ვივლი ნიღბებით


გავხსნათ კარტები! (დასამალი ან ვისთან რა მაქვს?!)
ამრიგად გავხსნათ, მერე ისევ უბრად დავხუროთ.
მე ორგულობის უამრავი ნიღაბი დამაქვს
და შენზე მეტად მეშინია ამ გაზაფხულის:
არ ჩამომგლიჯოს ნაიარევ, მახინჯ სახიდან
ყველა ერთბაშად და არ დავრჩე სახეშეშლილი.
სული აშარდა, აირია, დახირდ-ახირდა
და მარტს მასავით არეული, ძალით ვეშვილე...
გარიჟრაჟამდე ვესაუბრე შენს ლანდს მოწყენილს,
მერე კი შენი წილი სითბო გავუნაწილე
მცივან ბეღურებს... აღარ მქვია შენზე მლოცველი,
აღარც ვატარებ შენი ლექსის წმინდა ნაწილებს_
შენივე მზერით ამოვიწვი გულის კოვზიდან...
შენ ხომ გინდოდა უხმაუროდ, ჩუმად გამეშვი?..
ვივლი ნიღბებით, ბროლის მთიდან ლოდებს მოვზიდავ.
ვიკალატოზებ უშენობის ხანგრძლივ ღამეში.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი