დაფარული
ვერავის ვუმხელ გულის ხვაშიადს, უკვე ფურცელსაც ვეღარ ვენდობი, არადა, ჩემი ძალა თქმაშია, ასავლელი მაქვს სიტყვის ფერდობი. სულ წვეთ-წვეთობით უნდა დავცალო ქართული სიტყვით სავსე ქვევრები. ჩემო მოხუცო_ ბევრზე გამწყრალო_ ენავ ქართულო, თავს ვერ გევლები... როგორ მეღვრები ყველა მარცვალო ლექსში_გაბზარულ სულის ყელიდან. ვშიშობ რომ სხვაში ვინმემ გაგცვალოს, რომ დაგვკარგვოდი, ვინ გვიშველიდა?! ვიღა დაწერდა "ვეფხისტყაოსანს", "გამზრდელს", ან "მერის" ასე ლამაზად? ვინ ამღერებდა დედას შაოსანს ასე ტკბილ-მწარედ "იავნანასა"! და ვიდრე ამ ძვლებს მგელი დახრავდეს, (მგელი თუ არა, მგლისფერი ძაღლი) სისხლს შევაგროვებ ჩემსას ახლავე, ბოლო წვეთამდე შენს ფესვთან დავღვრი, ვინძლო, ამ გვალვამ შენც არ გაგახმოს, (რად დამებედა ასეთი შიში?!) ენის მოძულე ღმერთმა დალახვროს, მე უნიჭობის ატანა მიჭირს! გამართულ ქართულს ვინ ჩივის, ძმებო, "გამარჯობაც" რომ არ ისმის ტკბილი... კი, მაგ უცხო ხილს კარგი აქვს გემო, შვილიშვილს თუ არ მოჰკვეთა კბილი... თუ დაიბადა პოეტი ხვალ-ზეგ, ფრანგულად დაწერს "...მოყმის ბალადას"? თუ ინგლისურად დაგვიწერს "გამზრდელს", ან "ნიკორწმინდას"_უნახავადა! არ შემირცხვინო, ღმერთო, მამული, (შენ მოგვიტევებ ცოდვებს მიწიერთ) დღეს რომ მაწუხებს, ეს სინანული, დიდ სიხარულად გადაგვიქციე!
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი