავედი?!

როდესმე ხომ უნდა მივიდე ფინიშთან,
რომ ხელის გულებით შეეხონ წამწამებს.
როდესმე უფსკრულთან ხომ უნდა მიმიშვან,
რომ ფრენა ვასწავლო ამ სხეულს, ნაწამებს;

რომ დაკბნენ ორბები დაღლილი თვალებით
და მარცხნივ გაღეღონ ყორნებმაც საკინძე,
ეს ლექსიც თუ მოვრჩი, აღარ მაქვს ვალები,_
უწინ რომ დაგპირდი, ის ლექსიც ავკინძე:

მორჩა! მივდივარ. ამ დილიდან შენ ვეღარ მნახავ.
მოგონებები ალაგ-ალაგ აწვიმს რუსთაველს...
თენდება. მთებში მზემ კბილივით ამოჭრა ახლა.
(გამთენიისას კორპუსები თვალებს ხუჭავენ.)
სანთლის კუბოთი მთაწმინდაზე ჩემს იმედს ვმარხავ
და ჭრიჭინები მოკრძალებით დიდ მარშს უკრავენ.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი