სიკვდილო
ვარ დანგრეული ციხის კარიბჭე, ვარ დასეტყვილი ყურძნის მტევანი... სისხლი გაწყალდა, წყალი დამიშრა, გული კი მაინც ფეთქავს, ვერანი. ან მოთმინების რაღა ძაფი გაქვს_ შენ გეკითხები, მიქელ-გაბრიელ,_ რაც მე "სიკვდილო!" დამიძახია, ეგ ცივი ხელი რით ვერ დამრიე?! რით ვერ მომძებნე?! რით ვერ მიპოვნე?! სად დააფეთებ თვალებს_უფსკრულებს? რად მაწერინებ ამ შხამ-სტრიქონებს?! კაცს ბოლო ნატვრას რად არ უსრულებ?! რომ გყავდე ახლა მარჯვედ კლანჭებში, სატრფოს ცრემლისთვის ერთ ცისკარს გთხოვდე, ვინ გაგიშვია, მე რომ გამიშვა? არ გამიშვებდი, ხომ ვიცი, ჰოდა: სანამ თვალებში ძალმიძს ჩაგხედო, სანამ დამამტვრევს საწუთრო მხრებში_ სანამ გეძახი, (თავო, თავხედო!) სანამ დაგეძებ, (თავო, თავხედო!) სანამდე გნატრობ, (თავო, თავხედო!) მოდი და ბოლო თასივით შემსვი!
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი