ცეცხლისპირული


დამცხრალი ფერებით გვეწვია ზამთარი_
თეთრი და მოშავო...
შენ ფრთხილად მითხარი: არა ხარ მართალი.
სხვამ_რაებს როშავო!
ხვალ ალბათ ჩემს გრძნობებს აპეურს გამოვხსნი,
გამოვალ ჩეროდან...
შენ მუდამ გჯეროდა იმ ჯვრიდან გარდმოხსნის,
შენ მუდამ გჯეროდა.
ვიცი, რომ მესვრიან სახალხოდ ტალახებს,
სახალხოდ მესვრიან.
შენ გახსოვს? ლაჩრებმაც ბავშვივით გამლახეს,_
არა ვარ მესია.
რა წვალებ წვალებით მივედი გორამდე_
არც ისე ფრიალო...
შენ გინდა ჩამქრალი კუნძივით ვბოლავდე_
ცეცხლს თვალებს თხრიანო!
არ ვიცი, გავუძლებ მობერვას ქარების?
ვიწვი და ვბანცალებ.
_შეჩერდი! არ მინდა დაგთხარონ თვალები!
_დამტოვე... მაცალე!
დამცხრალი ფერებით გვეწვია ზამთარი.
სადღაა ფერები?!
დამრჩება ხსოვნაში თვალები დამფრთხალი
და შენი ხელები...

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი