ჯალათი ყრუა


ფიქრებს, ქვევრივით ვიწროყელიანს,
ვხეხავ შიგნიდან და აზრებს ვაცლი:
კაცი კაცისთვის თუკი მგელია,
მგელი მგელისთვის იქნება კაცი?

ცას სისხლის კვალი ისევ ატყვია,
ისევ ქვიშაში გაგვიდგამს ფესვი
და წიწამურთან შემხმარ ნატყვიარს
ვიღაც ყოველდღე ჯიუტად ესვრის.

ბაქანზე ცლიან შიშის ვაგონებს
და შიში ახლა ქალაქში ცხოვრობს...
ქარის აწეწილ ნაწნავს მაგონებს,
ხელში ჩამწყდარი ეს თოკის ბოლოც.

ტკივილზე წერენ ისე, ყასიდად,
სიზიფე ათრევს მუყაოს "ლოდებს".
თვით "კაროლს" უთხრეს ყველამ "პასი" და
კვლავ საქართველოს "შეტენეს" ოდენ.

რა საერთო აქვს ამ ბოლო ორ სტროფს?!
თუმცა, რა ვუყოთ, აეწყო ისე...
ზოგჯერ, მორჩილიც "ნაგლობს" და "ოსტრობს",
თქვენი, და მონა,_გამომრჩა ისევ!

ან მე გამოვრჩი ცხოვრების საზრისს,
გაჩრილი წარსულს და აწმყოს შუა,
ოცდამეერთის მონათა ბაზრის
ურჩი მონა ვარ! ჯალათი ყრუა.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი